ლიდერთა დანაკარგები

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 1-ის 13-ე ტური ცოტა უცნაურად წარიმართა. ცხრილის ზედა საფეხურზე მოკალათებული გუნდებიდან თამაში ვერც ერთმა ვერ მოიგო - "ლილმა", "მონპელიემ" და "პარი სენ-ჟერმენმა" თავიანთი თამაშები ფრედ დაასრულეს, "ლიონმა" კი "სოშოსთან" დათმო, გუნდთან, რომელიც როდის როგორ ითამაშებს, ვერავინ იგებს. თავისი შეხვედრა მოიგო "მარსელმა", მაგრამ ჯერჯერობით ეს გუნდი ლიდერებს საგრძნობლად ჩამორჩება.

თამაშის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებში ერთადერთი რუდი გარსია იყო, ვინც თავისი გუნდის წარუმატებლობას მსაჯს აბრალებდა: "საკადრო პრობლემების გამო თამაშის დაწყებამდე შემადგენლობის არჩევისას შეზღუდული ვიყავი, ასეთ დროს კი წარმატებულად თამაში წარმოუდგენლად რთულია.

ამას გარდა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მსაჯობით უკმაყოფო ვარ. ბენუა მილო გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებდა, ჯერ გოლი გაგვიუქმა, შემდეგ კი სუფთა პენალტი არ დაგვინიშნა. ჩემი აზრით, ამ შეხვედრაში გამარჯვებას ალალად ვიმსახურებდით. ორი ქულა ალოგიკურად დავკარგეთ და ახლა მომდევნო ტურებში მოგვიწევს მისი აღმოფხვრა". თუმცა გარსიას ეს ამოცანა კიდევ უფრო რომ გაურთულდება, ალბათ, თავად ხვდება, რადგან "ევიანთან" სხვადასხვა სახის ტრავმები მიიღეს ორელიენ შეჯუმ, ჯო კოულმა და ლუდივიკ ობრანიაკმა.

ტურის მოვლენები
ტურის უმთავრესი სენსაცია სოშოში მოხდა, სადაც მასპინძლებმა "ლიონი" ბეჭებზე გააკრეს. რა იყო ამისი მიზეზი? ჟურნალისტებს ამ შეკითხვაზე ერთადერთი პასუხი აქვთ: რემი გარდის გუნდს პრობლემები დაუგროვდა. უპირველესად იმიტომ, რომ მათ პრაქტიკული შანსი უკვე დაკარგეს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზურისთვის საბრძოლველად, რაც ნამდვილად დიდი დარტყმა იქნება კლუბის პრესტიჟზე.

თუმცა თუკი ვინმე ელოდა ფანტასტიკურ ფორმაში მყოფი "რეალისგან" წლების განმავლობაში მისი გამამწარებელი "ლიონის" დანდობას, ნამდვილად გულუბრყვილო ყოფილა. ამას გარდა გუნდს ზურგში ლახვარი ჩასცა ტრავმებმა, ამიტომაც არის, რომ რემი გარდის გადაწყვეტილებით დუბლების რამდენიმე ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობის საერთო განაცხადში მოხვდა. "ლომებს" ტრავმირებული ჰყავდათ რამდენიმე ლიდერიც - ლისანდრო ლოპესი, მიშელ ბასტოსი და დეიან ლოვრენი. ამ უკანასკნელზე ჩვენ უკვე ვწერდით, რომ ხორვატიის ნაკრებს ის თურქეთთან ევრო 2012-ის პლეი ოფის მატჩებშიც დააკლდება.

