უბრალოდ წარმატებული

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს გალაქსის" ინგლისელი ვარსკვლავის დევიდ ბექჰემის "პარი სენ-ჟერმენში" შესაძლო გადასვლის შესახებ ვისაც არ დაეზარა კომენტარი ყველამ გააკეთა.

ბუნებრივია, "რიგითი მოკვდავების" მოსაზრებები ბექზს არც დააინტერესებდა, მაგრამ როცა გადაწყვეტილებას მიშელ პლატინი და ზინედინ ზიდანი გააკრიტიკებენ, კომენტარისგან თავის შეკავება უბრალოდ ძნელი ხდება. გეხსომებათ, რომ უეფას პრეზიდენტმა შესაძლო ტრანსფერს "კარგი მარკეტინგული სვლა" უწოდა. ვეტერანმა ფეხბურთელმა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებს გვიან უპასუხა. აი, რას აცხადებს ის: "ბევრი მიიჩნევს, რომ ბექჰემის პარიზში გადასვლა მხოლოდ ბრენდის ყიდვაა, მაგრამ ეს ასე არ არის. მე

უბრალოდ მინდა ვიყო წარმატებული
ფეხბურთელი, ეს ერთადერთი მოტივაციაა, რაც მამოძრავებს".

ამასობაში ბრიტანული წყაროები ალაპარაკდნენ, რომ ფრანგულმა კლუბმა ფეხბურთელისთვის შეთავაზებული კონტრაქტის პირობები გააუმჯობესა - ნაცვლად 4,5 მილიონისა, დევიდს პსჟ წელიწადში 5 მილიონს სთავაზობს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ბექჰემის კონტრაქტს ვადა "გალაქსისთან" ამ დღეებში გასდის.

დედაქალაქელთა ლიდერს, 22 წლის ხავიერ პასტორეს ფრანგულმა მასმედიამ ერთი დღე დააწია, ისეთი ეფექტური ვეღარ არის, როგორც სეზონის დასაწყისში იყოო. არგენტინელმა არასტაბილური ასპარეზობის მიზეზად გადაღლა დაასახელა: "ჩემს წინა კლუბებში ასეთი დატვირთვები არ მქონია, ყოველ მესამე დღეს ხომ არასოდეს მითამაშია. მართალია, კრიტიკას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ საერთოდ არ მაღელვებს-თქო, ვერც ამას ვიტყვი.

კრიტიკა ჩემთვის მისაღებია, რადგან როცა კარგად ვერ ვთამაშობ, ეს უნდა ითქვას კიდეც. როცა ყველაფერი კარგად გამომდის, პრესა არც ამას მივიწყებს. უახლოესი 10 დღის განმავლობაში არგენტინის ნაკრების განკარგულებაში ვიქნები და აქაურ პრობლემებს დროებით მაინც დავივიწყებ. პარიზში დისკომფორტს მიქმნის ისიც, რომ უკვე ორი თვეა სასტუმროში ვცხოვრობ, რამაც ძალიან დამღალა, თუმცა სასურველი საცხოვრებელი უკვე ვნახე, სადაც მალე გადავალ და დავისვენებ".

აქვე პსჟ-თან დაკავშირებულ კიდევ ერთ ინფორმაციას მოგაწვდით: ერთ-ერთმა ბრაზილიურმა ვებგვერდმა დაწერა, ფრანგებს "ბოტაფოგოდან" 24 წლის მარცხენა მცველის ბრუნო კორტესის გადაბირება სურთო. როგორც ირკვევა, რიოდეჟანეიროელებმა უკვე მიიღეს ოფიციალური წინადადება. აღსანიშნავია, რომ ბრუნოს ბრაზილიის ნაკრებში დებიუტი წელს სექტემბერში არგენტინის ნაკრებთან (2:0 პენტაკამპეონთა სასარგებლოდ) ჰქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული