პროვანსელთა აფრიკული დანაკლისი

AutoSharing Option
მე-15 ტურში "პარი სენ-ჟერმენის" 3:0 განადგურების შემდეგ "მარსელის" პრეზიდენტი ვენსან ლაბრუნი კარგ ხასიათზეა, მაგრამ დრო და დრო ისევ უწევს არასასიამოვნო თემებზე ფიქრი.

ჟურნალისტებთან საუბრისას ის კლუბის ფინანსურ პრობლემებს გადასწვდა და აღნიშნა, რომ "მარსელს" ზამთრის სატრანსფერო პაუზისას ნამდვილად არ ექნება იმის რესურსი, რომ გუნდის ყველა სუსტი წერტილი მოაძლიეროსო. "აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩვენს ფინანსურ მდგომარეობას მეტად დელიკატური ჰქვია.

ზაფხულის შემდეგ კლუბს პრაქტიკულად არაფერი შემატებია. თუკი იანვრის პაუზამდე მოვახერხებთ და სამეულს მივუახლოვდებით, მაშინ სატრანსფერო ბაზარზე გავალთ და რამდენიმე კარგ ფეხბურთელს შევიძენთ. თუმცა
ვინც ხელთ მოგვხვდება ისეთებს არ შევიძენთ.

გაძლიერება პირველ რიგში იმიტომ გვინდა, რომ აფრიკის თასზე ჩვენგან რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი წავა. უკვე ვმუშაობთ, რომ მათი შეცვლა ახალგაზრდა ფეხბურთელებით შევძლოთ. რა გამოვა, ამის თქმა წინასწარ ძნელია," - განუცხადა "ეკიპს" ლაბრუნმა.

რაც შეეხება ფეხბურთელების გასხვისებას, კლუბს ერთადერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული. თუნდაც იჯარით, მაგრამ გუნდს აუცილებლად დატოვებს პიერ-ანდრე ჟინიაკი.

ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე გუნდიდან "სანდერლენდში" კარიერის გაგრძელებას ალბათ ძნელად თუ ვინმე მოისურვებს, მაგრამ ამის იმედი ნამდვილად აქვთ უშუალოდ ინგლისური კლუბის შეფებს. მათ "მარსელიდან" ლოიკ რემის გადაბირება სურთ, ვინც წელს მართლა ბრწყინვალედ გამოიყურება.

24 წლის თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ერთად 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი. მის ანგარიშზეა ასევე 4 საგოლე გადაცემა. "სანდერლენდს" თავდამსხმელის სანაცვლოდ 15--17 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

დაბოლოს ერთ საინტერესო ინფორმაციას გაგაცნობთ: მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, კლუბის ხელმძღვანელობა იმდენად აღფრთოვანებული დარჩა "პარი სენ-ჟერმენთან" მოპოვებული გამარჯვებით, რომ მატჩის მონაწილე ყველა ფეხბურთელს პრემიის სახით 5 ათასი ევრო გამოუწერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული