"მონპელიე" "სენტ ეტიენის" წინააღმდეგ

AutoSharing Option
"მონპელიეს" ექსცენტრულმა პრეზიდენტმა ლუი ნიკოლენმა პრესაში "სენტ ეტიენის" ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ერთობ ხმამაღალი და შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა, პარალელურად კი თავისი გუნდის ფეხბურთელების შესახებ ილაპარაკა.

ნიკოლენის აღშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მეტოქემ პროფესიული ფეხბურთის ლიგაში იჩივლა, "მონპელიეს" მცველ ვიტორინო ილტონს ქვეყანაში ცხოვრების რეგისტრაცია წესების დარღვევით აქვსო, რის გამოც, საქმის გამოძიებამდე 34 წლის ბრაზილიელს თამაში აეკრძალა. მის ნაცვლად რენე ჟირარმა შემადგენლობაში საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი ბენჟამენ სტამბული გაამწესა.

გამოუცდელმა ფეხბურთელმა დაკისრებულ მოვალეობებს თავი ვერ გაართვა - გარი ბოკალისთან შეუთანხმებელი მოქმედების გამო მისმა გუნდმა
გოლი გაუშვა. შეხვედრა 1:1 დასრულდა. აი, რა თქვა ლუი ნიკოლენმა: "სენტ ეტიენი" პროფესიული კლუბი კი არა მასხარების თავშესაფარია. ილტონი თითქმის 10 წელია საფრანგეთში ცხოვრობს, რომელ არასწორ რეგისტრაციაზეა ლაპარაკი? ვიღაც იდიოტები აშკარად მიიჩნევენ, რომ იდიოტები ეს ჩვენ ვართ. მათ სწორად შეარჩიეს დღე, როცა უნდა ეჩივლათ. ნამდვილი ნაძირლები არიან. ეს კაიასოს სტილია ("სენტ ეტიენის" პრეზიდენტის მრჩეველი), ყველაფერს უნდა ელოდო რომეიესგანაც ("სენტ ეტიენის" პრეზიდენტი) და სწორედ ამიტომაც სარგებლობენ დამსახურებული ავტორიტეტით".

კოლეგის წინააღმდეგ სასტიკი ლაშქრობის შემდეგ მან საკუთარ ფეხბურთელებზე ილაპარაკა: "ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ ოლივიე ჟირუ, იუნეს ბელჰანდა, მაპუ იანგამბივა შევინარჩუნოთ.

პრობლემას გვიქმნის მხოლოდ ის, რომ ჟირუს კონტრაქტში კონკრეტული თანხაა მითითებული მის გამოსასყიდად. ახლა ამგვარი დათქმის ჩადება ხელშეკრულებაში მოდაში შემოვიდა. ბელჰანდასა და იანგამბივას მსგავსი პუნქტები არ უწერიათ. ვფიქრობ, იუნესი ჩვენთან აუცილებლად დარჩება, რაც შეეხება ოლივიეს, მის შესანარჩუნებლად რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ. მაპუს კი, თუ თავად ასე მოინდომებს, შემიძლია გზა დავულოცო. ის ჭკვიანი ბიჭია და თანაც იცის, რომ მისით "ლილი" იმდენად არის დაინტერესებული, რომ ლამის მთვარის ჩუქებაც კი დაჰპირდნენ. თუმცა ვფიქრობ, რომ ის უკეთეს კლუბს იმსახურებს. რაც შეეხება ბელჰანდას, მას შეუძლია 2 წელი კიდევ დარჩეს "მონპელიეში", რათა ჭეშმარიტად დიდ ვარსკვლავად ჩამოყალიბდეს.

აქვე მოგახსენებთ ერთ ინფორმაციას "სენტ ეტიენის" ბანაკიდან: "მწვანეების" ნახევარმცველმა ალეხანდრო ალონსომ მუხლის უმძიმესი ტრავმა "არლთან" 19 ივლისს ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში (3:1) მიიღო და მას მერე სარეაბილიტაციო კურსს გადის. ფეხბურთელს "ეკიპი" დაუკავშირდა და ჯანმრთელობის ამბები გამოჰკითხა. ალეხანდროს თქმით, ის ბურთით ვარჯიშს იანვარში შეუდგება, გუნდს კი ალბათ მარტამდე ვერ შეუერთდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული