“ჩემპიონთა ლიგის მატჩებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. იმისთვის, რომ ჩაწყობილ მატჩებს ვებრძოლოთ, დავნერგეთ სისტემა, რომელიც საბუკმეკერო კანტორებში ასეთ შემთხვევებს ავლენს.
ტოტალიზატორები რეგულარულად გვაწვდიან ინფორმაციას, ფიქსირდება თუ არა ამა თუ იმ თამაშზე უჩვეულო აქტივობა. ამისთვის დაახლოებით 400 წყარო გვყავს. ლაპარაკია წელიწადში დაახლოებით 29 ათასი მატჩის შედეგის კონტროლზე.
აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთში მოქმედმა ორგანო “არიელმა”, რომელიც ფსონების დადებას აკონტროლებს, თავის მხრივ გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება უკვე გააკეთა. ატეხილ ხმაურზე ბუნებრივია, რეაქცია ჰქონდა “დინამოს” ხელმძღვანელობასაც, რომელმაც თამაშის გაყიდვის ვერსია კატეგორიულად უარყო.
“მასმედიის მთელმა რიგმა საშუალებებმა დაწერეს, რომ “ლიონთან” ჩვენს შეხვედრას არასპორტული ხასიათი ჰქონდა, რაც ჩვენს აღშფოთებას იწვევს. გამოდის, რომ ჩვენი მეტოქის წარმატება არათუ დაუფასებელი, არამედ ეჭვქვეშაც კი დგება. ეჭვს კი თურმე ის იწვევს, რომ “ლიონმა” ზუსტად იმდენი გოლი გაიტანა, რამდენიც სჭირდებოდა - 7 და შემდეგ რაუნდში გავიდა.
“დინამო” არასოდეს დათანხმდება 1:7-ს არც ჩემპიონთა ლიგაში და არც რომელიმე სხვა ტურნირში. ეს უბრალოდ იყო სამარცხვინო მარცხი, საიდანაც ჩვენ სათანადო გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ. ვგმობთ პრესის რეაქციას ამ შეხვედრაზე, რადგან “დინამომ” მატჩი რიცხობრივ მცირესობაში ჩაატარა ძალით მასზე აღმატებულ და საოცრად მოტივირებულ გუნდთან. მასმედიას ვთხოვთ, შეწყვიტოს უსაგნო სპეკულაციები,” - ვკითხულობთ “დინამოს” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"