დედაქალაქიდან დედაქალაქში

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავები, ამჟამად კლუბის სპორტული დირექტორი ალენ როში და ერთ-ერთი მთავარი სკაუტი კლოდ მაკელელე სამშაბათს, 6 დეკემბერს ლონდონში გაფრინდნენ, რათა "სტემფორდ ბრიჯზე" ჩემპიონთა ლიგაში "ჩელსის" მატჩს დასწრებოდნენ "ვალენსიის" წინააღმდეგ.

მათ კონკრეტული მიზანიც ჰქონდათ დასახული: მატჩის შემდეგ სალომონ კალუს წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდნენ. ნიჭიერი ივუარელი შემტევი "ჩელსიში" მისი ამჟამინდელი ყოფით უკმაყოფილოა. ანდრე ვილაშ-ბოაში მას პრაქტიკულად არ ათამაშებს. 14 ტურში 26 წლის ფეხბურთელი მინდორზე სულ სამჯერ გამოჩნდა, აქედან ძირითადში ორჯერ.

სალომონის ანგარიშზე ერთი გოლია. "პარიზიენის" მტკიცებით, "არისტოკრატთა" ხელმძღვანელობა
ტრანსფერის წინააღმდეგ არ წავა, რადგან ივნისის ბოლოს ის თავისუფალი აგენტი გახდება და კლუბს უფასოდ დატოვებს. "ლურჯ-წითლებს" ერთი რამის გათვალისწინება მართებთ. კალუ იანვარში აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად გაბონში გაემგზავრება. აღნიშნული ტურნირი 21 იანვარს იწყება. ფინალი კი 12 თებერვალსაა დაგეგმილი.

"კანალ პლუსის" ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენს" "უდინეზედან" მაროკოელი ცენტრალური მცველის, 24 წლის მეჰდი ბენატიას გადაბირება აქვს განზრახული. პარიზელები მზად არიან, 12 მილიონი ევრო გადაიხადონ. ფეხბურთელი აცხადებს, რომ მისი აგენტი უკვე იმყოფებოდა პარიზში და კლუბის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი უკვე გამართა.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი საფრანგეთის ქალაქ ევრიშია დაბადებული და პროფესიული კარიერაც ამ ქვეყანაში დაიწყო. 2005-დან 2008 წლამდე ის "მარსელში" ირიცხებოდა, თუმცა არ უთამაშია. შემდგომ ის "ტურსა" და "ლორიანში" ასპარეზობდა. 2 წელი მეჰდიმ "კლერმონში" გაატარა. იტალიის ჩემპიონატში ბენატიამ 12 მატჩი ჩაატარა, თანაც ყველა ძირითადში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული