ბლანის თავის ტკივილი

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი მიიჩნევს, რომ მის მეგობარ ზინედინ ზიდანს შეუძლია კარგი მწვრთნელი დადგეს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ზიდანს ეს საქმე მშვენივრად გამოუვა. მაგრამ მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ როცა ზიდანი ჰქვია, ის ყველა კლუბში ვერ იმუშავებს. საჭიროა, რომ გამოუცდელობის მიუხედავად ენდონ და გუნდი ჩააბარონ. როგორც ეს ჩემს შემთხვევაში იყო "ბორდოში," - განუცხადა ბლანმა "ეკიპს". შეგახსენებთ, რომ ამჟამად ზიზუ "რეალის" სპორტული დირექტორია, თუმცა ოქტომბრიდან მოყოლებული პარალელურად ლიმოჟში მოქმედ მწვრთნელთა აკადემიაში სწავლობს.

ლორან ბლანმა ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა კალათებში განაწილების შემდეგ
მცირე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ფრანგებთან ერთად ჯგუფში მოხვედრა არავის არ უნდა. "სამფეროვნები" მე-4 კალათაში მოხვდნენ (სანაკრებო კოეფიციენტების მიხედვით) და შეიძლება ისე მოხდეს, რომ ისინი ესპანეთთან (1-ლი კალათა), გერმანიასა (მე-2) და პორტუგალიასთან (მე-3) ერთად მოხვდნენ ჯგუფურ ეტაპზე.

კენჭისყრა 2 დეკემბერს კიევში გაიმართება. "ჩემს გუნდზე ერთადერთს ვიტყვი: ვალდებულნი ვართ, ტექნიკურად ცოტა უკეთესად ვითამაშოთ. რაც შეეხება განთესვას, რა თქმა უნდა არ ვიცი ვინ შეგვხვდება, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენთან ერთად მოხვედრა არავის გაუხარდება. მაგალითად გერმანელთა დელეგაციას ველაპარაკე, მათ გულწრფელად მითხრეს, რომ არ სურთ მოვლენათა ამგვარი განვითარება," - ამბობს ბლანი.

ფრანგებს უახლოესი თამაში 29 თებერვალს სწორედ გერმანელებთან აქვთ. შეხვედრას ბრემენი უმასპინძლებს. გამოცემა "ეკიპმა" გერმანია-ჰოლანდიის შეხვედრის (3:0) შემდეგ ნაკრების მთავარ მწვრთნელს ურჩია, ამ თამაშამდე თავის ტკივილი წამალი მოიმარაგე, რადგან მეტოქე არ დაგინდობსო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული