აუღებელი "შაბან დელმა"

AutoSharing Option
ერთი შეხედვით ვითომ არაფერ შუაშია, მაგრამ ტურის მიმოხილვაზე ლაპარაკი იმით უნდა დავიწყოთ, რომ შაბათს პარიზში მსოფლიოს 20 ყველაზე განვითარებული ქვეყნის ფინანსთა მინისტრი უნდა შეიკრიბოს, რათა გაჭიანურებულ მსოფლიო ფინანსურ კრიზისზე იმსჯელონ.

მსგავს თავყრილობებს, როგორც წესი, ანტიგლობალისტების საპროტესტო აქციები უძღვის ხოლმე წინ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლიგა 1-ის სთხოვა, ანგარიში გაეწია ამ მოვლენისთვის და შაბათს დაგეგმილი მატჩები მეორე დღისთვის გადაედო. პროფესიული ფეხბურთის ლიგამ გაითვალისწინა სამართალდამცავთა ინტერესი და “ლილი”-“ევიანის” გარდა ყველა მატჩი მეორე დღისთვის გადადო. მოკლედ, ცოტა უცნაური ტურია.

“ბორდოსა” და “პარი სენ-ჟერმენის”
მატჩის შემდეგ დედაქალაქურ გრანდს “მონპელიესთან” მინიმუმ 3-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნების ამბიცია აქვს და საამისოდ წლევანდელი სეზონის ერთ-ერთ იმედგაცრუება “ბორდოსთან” გასვლით შეხვედრაში გამარჯვება მართებს. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მის ამჟამინდელ უშუალო კონკურენტს არცთუ ყველაზე იოლი მატჩი ელის “სენტ ეტიენთან” და თანაც “ჟოფრუა გიშარზე”, შესაძლებელია ისეც მოხდეს, რომ ანტუან კომბუარეს გუნდმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდოს. ოღონდ აქ ერთი წინაპირობაა - “ბორდომ” წინა ტურში როგორც იქნა ის თამაში აჩვენა, რასაც მისგან სეზონის დაწყებიდან ელოდნენ.

ჟირონდელები შეიძლება ითქვას, საბრძოლოდ არიან განწყობილები და პსჟ-ს სამი ქულისთვის სერიოზულად მოუწევს ბრძოლა. დიახ, ჩემპიონატში ზედიზედ 6 მოგებული მატჩის მიუხედავად, სეზონის დასაწყისში ნაჩვენები ფეერიული მატჩების შემდეგ “ლურჯ-წითლებმა” სერიოზულად რომ მოუკლეს, ამას დიდი კამათი არ სჭირდება. თანაც “შაბან დელმა” დედაქალაქელებისთვის ტრადიციულად უხერხული არენა. 36 გასვლითი მატჩიდან მათ ანგარიშზე სულ 6 მოგებაა, აქედან მხოლოდ 1 უკანასკნელი 21 მატჩიდან. “ბორდომ” ბოლო 4 თამაში მოიგო, ბოლო პარიზელი სტუმარი, რომელმაც გოლის გატანა შეძლო პედრო პაულეტა იყო. ეს 2005 წელს მოხდა.

მოკლედ ისე გამოგვდის, რომ დედაქალაქელებს იმედი გადავუწურეთ, მაგრამ მხოლოდ სტატისტიკა რომ არაფერს წყვეტს, “პარი სენ-ჟერმენმა” “აიაჩოსაც” დაუმტკიცა, როცა სულ ცოტა ხნის წინ პირველად ისტორიაში გასვლითი მატჩი მოუგო. “ჩვენ კარგი ტემპი გვაქვს აკრეფილი და ძალიან გვინდა, მისი შენარჩუნება. ასევე გვსურს, რომ “პარკ დე პრენსი” აუღებელ ციხე სიმაგრედ ვაქციოთ და თავად ისედ გუნდად ჩამოვყალიბდეთ, რომლისაც მეტოქეებს შეეშინდებათ,” - განაცხადა გუნდის კაპიტანმა მამადუ სახომ.

თავის მხრივ “ბორდოს” ნამდვილად აქვს საფუძველი, რომ შიშით ელოდოს მრისხანე მეტოქეს. ფრანსის ჟიიოს გუნდი ჩემპიონატში ერთადერთია, ვისაც შინ ჩატარებულ მატჩებში ჯერ მოგება არ აქვს. 6 შეხვედრაში - 5 ფრე და წაგება. მასზე ნაკლები ქულა საკუთარ არენაზე მხოლოდ “აიაჩოს” აქვს აღებული. აი, “პარი სენ-ჟერმენი” კი გასვლაზე ყველაზე მრისხანედ გამოიყურება - 7-დან 6 მოგება.

ბორდოელები ბოლო ტურში გამარჯვების შემდეგ ცოტა უკეთეს განწყობაზე არიან-თქო, ზემოთ ვახსენეთ. მატჩის წინ ეს ფაქტორი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. “ვფიქრობ, გუნდი დამაკმაყოფილებლად თამაშობდა, რაც ჩვენი ბოლოდროინდელი გამოსვლების ფონზე ერთობ დამაიმედებელია, - განაცხადა ფრანსის ჟიიომ. - ვიცოდი, რომ თუ ამ შეხვედრას ვერ მოვიგებდით, შინ “პარი სენ-ჟერმენთან” გამკლავებაც გაგვიჭირდებოდა. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც გვევალებოდა. გუნდს სუსტი წერტილები პრაქტიკულად არ უჩვენებია. ეს საშუალებას მოგვცემს სეზონის დარჩენილ ნაწილში თავი უფრო დამაჯერებლად ვიგრძნოთ”.

ლიგა 1. XIII ტური
დღეს:
ლილი-ევიანი 24:00

ხვალ:
ოსერი-ტულუზი 20:00
კანი-დიჟონი 20:00
ლორიანი-აიაჩო 20:00
მარსელი-ნიცა 20:00
ნანსი-ბრესტი 20:00
რენი-ვალანსიენი 20:00
სტ. ეტიენი-მონპელიე 20:00
სოშო-ლიონი 20:00
ბორდო-პსჟ 24:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 12 9 2 1 25-10 29
2. მონპელიე 12 8 2 2 27-15 26
3. ლილი 12 6 5 1 21-12 23
4. ლიონი 12 7 2 3 20-13 23
5. ტულუზი 12 6 4 2 13-10 22
6. რენი 12 6 3 3 21-15 21
7. ლორიანი 12 4 5 3 13-12 17
8. სტ. ეტიენი 12 4 4 4 11-15 16
9. მარსელი 12 3 6 3 15-14 15
10. კანი 12 4 3 5 17-19 15
11. სოშო 12 3 5 4 18-24 14
12. ბრესტი 12 1 9 2 12-12 12
13. ოსერი 12 2 6 4 17-18 12
14. ევიანი 12 2 6 4 14-17 12
15. ბორდო 12 2 6 4 14-18 12
16. ნიცა 12 2 5 5 12-12 11
17. დიჟონი 12 3 2 7 13-25 11
18. ვალანსიენი 12 2 4 6 12-13 10
19. ნანსი 12 1 5 6 8-15 8
20. აიაჩო 12 1 4 7 10-24 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული