შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტი უკვე ერთი წელია უმუშევარია. შარშან დეკემბერში ის თანამდებობიდან "ინტერმა" დაითხოვა. ტელეკომპანიის მტკიცებით, კლუბის დირექტორთა საბჭოს სხდომა მატჩის დასრულებისთანავე დაიწყო და მოსალოდნელზე მეტხანს გაგრძელდა. როგორც ჩანს, შეკრების ბოლოს დირექტორები საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდნენ.
ინფორმაციას ყველაზე მეტად სარწმუნოს ის ხდის, რომ პსჟ-ის მესაკუთრეებიც ყატარელები არიან.
გუნდის მოქმედი მთავარი მწვრთნელი მატჩის შემდგომ კარგ ხასიათზე იყო. მუსიე ანტუანმა განაცხადა, რომ ჯერ არ გეგმავს ახალი სამსახურის მოძებნას: "დღეს გუნდმა ზუსტად ის ფეხბურთი აჩვენა, რასაც ჩემი ფეხბურთელებისგან ვითხოვ. ვამაყობ, რომ ისეთ დიდ გუნდს ვუდგავარ სათავეში, როგორიც ახლანდელი "პარი სენ-ჟერმენია". ეს დიდი პროექტია და მინდა, რომ მისი ნაწილი რაც შეიძლება დიდხანს ვიყო".
ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, რომელმა მოვლენამ მისცა კომბუარეს თავისი გუნდით სიამაყის საფუძველი. შეხვედრას ნეიტრალური თვალით თუ შევხედავდით, აშკარა იყო, რომ ეს იყო 11 მაღალი კლასის ფეხბურთელის არაორგანიზებული მოძრაობა მინდვრის მთელ პერიმეტრზე. გუნდის უმთავრესი ვარსკვლავები ხავიერ პასტორე და კევინ გამეირო ანსამბლიდან აბსოლუტურად ამოვარდნილები იყვნენ. ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა დაცვის ხაზის მოქმედებები. კონტაქტი შუა ხაზსა და თავდასხმას შორის გაწყვეტილი იყო.
შეხვედრა შეაფასა "ოსერის" თავკაცმა ლორან ფურნიემაც: "მატჩის შედეგთან შეგუება გაჭირდება, რადგან ჩვენ შევძელით ჩამორჩენის შემდეგ მატჩის შემობრუნება, მაგრამ მერე ისეთი შეცდომები დავუშვით, რომელსაც სკოლის მოსწავლეები თუ იზამდნენ. ჩემს შეგირდებს საკმაო ტექნიკური წუნიც ჰქონდათ. მეტოქეს ძალიან ბევრის უფლება მივეცით, რაც ჩვენთვის ცუდად დამთავრდა. აშკარაა, რომ ჩვენ არ ვდგავართ იმავე დონეზე, რაზეც "პარი სენ-ჟერმენი". შედეგის მისაღწევად დიდი ძალისხმევა მივმართეთ, მაგრამ ბევრად უფრო მკაცრად უნდა მივდგომოდით საქმეს და უფრო კონცენტრირებულები ვყოფილიყავით".
ამასობაში გამოჩნდა პირველი ფეხბურთელი, ვინც გუნდის ტაქტიკა საჯაროდ გააკრიტიკა. ეს არც მეტი, არც ნაკლები ხავიერ პასტორეა. 22 წლის არგენტინელი აცხადებს, რომ მწვრთნელმა ის ჩარჩოებში მოაქცია, რაც მის თამაშს დაღს ასვამს. "ლამის მთელი თამაში მოედნის მხოლოდ ერთ მონაკვეთში სირბილი მევალება. სხვაგან გადაადგილება კი აკრძალული მაქვს, რაც ძალიან მაკვირვებს.
შემიძლია ვთქვა, რომ მოედანზე თავისუფლება აღკვეთილი მაქვს. სადაც ვთამაშობ ბურთი მოედნის იმ მონაკვეთში ძალზე იშვიათად ხვდება.
შესაბამისად მიჭირს მეტოქის კართან რამე ხიფათის შექმნა. რახან "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი ვარ, ვალდებული ვარ, ამ გუნდთან ადაპტაცია ბოლომდე გავიარო, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ თანაგუნდელები ძალიან იშვიათად მამჩნევენ. საფრანგეთში ბურთს მიიღებენ თუ არა თავს ჩახრიან და გაიქცევიან, ჩემი დანახვა ამიტომაც უჭირთ," - განაცხადა პასტორემ "ოსერთან" მატჩის დასრულებისთანავე.
საინტერესო მატჩი გაიმართა ლიონშიც. სადაც ერთმანეთს ორი ამოუცნობი ხასიათის გუნდი შეხვდა. "ლიონი" თან არის კრიზისში, თან - არა. ეს გუნდი ხან ბრწყინვალედ თამაშობს, ხანაც საშინლად ირჯება. "ტულუზის" შესახებ კი რისი თქმა შეიძლება? გუნდს გოლებიც გატანაც უჭირს და მაინცდამაინც არც გაშვება უყვარს.
ამიტომაა, რომ ალან კაზანოვას გუნდის თამაშის ყურება ერთობ მოსაწყენი რამაა. თუმცა "სტად დე ჟერლანზე" გამართულ შეხვედრაზე იმის თქმა, რომ სანახავი არაფერი იყოო, არ შეიძლება. ბოლოს და ბოლოს მეტოქეებმა ერთმანეთს 5 გოლი გაუტანეს. მატჩი შეაფასეს გუნდების თავკაცებმა.
რემი გარდი: "ეს იყო ძალიან დაძაბული თამაში. ჩვენ შეხვედრის სასურველი სცენარით წარმართვის საქმეში ბევრ პრობლემას გადავაწყდით. განსაკუთრებით ეს ბოლო 20 წუთზე ითქმის, როცა მეტოქეს მეტისმეტი თავისუფლება მივეცით. თუმცა კარგია, რომ სამი გოლი გავუტანეთ ლიგა 1-ში ერთ-ერთ საუკეთესო დაცვას. სასურველი მესამე ადგილისგან უკვე სამი ქულაღა გვაშორებს".
ალან კაზანოვა: "მატჩის შემდეგ ბევრი საფიქრალი გაგვიჩნდა. საფინალო სასტვენამდე ვცდილობდით ქულის გადარჩენას, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ეს იყო თამაში, როცა მეტოქემ იცოდა, როგორ უნდა შეენარჩუნებინა შედეგი. სამწუხაროა, რომ საკუთარ თავს ამდენი ჯარიმის აღების უფლება მივეცით. მომეწონა ის, რომ გასახდელში ბიჭები გაბრაზებულები დაბრუნდნენ. საჭირო იყო ცოტა უფრო მეტი ზეწოლა მეტოქეზე, თუმცა როცა "ლიონთან" სამ გოლს უშვებ, ბევრი რამის იმედი უკვე აღარ უნდა გქონდეს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"