ტურის მოვლენებში შეიძლება გავაერთიანოთ ისიც, რომ ლიგა 1-ის პირველი ტურის შემდეგ "პარი სენ-ჟერმენის" დომინანტობა
ჩემპიონატის სხვა გუნდებზე ეჭვს არ იწვევდა. ახლა კი აშკარაა, რომ ანტუან კომბუარეს გუნდმა მოუკლო, რაც აშკარად გამოჩნდა, როცა "დიჟონთან" სათასო დაპირისპირებაში (3:2) გამოვარდა, შემდეგ იყო "კანთან" ჩატარებული უსახური მატჩი (4:2), ბოლოს "სლოვანისთვის" მინიმალურად მოგებული შეხვედრა ევროპის ლიგაზე.

და აი, დადგა დღე, როცა მხოლოდ კევინ გამეიროს საგოლე ალღო და ხავიერ პასტორეს ფანტაზია საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. ჟირონდელებმა მთელ საფრანგეთს აჩვენეს, როგორ უნდა თამაში მილიონერებით დაკომპლექტებულ გუნდთან. ფრანსის ჟიიოს შეგირდები იმდენად კარგად იყვნენ ორგანიზებულები, რომ დედაქალაქელებს თამაშის მოგების რეალური შანსი არც ჰქონიათ.

წეღან ვთქვით, "მარსელი" ჯერჯერობით ლიდერებს საგრძნობლად ჩამორჩება-თქო, მაგრამ დიდიე დეშამის გუნდი რომ ნელ-ნელა შედის ფორმაში, ფაქტია. პროვანსელებმა ბოლო 11 შეხვედრაში ერთადერთი მატჩი წააგეს და ისიც ჩემპიონთა ლიგაში, ძველებურად ლაღად ათამაშებულ "არსენალთან".

შედეგად კი გუნდმა დატოვა აუტსაიდერთა რიგები და გულშემატკივრების გასახარად მე-8 ადგილამდე აღზევდა, თუმცა ჩამორჩენა ლიდერთან ჯერაც ძალიან დიდია - 12 ქულა. სწორად ეს უხარებს გულს ჟორდან აიუს, რომელმაც მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: "უკვე რამდენიმე თამაშია, რაც მე და ლოიკ რემი უკვე კარგად ვუგებთ ერთმანეთს, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფეხბურთელებს ისევ გვიხარია ერთად თამაში.

გამიმართლა, რომ 20 წლისას ისეთ ძლიერ ფეხბურთელთან მომეცა თაამშის საშუალება, როგორიც ლოიკია. კარგია, რომ ჩვენმა მონდომებამ შედეგი გამოიღო, ახლა ვალდებულნი ვართ სეზონის ბოლომდე ასეთ დონეზე ვითამაშოთ. გუნდი ვალდებული იყო, სეზონის დასაწყისში წარუმატებელ თამაშზე სწორედ ასეთი რეაქცია ჰქონოდა".

ფრანგმა ჟურნალისტებმა მე-13 ტურის შემდეგ აღნიშნეს, ერთადერთი, რაც ახლა ლიგაში გაირკვა, აუტსაიდერის სახელიაო. მართალაც... საკმარისია ადამიანმა ცხრილს თვალი გადაავლოს, რომ მიხვდეს, "აიაჩო" ლიგიდან გავარდნის უპირველესი კანდიდატია. არა, არ გვინდა იმის თქმა, რომ კორსიკელებს რაღაც ისეთი უშველებელი სჭირთ, როგორც შარშან "არლს", მაგრამ 13 შეხვედრაში 8 წაგება სხვა დასკვნის გამოტანის უფლებას უბრალოდ არ იძლევა.

ტურის სიმბოლური ნაკრები
ჟეფრი ჟურდენი (მონპელიე) - სებასტიან კორშია (სოშო), სედრიკ კამბონი (ევიანი), ალდო ანგულა (ევიანი), ბენუა ტრემულინასი (ბორდო), მატიე ბოდმერი (პსჟ), ვენსან ნოგეირა (სოშო), იან ჟუფრე (ლორიანი) - იან სანოგო (ოსერი), ლოიკ რემი (მარსელი), ჟირეს კემბო-ეკოკო (რენი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული