სკანდალისტის დაბრუნება

AutoSharing Option
"ლილის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ განაცხადა, რომ მისთვის მეტისმეტი პატივია ფიფას მიერ წლის საუკეთესო ათ მწვრთნელში დასახელება.

შეგახსენებთ, რომ 47 წლის სპეციალისტმა ჩრდილოფრანგული კლუბი საფრანგეთის ჩემპიონი არსებობის ისტორიაში სულ რაღაც მესამედ გახადა, თანაც 57-წლიანი პაუზის შემდეგ. "ჩემთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო, - განუცხადა გარსიამ "პარიზიენს". - უსაშველოდ ამაყი ვარ, რომ ასეთი აღიარებული მწვრთნელების კამპანიაში მოვხვდი. ჩემი ეს მიღწევა უამრავი ადამიანის შრომის ნაყოფია. ამჟამად "ლილი" როგორც ორგანიზაცია, ნამდვილად ყველაზე გამართულია საფრანგეთში.

იმედი მაქვს, შევძლებთ და ევროპაშიც შევწვდებით გარკვეულ მიღწევებს. ვაცნობიერებ, რომ
ჩემს კარიერაში ოდესმე შეიძლება ყველაფერი თვალის დახამხამებაში შეიცვალოს, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ყველაფერი მშვიდად არის. კარიერის განვითარების შემდგომ ნაბიჯებზე ჯერ არ მიფიქრია. არ გამოვრიცხავ, ოდესმე ჩემი თავი სადმე უცხო ქვეყანაში გამოვცადო". რუდი გარსია "ლილში" 2008 წლიდან მუშაობს. როგორც ფეხბურთელი კი "ძაღლების" ღირსებას 1983/88 წლებში იცავდა.

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი რაიმონ დომენეკი სამწვრთნელო კარიერის განახლებას აპირებს. მისი თქმით, სულ ერთია, მას კლუბში დაუძახებენ, თუ ნაკრებში. 59 წლის სპეციალისტმა ამის შესახებ ფრანგულ ტელევიზიებთან ინტერვიუს დროს ილაპარაკა. "მე ყოველთვის მსურდა და ახლაც მინდა მწვრთნელად მუშაობა. ვფიქრობ, რომ კარგი გადაწყვეტილება მივიღე, როცა აქტიური კარიერის განახლება გადავწყვიტე. სიამოვნებით ვიმუშავებდი ვინმე ახალგაზრდა, პერსპექტიულ მწვრთნელთან ერთად," - განაცხადა დომენეკმა.

ახლა კი მარსელის "ოლიმპიკის" სატრანსფერო გეგმებზე ვილაპარაკოთ: დიდიე დეშამის გუნდს პორტუგალიური "აკადემიკიდან" ივუარელი მცველის, 19 წლის იბრაჰიმ სისოკოს შეძენა სურს. პროვანსელთა სკაუტები ფეხბურთელის თამაშს უკვე 4-5 თვეა, აკვირდებიან და მისი პროფესიული ზრდის ტემპებით კმაყოფილები არიან. სისოკოს ყიდვა დეშამს ნამდვილად არ გაუჭირდება, რადგან თინეიჯერ აფრიკელს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად ნახევარი მილიონი ევრო უწერია.

"მარსელს" ბუნდესლიგური კლუბებიდან პიერ-ანდრე ჟინიაკის იჯარის თაობაზე ორი წინადადება აქვს. გერმანული ვებგვერდების მტკიცებით 25 წლის თავდამსხმელით "კიოლნი" და "ვოლფსბურგი" არიან დაინტერესებულნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული