ამბობენ, ამ დროს საფრანგეთში მხოლოდ პოლიცია და საავადმყოფოები მუშაობენო. პროვანსელებისთვის ამ შეხვედრას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. დიდიე დეშამის გუნდმა წინა ორი მატჩი უსახელოდ დათმო (“მონპელიე” 1:0, “ოლიმპიაკოსი” 1:0) და ახლა ყველაზე პრინციპულ მეტოქესთანაც უქულოდ რომ დარჩეს, გამორიცხული არ არის, მასპინძელთა დამრიგებელი წარმოსახვით ეშაფოტზე აიყვანონ, თავი გააგდებინონ და განტევების ვაცად აქციონ.
არანაკლები ზეწოლის გაძლება
მწვრთნელების მსგავსად უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ არიან თავად ფეხბურთელებიც. აგერ, მაგალითად, ნერვებმა უმტყუნა და გუნდში დაწესებული სუბორდინაცია უხეშად დაარღვია პიერ-ანდრე ჟინიაკმა. მათ შორის ურთიერთობა უკვე 6 თვეა, მას შემდეგ გაფუჭდა, რაც 2011 წლის ივნისში მწვრთნელმა თვითნებურად გადაწყვიტა ფეხბურთელის “ნიუკასლში” გაყიდვა. პიერ-ანდრე მის მიმართ დამოკიდებულებით აღშფოთებული დარჩა და “კაჭკაჭებთან” კონტრაქტის გაფორმება სასტიკად იუარა. პროვანსელებს სხვა არაფერი დარჩენოდათ - ფეხბურთელი გუნდში დატოვეს.
დეშამმა ფეხბურთელს პირობა მისცა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ თავის გამოჩენის შანსს მისცემდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ის სიტყვის შესრულებას არც აპირებდა. მორიგი კონფლიქტი კი მხარეებს შორის იმის გამო მოხდა, რომ დეშამმა ის “ოლიმპიაკოსთან” არათუ ძირითადს, არამედ სულაც განაცხადს მიღმა დატოვა. ფეხბურთელმა თავის თავს ზედმეტის უფლება ამის შემდეგ მისცა, რის გამოც დეშამმა 25 წლის თავდამსხმელი დუბლებში გადაიყვანა. სავარაუდოა, რომ თუკი დიდიემ თანამდებობა შეინარჩუნა, ჟინიაკს გუნდიდან წასვლა მოუწევს.
“წინა ტურში ჩვენ მეტოქის კართან აგრესია გვაკლდა და შესაბამისად, “ნანსი აძლევდა თავის თავს უფლებას, უფრო მეტი ენერგია შეტევაში დაეხარჯა. ჩემი ფეხბურთელები ისეთ ტემპში მოძრაობდნენ, რომ 3-4 საათი რომ ეთამაშათ მაინც არ დაიღლებოდნენ. ამასთან მეტოქე საკმარისი ძალებით ახერხებდა თავის დაცვას. მათ ბევრი მომენტი არ ჰქონიათ, მაგრამ ფეხბურთი ხომ ესაა, შეგიძლია ძალა ერთ შეტევაში დახარჯო და შედეგი მიიღო. ყოჩაღ, “ნანსი! მთავარია, რომ ჩემმა გუნდმა იცის, რაც ხდება. სიტუაცია ხანდახან იცვლება ხოლმე. საშიში არაფერია,” - განაცხადა კომბუარემ.
პარიზელებს საკადრო პრობლემა შეექმნათ: ეჭვის ქვეშ დგას შეხვედრაში კოტდივუარელი სიაკა ტიენეს თამაში. 29 წლის განაპირა მცველმა წინა ტურში “ნანსისთან” შეცვლაზე სულ რაღაც 6 წუთი ითამაშა, მაგრამ მარჯვენა ფეხზე ბარძაყის ტრავმის მიღება მაინც მოასწრო. გადაწვეტილებას, მიეცემა თუ არა ტიენეს თამაშის უფლება, გუნდის მთავარი ექიმი მიიღებს.
პრინციპული მატჩისთვის მონდომებით ემზადება პსჟ-ის ლიდერი ხავიერ პასტორე. 22 წლის არგენტინელი მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს. “აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რათა ცხრილში პირველი ადგილი შევინარჩუნოთ. ძალიან მინდა ჯერ ჩემპიონატის მოგება და შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში თამაში. ამაზე ვოცნებობ იმ დღიდან, როცა კლუბთან კონტრაქტს ხელი მოვაწერე”.
ლიგა 1. XV ტური
დღეს:
ბორდო-კანი 22:00
ნანსი-დიჟონი 22:00
რენი-ევიანი 22:00
სტ. ეტიენი-აიაჩო 22:00
სოშო-მონპელიე 22:00
ტულუზი-ვალანსიენი 22:00
ლილი-ბრესტი 24:00
ხვალ:
ოსერი-ლიონი 20:00
ლორიანი-ნიცა 20:00
მარსელი-პარი სენ-ჟერმენი 24:00
თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 14 9 3 2 26-12 30
2. მონპელიე 14 9 3 2 29-16 30
3. ლილი 14 6 7 1 22-13 25
4. რენი 14 7 4 3 24-17 25
5. ლიონი 14 7 2 5 22-17 23
6. ტულუზი 14 6 5 3 13-12 23
7. ლორიანი 14 5 5 4 16-14 20
8. სტ. ეტიენი 14 5 5 4 14-16 20
9. კანი 14 5 4 5 22-21 19
10. მარსელი 14 4 6 4 17-15 18
11. სოშო 14 4 5 5 20-27 17
12. ევიანი 14 3 7 4 17-19 16
13. ბრესტი 14 2 9 3 15-14 15
14. ოსერი 14 3 6 5 20-20 15
15. ვალანსიენი 14 3 5 6 15-15 14
16. ნანსი 14 3 5 6 11-16 14
17. დიჟონი 14 4 2 8 15-28 14
18. ბორდო 14 2 7 5 15-21 13
19. ნიცა 14 2 5 7 12-16 11
20. აიაჩო 14 1 5 8 12-28 8
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"