დიდი შერიგება

AutoSharing Option
გუშინ დილას “მარსელის” პრეზიდენტი ვენსან ლაბრუინი და მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი პირ-ანდრე ჟინიაკს შეხვდნენ. მათ ფეხბურთელსა და კლუბის ადმინისტრაციას შორის გართულებული ურთიერთობები განიხილეს, რის გამოც დეშამის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით თავდამსხმელი რამდენიმე დღით დუბლებში იყო გადაყვანილი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ პიერ-ანდრეს ისევ მიეცემა ძირითად გუნდთან ვარჯიშის უფლება. სამაგიეროდ მას მთელ გუნდს საკუთარი საქციელის გამო ბოდიში უნდა მოუხადოს. ლაბრუინის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა სურვილი, “მარსელის” მთელი შემადგენლობა ისევ ერთ მუშტად შეიკრას და დასახული მიზნებისთვის ბრძოლა განაგრძოს. დეშამმა კი დასძინა, რომ “პარი სენ-ჟერმენთან” გამარჯვებამ მას
ისევ ჩაუსახა იმედი, რომ მისი გუნდი ისევ მოახერხებს საჩემპიონო მარათონში ჩაბმას და ამ საქმეში მას ფეხბურთელის იმედი აქვს.

“ეკიპი” ორ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს “სენტ ეტიენთან” დაკავშირებით. პირველი უშუალოდ გუნდის შიგნით მომხდარ ცვლილებას ეხება, მეორე - “მწვანეებთან” დაკავშირებულ პერსპექტივას. კლუბმა 2013 წლამდე გაუხანგრძლივა კონტრაქტი სათადარიგო მეკარეს, 34 წლის ჟერემი ჟანოს. ჟერემის მთელი კარიერა “სენტ ეტიენში” აქვს გატარებული. კლუბში ის 1996 წლიდან ირიცხება და სულ ჩემპიონატის 328 მატჩი აქვს ჩატარებული.

ჟანო შარშანაც სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო, მაგრამ მას მერე, რაც გუნდმა “მონაკოდან” სტეფან რუფიე გადაიბირა, მან სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. გოლკიპერს მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის და თასის თამაშებში ჯერ ერთი წუთიც არ მისცემია თავის გამოჩენის შანსი. მიუხედავად ამისა, ის კარიერის დასრულებას სწორედ საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონთა რიგებში აპირებს.

“მონაკოს”, “ლიონის”, “მარსელისა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა სონი ანდერსონმა აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ (2006 წელს) მწვრთნელის პროფესიული ლიცენზია მოიპოვა. მისი სამწვრთნელო კარიერის პირველი ნაბიჯები წარუმატებელი აღმოჩნდა. 2011 წელს ის “ქსამაქსში” სამუშაოდ სკანდალისტმა ბულატ ჩაგაევმა მიიწვია და ორიოდე კვირაში გაათავისუფლა. “ეკიპთან” ინტერვიუში ანდერსონმა განაცხადა, რომ მას კარიერის განახლების მშვენიერი შანსი მიეცა - ბრაზილიელი სპეციალისტით ანგოლის ნაკრები და “სენტ ეტიენი” დაინტერესდნენ.

“მწვანეებს” ამჟამად კრისტოფ გალტიე უდგას სათავეში, მაგრამ პრეზიდენტი როლან რომეიე მისი მუშაობით უკმაყოფილოა. “აფრიკელებთან მოლაპარაკებას ახლაც ვაგრძელებ. ისინი გუნდის 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მომზადებას მთხოვენ. თანამშრომლობა შემომთავაზა “სენტ ეტიენმაც”, მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც “ლიონში” ვთამაშობდი (ამ ორ კლუბს ერთმანეთთან საშინელი ურთიერთობა აქვს. რედ), ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. პროფესიონალი ვარ და სადაც დამიძახებენ იქ ვიმუშავებ,” - აცხადებს ბრაზილიელი.

“ლილს” ლიგა 1-ის 2010/11 წლების გათამაშების საუკეთესო ბომბარდირის, 25 წლის მუსა სოვის შენარჩუნება სურს. ფეხბურთელს კონტრაქტი ჩრდილოელებთან 2013 წელს ეწურება. “ძაღლები” სენეგალელს ახალ 4-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობენ. ფეხბურთელი ხელმოწერას კარგა ხანს აჭიანურებდა, ახლა კი განაცხადა, მოლაპარაკება ჩიხში შევიდაო. როგორც ჩანს, მისი აგენტი პარალელურად ინგლისურ კლუბებთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რადგან მუსა თავად ამბობს, რომ პრემიერლიგაში თამაშზე ოცნებობს.

“კლუბზე ზეწოლის მოხდენას სულაც არ ვცდილობ. ტყუილია, თითქოს “ლილისგან” ძალიან დიდ ხელფასს ვითხოვ. პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და გარანტიას გაძლევთ, რომ ზამთარში არსად წასვლას არ დავაპირებ. აი, ზაფხულზე კი სხვა საკითხია...

ინგლისში თამაში ჩემი ოცნებაა. პრემიერლიგის მატჩებს გულდაწყვეტილი ვადევნებ ხოლმე თვალს და ვფიქრობ, აი, ადგილი, სადაც თამაში მინდა თქო. იქ მოხვედრა იმიტომაც მსურს, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს დასამტკიცებელი. ყველაზე მეტად იქაური ატმოსფერო მიყვარს. კონკრეტულად სად მინდა? “არსენალში”, რადგან დიდი კლუბია. ვნახოთ რა მოხდება. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია,” - განაცხადა სოვმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული