ტიგანას გასართობად არ სცალია

AutoSharing Option
ტრანსფერები
ბოლო 7-8 თვეა, "პარი სენ-ჟერმენზე" ალბათ იმდენივე იწერება, რამდენიც ერთად აღებული დანარჩენ ფრანგულ ფეხბურთზე და ამის მიზეზი ამ კლუბის განუზომელი სატრანსფერი მადაა.

ჩვენი ფრანგი კოლეგების ცნობით, გუნდს "ნაპოლიდან" 25 წლის ურუგვაელი ედინსონ კავანის გადაბირება განუზრახავს და ამ მიზნით 75 მილიონი ევრო გაამზადაო. სამხრეთამერიკელით აქამდე ყველაზე მეტად დაინტერესებული "ჩელსი" იყო. დიდი ხანია ლაპარაკობენ, რომ პარიზელები იტალიიდან მარცხენა მცველს, 30 წლის ფედერიკო ბალცარეტისაც გადაიბირებენ. იტალიელი "პალერმოში" თამაშობს, კლუბში საიდანაც "ლურჯ-წითლებმა" პასტორე და სირიგუ გადაიბირეს.

ფრანგული გამოცემა Journal Do Dimanche -ი პორტუგალიური
"აკადემიკა კოიმბრას" პრესსამსახურის განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ კლუბი კატეგორიულ უარს აცხადებს "მარსელს" 20 წლის ივუარელი თავდამსხმელი იბრაჰიმ სისოკო იმ თანხად მიჰყიდოს, რამდენის გადახდასაც ისინი აპირებენ. ლაპარაკია სულ რაღაც ნახევარ მილიონ ევროზე.

ტრავმები
კვირას ლიგა 1-ის უმთავრეს დაპირისპირების 32-ე წუთზე "მარსელის" 24 წლის ცენტრფორვარდი ლოიკ რემი მამადუ სახოსთან საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ მიწაზე უხერხულად დაეშვა და ფეხის ტრავმა მიიღო. მის ნაცვლად მინდორზე ჟორდან აიუ შევიდა. ექიმებს ტრავმის სირთულე ჯერ არ დაუდგენიათ, თუმცა წინასწარი ვარაუდით სერიოზული არაფერია. და მაინც, ლაპარაკი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების კონკრეტულ ვადებზე ნაადრევია.

"ევიანის" 34 წლის კარის დარაჯმა ბერტრან ლაკემ "რენთან" შეხვედრის მე-60 წუთზე უგო მონტანოსთან შეჯახებისას ბარძაყის დიდი ძვალი გაიტეხა. მის ნაცვლად მოედანზე სტეფან ანდერსენი გამოვიდა. ექიმების წინასწარი ვარაუდით, ბედშავ ლაკეს მკურნალობა მინიმუმ 6 თვე მოუწევს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ის პატარა ბიჭი უკვე აღარ არის, აღნიშნულმა ტრავმამ შესაძლოა მის კარიერას სულაც წერტილი დაუსვას. კარიერის განმავლობაში მას "ნანსისა" და ბელგიური "შარლერუას" ღირსება დაუცავს.

გეგმები
ჟან ტიგანას შარშან "ბორდოში" სეზონი არ ჩაუმთავრებია. თანამდებობიდან ის თავისი ნებით აპრილის დასაწყისში გადადგა. ორიოდე კვირის წინ ღვაწლმოსილ სპეციალისტს "შანხაი შენხუამ" სარფიანი კონტრაქტი შესთავაზა. მოლაპარაკების ადგილზე გასამართად მუსიე ტიგანა აღნიშნულ ქალაქს ესტუმრა.

56 წლის ფრანგი აცხადებს რომ: "ჩინეთში გასართობად არ ჩამოვსულვარ. ამხელა გზაზე იმიტომ გამოვწიე, რომ კონტრაქტის გარდა პირობები ადგილზე შემესწავლა, ასევე დამეთვალიერებინა ქალაქი. ამ ყველაფრისთვის, პლუს, თანხმობის ან უარის სათქმელად სულ სამი დღე მაქვს. თუკი ჩინეთში ისე დავრუნდები, იმისთვის, რომ კონტრაქტის ხელი მოვაწერო და სამუშაოს შევუდგე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული