"პარი სენ-ჟერმენი": ამბიციათა უსასრულობა

AutoSharing Option
“პარი სენ-ჟერმენის” ამბიციებს დასასრული არ უჩანს. კლუბი ძალიან ბევრ ფეხბურთელს ეპოტინება. ამჯერად “ლურჯ-წითლები” “მილანსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის ჩადგნენ და ლამის გაჩარხული საქმის ხორცშესხმა საეჭვოდ აქციეს.

ის იყო, “როსონერიმ” და ტევესმა პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს, რომ სად იყო და სად არა, გამოხტა პსჟ და “სიტის” “მილანის” მიერ შეპირებულ 20 მილიონზე 5 მილიონი წაუმატა და ფეხბურთელის მისთვის მიყიდვა სთხოვა. ფრანგულ ვებგვერდებზე დაიწერა, თუ გაჭირდა პარიზელები დამატებით კიდევ 5 მილიონს გაიმეტებენ და “სიტის” საქმეს საფიქრალად გაუხდიანო. ერთია, რას ფიქრობს კლუბი, მაგრამ მეორეა
თავად ტევესის პოზიცია, რომელსაც “მილანში” თამაში სწყურია. რამდენს იზარალებს ტრანსფერში არგენტინელისთვის აგრე რიგად საძულველი “სიტი”, მისთვის სულ ერთია.

ტევესის გარდა “პარკ დე პრენსის” მკვიდრთ კიდევ ერთი არგენტინელის გადაბირება სურთ - “ბენფიკა” 23 წლის მარცხენა ნახევარმცველ ნიკოლას გაიტანს 10,5-11,5 მილიონად აფასებს. “ფუტბოლპრესის” ცნობით, ლეონარდო რამდენიმე დღეში ლისაბონს გაეშურება, რათა “არწივებთან” მოლაპარაკება წამოიწყოს.

პარიზულ კლუბში მთლად “ჯანმრთელი” სიტუაცია რომ არ არის, გულშემატკივარს ალბათ მოეხსენება. მთავარი მწვრთნელის ანტუან კომბუარეს ირგვლივ ისეთი ვნებები დუღს და გადმოდუღს, კაცი მტერს რომ არ უსურვებს. დირექტორატის გარდა მოწინააღმდეგეები მან გუნდშიც გაიჩინა. მაგალითად ხავიერ პასტორე. ის, რომ ფორმაში არ იყო, არგენტინელმა ხან რას დააბრალა, ხან რას, ჯერ თქვა, სათამაშო გრაფიკმა გადამღალაო, მერე გუნდის მთავარი მწვრთნელი მოედანზე თავისუფლებას მიზღუდავსო და ბოლოს ისიც კი თქვა, თავისუფალ პოზიციაში მყოფს თანაგუნდელები არ მამჩნევენო.

“ხავიერისთვის ამ წუთას საკმაოდ რთული დროა. ის ერთდროულად ცდილობს ახალ საფეხბურთო კულტურასთან და ახალ ლიგასთან შეგუებას. ჩვენ, მისი თანაგუნდელები, ვალდებულნი ვართ მას ყველანაირად გვერდში დავუდგეთ, რათა ძველებიურად ეფექტურად შეძლოს ბურთაობა, ზუსტად ისე, როგორც სეზონის დასაწყისში აკეთებდა. სანერვიულო არაფერია, რადგან ვიცით, რომ შეუძლია ძველ ფორმას დაუბრუნდეს”, - განაცხადა “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა ჟერემი მენეზმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული