აღარც ბენიტესი

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად გაირკვა, რომ "პარი სენ-ჟერმენი" ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს, ფრანგული პრესა "პარკ დე პრენსზე" მუშაობას ხან ვის უწინასწარმეტყველებს, ხან ვის.

მორიგი წყარო, რომელიც რაფაელ ბენიტესის პარიზულ კლუბში შესაძლო დანიშვნას კატეგორიულად უარყოფს, მისი აგენტი მანოლო გარსია კილონია. ის არათუ მსგავ პერსპექტივას, მხარეთა შორის მოლაპარაკების ფაქტსაც კი უარყოფს. "ორშაბათს ბატონი ბენიტესი ოჯახან ერთად ლივერპულში იყო. მან საღამო ხანს რესტორანში ივახშმა, ასე რომ, "პარი სენ-ჟერმენთან" მოლაპარაკებების საწარმოებლად არ ეცალა. მეტიც, ბოლო დროს რაფა პარიზში საერთოდ არ ყოფილა," - აცხადებს აგენტი.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს ტელეკომპანია "ალ ჯაზირამ" "ლურჯ-წითლების" სათავეში რაფა ბენიტესის შესაძლო დანიშვნაზე გაავრცელა ინფორმაცია. ყატარელთა მტკიცებით, 51 წლის სპეციალისტი ფრანგულ გრანდს იანვრიდან ჩაიბარებდა.

"პარი სენ-ჟერმენის" ყოფილი კაპიტანი, კლუბის ლეგენდა პედრო პაულეტა იმ იშვიათ ადამიანთა შორის შედის, ვისაც ჰყოფნის გამბედაობა, რომ გუნდის ამჟამინდელი თავკაცი ანტუან კომბუარე საჯაროდ დაიცვას. სეუ პედრო დედაქალაქურ კლუბში 2003/08 წლებში თამაშობდა.

ამჟამად ის სწორედ საკლუბო სტრუქტურებშია დასაქმებული. პაულეტას მიაჩნია, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელს უსამართლოდ ექცევა და რომ ის იმსახურებს შანსს, განაგრძოს მუშაობა ყველაზე ამბიციურ ფრანგულ კლუბთან. "მიმდინარე სეზონში გუნდის ასპარეზობას განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდები, - განუცხადა მან "პარიზიენს". - ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში მთავარი მწვრთნელის შეცვლა შეცდომა იქნება.

კომბუარე მშვენივრად მუშაობს. მას შეუძლია კლუბი წარმატებების გზებზე დააყენოს. მას ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ ნდობა და მცირეოდენი დრო სჭირდება. მე ისიც მესმის, რომ წელს ჩვენ "ლილის", "ლიონისა" და "მონპელიეს" სახით სერიოზული კონკურენტები გვყავს. თითოეულ მათგანს შეუძლია ლიგა 1-ის ოქროს მედლების მოგება".

ფრანგული პრესა ცოტა ხნის წინ წერდა, "პარი სენ-ჟერმენმა" "პალერმოსთან" შეთანხმებას მიაღწია და იანვარში სიცილიური კლუბიდან მარცხენა მცველ ფედერიკო ბალცარეტის გადაიბირებსო. მხარეთა შორის მოლაპარაკებები რომ წარმოებდა, ეს არავის უარუყვია, მთავარი იყო, როდის მიეცემოდა საფრანგეთის დედაქალაქში წასვლის უფლება იტალიის ნაკრების ფეხბურთელს. გუშინ ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა "პალერმოს" ვიცე-პრეზიდენტმა გილერმე მიჩიჩემ.

აი, რა თქვა მან: "შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ბალცარეტი "პალერმოში" მინიმუმ სეზონის ბოლომდე დარჩება. ეს უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილია". "პარი სენ-ჟერმენის" გარდა 31 წლის ფეხბურთელით (დაბადების დღე სიცილიელს სწორედ გუშინ ჰქონდა) ინგლისური პრემიერლიგის კლუბებიც იყვნენ დაინტერესებულები, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ფედერიკოს მეუღლე, ბალერინა ელეონორა აბანიატო მშობიარობის შემდეგ სამუშაოდ დაბრუნებას პარიზში აპირებს, ფეხბურთელს ყველაზე მეტად სწორედ ფრანგული ვარიანტი აძლევს ხელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული