ვერელი ციხეში მოხვდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი (8 მატჩი ეროვნულ გუნდში 1998/2000 წლებში) ტონი ვერელი, მისი ძმა ჯოვანი და მათი კიდევ 2 ამფსონი პოლიციამ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავა.

საქმე ის არის, რომ ისინი ღამის კლუბის დაცვამ უგვანი საქციელისთვის გარეთ გააძევა. სამართალდამცავთა ცნობით, ეს კვირას ღამის 3 საათზე ქალაქ ნანსისთან ახლოს მოხდა. ამ დროისთვის ტონი და მისი მეგობრები ალკოჰოლისგან უკვე გონება დაბინდულები იყვნენ.

გადაწყვიტეს რა შურისძიება, ისინი შეიარაღდნენ ბეისბოლის კეტებით, პისტოლეტებით და უკან დაბრუნდნენ. აწ უკვე ბრალდებულებმა კლუბის შესასვლელთან მდგარ დაცვის წევრებს ჯოხებით შეუტიეს. ამ
უკანასკნელებმა "პირველი ტალღა" გაზის სპეციალური ბალონებით მოიგერიეს, რის შემდეგაც საქმეში უკვე ცეცხლსასროლი იარაღი "სმიტ ვესონის" 22 Jet Magnum-ები ჩაერთო. დაჭრილია სამი ადამიანი, სამივე დაცვის წევრი.

ერთს ტყვია ფეხში მოხვდა, მეორეს გამჭოლი ჭრილობა ხელში აქვს, მესამეს კი - მუცლის ღრუში. თუმცა ექიმების ინფორმაციით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე დროულად გამოცხადებულმა პოლიციამ ოთხოვე თავდამსხმელი ადგილზე დააკავა. პირველი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

38 წლის ტონი ვერელმა საფეხბურთო კარიერა 1991 წელს მშობლიურ ქალაქ ნანსიში დაიწყო. ის ორჯერ იყო საფრანგეთის ჩემპიონი, 1998 წელს "ლანსის", 2003-ში კი "ლიონის" შემადგენლობაში. 2009 წელს მან შეიძინა მესამე ლიგის "გენიონის" აქციები, სადაც თავადაც თამაშობდა, მაგრამ კლუბმა ფინანსური პრობლემების გამო არსებობა წელს აპრილში შეწყვიტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული