ჟინოლა ჩივის

AutoSharing Option
90-იანი წლების ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, "პარი სენ-ჟერმენის", "ნიუკასლისა" და "ტოტენჰემის" ყოფილი ვარსკვლავი დავიდ ჟინოლა შეურაცხყოფილია და სასამართლოში ჟერარ ულიეს წინააღმდეგ ჩივილს აპირებს.

საშუალო და უფროსი ასაკის გულშემატკივრებს ეხსომებათ, რომ პირველი კონფლიქტი ამ ადამიანებს შორის ბულგარეთის ნაკრებთან 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის ციკლის შეხვედრის შემდეგ მოხდა, როცა მატჩის ბოლო წუთებზე მან ერიკ კანტონას არაზუსტი პასი გადააწოდა, რომელიც სტუმრებმა ჩაჭრეს და კონტრშეტევაზე გამარჯვების გოლი გაიტანეს, რისი წყალობითაც ფრანგები მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ.

ამ მატჩის შემდეგ არც ჟინოლას და არც კანტონას
"სამფეროვანთა" მაისურა აღარ მოურგიათ. რა მოხდა ამ ამბიდან 17 წლის თავზე? ულიემ წიგნი გამოუშვა, რომელსაც "სამწვრთნელო საიდუმლოებები" უწოდა და მასში რატომღაც ჟინოლას გადასწვდა და ნაძირალა უწოდა. ამის შემდეგ დავიდმა და მისმა ადვოკატმა ვეტერანი სპეციალისტის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელის აძღვრა გადაწყვიტეს.

"ორი წლის წინ ულიემ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში საჯაროდ უკვე მიაყენა შეურაცხყოფა დავიდს. მაშინ ჩვენ მას დავუკავშირდით და უმორჩილესად ვთხოვეთ, რომ საყოველთაო ეთიკური ნორმებისთვის სხვა დროს აღარ გადაეხვია. წესით მისთვის ეს გაფრთხილება საკმარისი უნდა ყოფიილიყო, მაგრამ ჩანს, რომ მას ადამიანურად ლაპარაკი არ ესმის. ამჯერად ულიე ყველა ზღვარს გადაცდა.

თავის დროზე სწორედ მის მიერ აგორებული კამპანიის გამო ჟინოლას ინგლისში საცხოვრებლად გადასვლა მოუხდა, რადგან რეპორტიორები მასა და მის ოჯახს გასაქანს არ აძლევდნენ. დავიდის ვაჟს ის იყო ფეხბურთზე სიარული ჰქონდა დაწყებული, ის საყოველთაო დაცინვის ობიექტი შეიქმნა. ეტყობა, ულიესთვის ესეც არ კმაროდა".

თავად დავიდი წონასწორობას არ კარგავს და აცხადებს: "ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სიკვდილამდე აპირებენ ჩემთვის ბულგარეთთან შეხვედრაში დაშვებული შეცდომის წამოძახებას. ეს ყველაფერი კი ნამდვილად არ იქნებოდა, რომ არა ულიეს ღვარძლიანი ფრაზები ჩემ მიმართ. ახლა კი როცა ის მარტო მე კი არა ჩემთვის ძვირფას ადამიანებსაც გადასწვდა, ამის მოთმენას უკვე აღარ ვაპირებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული