ბრაზილიელი იმ ფეხბურთელებს გადაწვდა, რომელთა შეძენა სწორედ აპენინელებს სურთ. იტალიური პრესა რა ხანია წერდა, "რომასა" და "მილანს" "სან პაულუდან" ახალგაზრდა მცველის ბრუნო უვინის შეძენა სურთო. ახლა მისი გადაბირება "ლურჯ-წითლებმაც" მოინდომეს. 20 წლის ცენტრალურ მცველს სამხრეთამერიკული კლუბი იმას მიყიდის, ვინც უფრო სარფიან წინადადებას შესთავაზებს. "ჯალოროსის" კი ამ მხრივ, რაკი "როსონერი" მეტისმეტად პასიურობს, "პარი სენ-ჟერმენთან" ჭიდაობა გაუჭირდება.
ლეონარდოს არაფრით არ სურს
თავად ფეხბურთელი მზადაა, თუნდაც ხვალ დაიწყოს მოლაპარაკებები "პარი სენ-ჟერმენთან", ოღონდ საამისოდ მას ამჟამინდელი დამქირავებლების ნებართვა სჭირდება. ადელი მაროკოელი კი გახლავთ, მაგრამ როგორც ფეხბურთელმა ფეხი სწორედ საფრანგეთში აიდგა და მშობლიურ გარემოში დაბრუნება რომ სურს, რა გასაკვირია? მით უფრო, რომ მას შემდეგ, რაც ფეხბურთელს ზაფხულზე პარიზული ტრანსფერი ჩაეშალა, ისეთი მონდომება აღარ ეტყობა, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელის ნილ უორნოკის უკმაყოფილების საფუძველი გახდა.
არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ "პარი სენ-ჟერმენს" თავისი სატრანსფერო მადაც ჰყოფნის, პრესამ კიდევ სხვა ფეხბურთელებით დაინტერესება რომ არ მიაწეროს. მაგალითად ამ დღეებში ინგლისურ ვებგვერდებზე დაიწერა, პარიზელებს "ევერტონიდან" 32 წლის ლუის საას შეძენა სურთო. ამ ინფორმაციამ ფეხბურთელამდეც მიაღწია. ვეტერანს მსგავს ჭორებზე მხოლოდ ეღიმება. "პსჟ-ში ჩემი შესაძლო გადასვლის ამბავი ნამდვილი ჭორია. ზოგიერთი ჟურნალისტი ალბათ მხოლოდ იმითია დაკავებული, რომ ზის და ტყუილებს იგონებს," - დაწერა ლუისმა თავის ტვიტერზე.
პარიზელებს ცენტრალური თავდამსხმელის შეძენა კი სურთ, მაგრამ ისინი მხოლოდ დიეგო მილიტოსადმი ინტერესს ადასტურებენ და არა ლუის საას ან სამუელ ეტოოს მიმართ. ხმები კამერუნელის შესახებ ძირითადად რუსულ პრესაში ვრცელდება. "სამუელ ეტოოს თუნდაც იჯარით გადმოყვანაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს არ მოხდება. მან ახალი კლუბი სულ რაღაც ორიოდე თვის წინ მონახა და "ანჟი" ჩვენთან მას თუნდაც იმის შიშით არ გამოუშვებს, რომ მან შეიძლება ჩვენთან ტრავმა მიიღოს. Kლუბი კი მასში წარმოუდგენლად დიდ თანხებს აბანდებს," - განაცხადა ლეონარდომ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"