პარიზელთა ამბიცია

AutoSharing Option
"პარიზიენის" მტკიცებით, კარლო ანჩელოტი ამ კვირაში პარიზში იმყოფებოდა და ოთხშაბათს "პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტ ნასერ ალ-ჰელაიფისა და კლუბის სპორტულ დირექტორ ლეონარდოს შეხვდა. სენიორ კარლომ პარიზში სულ ორი დღე გაატარა.

როგორც გამოცემა ამტკიცებს, მასპინძლებმა იტალიელ სპეციალისტს კლუბის განვითარების გეგმა დაწვრილებით გააცნეს და კონტრაქტის პირობებზეც დაელაპარაკნენ. თუკი შეთანხმება შედგა, კარლიტო "პარკ დე პრენსზე" მომდევნო სეზონიდან იმუშავებს. რაც შეეხება ანტუან კომბუარეს, მას მადლობასთან ერთად კონტრაქტით გათვალისწინებულ სამმილიონევროიან კომპენსაციას გადაუხდიან და გაათავისუფლებენ.

"პარიზიენისგან" განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ ინგლისური წყაროები. მათი მტკიცებით, ანჩელოტისა და პსჟ-ის ხელმძღვანელთა შეხვედრა
უშედეგოდ დამთავრდა. იტალიელი ამიერიდან ყურადღებას ისევ ინგილისურ ვარიანტებს მიაპყრობსო. მომდევნო სეზონიდან მას თურმე "ტოტენჰემი" სთავაზობს მთავარი მწვრთნელის პოსტს. რას ერჩის პრესა "მამლების" წარმატებულ დამრიგებელ ჰარი რედნაპს? არც არაფერს, მასმედია რედნაპს ევრო 2012-ის დასრულების შემდეგ ინგლისის ნაკრებში ფაბიო კაპელოს ყველაზე რეალურ მემკვიდრედ განიხილავს.

იანვრის სატრანსფერო ბაზარზე "პარი სენ-ჟერმენის" ხელმძღვანელობას დიდზე დიდი ამბიციები აქვს. თუმცა ყველაფერი რომ მათზე არ არის დამოკიდებული ამას აღიარებენ. დევიდ ბექჰემის შესახებ აგორებული ხმები ყველას მოგეხსენებათ. ინგლისელი სუპერვარსკვლავი ფრანგებთან კონტრაქტს ხელს მოაწერს თუ არა, მალე გაირკვევა. ამას გარდა "ლურჯ-წითლებს" ნახევარდაცვისა და შეტევის კიდევ უფრო გაძლიერება სურთ. ამ მიზნით მათ "ნაპოლიდან" 24 წლის მარეკ ჰამშიკის გადაბირება სურთ.

აქვე მოგახსენებთ, რომ იტალიური მედიის ცნობით, ჰამშიკის აგენტი ამ დღეებში ნეაპოლელებთან ახალ კონტრაქტზე იწყებს მოლაპარაკებებს, რაც ფრანგულ კლუბს მიზანს ბევრად გაურთულებს. ამას გარდა, გაზეთები ამტკიცებენ, პარიზელთა სამიზნეში მოხვდნენ ჰამშიკის თანაგუნდელი, 24 წლის ედინსონ კავანი და ამავე ასაკის მაროკოელი ცენტრალური მცველი, უდინეზელი მეჰდი ბენატიო.

დაბოლოს, 27 ნოემბერს დიდი ფრანგული დერბია. ერთმანეთს ლიგა 1-ის მე-15 ტურში "პარი სენ-ჟერმენი" და "მარსელი" შეხვდებიან. ამ გუნდების გულშემატკივართა დაპირისპირებას კლუბების მეტოქეობაზე არანაკლებ მდიდარი ისტორია აქვს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დღისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება ხოლმე. ამჯერად პროფესიული ფეხბურთის ლიგამ და პოლიციამ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტეს, პარიზელ ფანებს "ველოდრომზე" მოხვედრის უფლება არ დართონ. ანალოგიურად მოიქცევიან 8 აპრილის მატჩისთვის, "პარკ დე პრენსს" პროვანსელ გულშემატკივარს არ გააკარებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული