ყველაფერს ვერა, მაგრამ ფულით თითქმის ყველაფერს იყიდი

AutoSharing Option
ჩვენი გაზეთი "მანჩესტერ სიტიდან" "მილანში" კარლოს ტევესის შესაძლო ტრანსფერზე ხშირად წერდა. ზოგს ის გადაწყვეტილიც კი ეგონა, მაგრამ... როგორც იტყვიან, ისე არ წვიმს, როგორც ქუხსო.

საქმეში "პარი სენ-ჟერმენის" ჩარევამ თითქმის მოგვარებული ამბავი ეჭვქვეშ დააყენა. გუშინ ფრანგულმა პრესამ დაწერა, პარიზულმა კლუბმა "მილანის" 20 მილიონიან წინადადებას 7 დაუმატა და "ქალაქელებთან" შეთანხმებას მიაღწიაო. თუკი ეს ამბავი დადასტურდა, გასაკვირი არაფერი იქნება, რადგან ინგლისური გრანდის მესაკუთრე, შეიხი მანსური "პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერის, შეიხ ალ თანის ალალი ბიძაშვილია. როგორც ჩვენი ფრანგი კოლეგები წერენ, "ლურჯ-წითლებს" ახლა მხოლოდ
არგენტინელის თანხმობის მიღებაღა აკლიათ.

ამ ამბებამდე რამდენიმე დღით ადრე, "პარიზიენი" ლეონარდოს დაუკავშირდა და ტევესის შესახებ ჰკითხა. ბრაზილიელმა ფუნქციონერმა განაცხადა, მის შესაძენად არაფერი ჯერ გაგვიკეთებია, რადგან ვიცით, რომ კარლოსს "მილანში" თამაში სურს, მაგრამ მაინც ვნახოთო. როგორც ჩანს, კლუბის მესაკუთრეებმა მაინც გადაწყვიტეს იტალიელებს კრიჭაში ჩადგომოდნენ და ბედი ეცადათ. როგორ განვითარდება მოვლენები, ამის შესახებ "ლელო" აუცილებლად გაცნობებთ.

"პარიზიენი" პსჟ-ის კიდევ ერთ შესაძლო ხმაურიან ტრანსფერზე წერს: კულუარებიდან გამოსული ინფორმაციით, დევიდ ბექჰემის პარიზული ტრანსფერი 99%-ით უკვე გადაწყვეტილია. წყარო ამტკიცებს, რომ ინგლისელ ვეტერანთან შესათანხმებელი მხოლოდ დეტალებიღა დარჩა. ფრანგული გრანდის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს 1,5 წლიან ხელშეკრულებაში 12 მილიონი ევრო შესთავაზა. აქვე გეტყვით, რომ ბექზის კონტრაქტი "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" უკვე ამოიწურა და ის თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

თქვენი ნებართვით მეგავარსკვლავებიდან "რიგით პარისენჟერმენელებს" დავუბრუნდებით და მათზე მოგითხრობთ. ანტუან კომბუარეს გუნდს კლემან შანტომის იმედი იანვრამდე ვერ ექნება. ფეხბურთელმა ბარძაყის ტრავმა ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს მიიღო და მას შემდეგ მინდორს არ გაკარებია.

ამ დღეებში ნახევარმცველს ექიმებმა განუცხადეს, რომ გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლებას მხოლოდ იანვარში მისცემენ. ამრიგად, კლემანი მეგობრებს დოჰას შეკრებაზე შეუერთდება, რომელიც იანვრის პირველ ნახევარშია დანიშნული. იანვარს აღარ დაელოდება და ძირითად გუნდს ამ დღეებშივე შეუერთდება დიდი ხნის წინ ტრავმირებული გიიომ ოარო. მან მხრის ტრავმა 13 აგვისტოს, "რენთან" მე-2 ტურის შეხვედრაში მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული