საუკეთესო ფრანგი

AutoSharing Option
"ფრანს ფუტბოლმა" მადრიდის "რეალის" 23 წლის (24-ისა 19 დეკემბერს ხდება) თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა საფრანგეთის 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

მიმდინარე სეზონში ის სამეფო კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელად იქცა. ნაკრებში კი ნამდვილი ლიდერივით თამაშობს.

"სამფეროვანთა" შემადგენლობაში ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლის 7 მატჩში მის ანგარიშზე 3 გოლი იყო, რითაც დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ლორან ბლანის გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი არავის დაუთმო.

რაც შეეხება საკლუბო წარმატებებს, პრიმერა დივიზიონის 13 შეხვედრაში მის ანგარიშზე 8 ბურთია. მართალია, მისი გოლი "სუპერკლასიკოში" "რეალს" ვერაფერში წაადგა, მაგრამ
მაინც აღსანიშნავია, რომ "ბარსას" კარში მის მიერ 22-ე წამზე გატანილი ბურთი სარეკორდო აღმოჩნდა ესპანური გრანდების დაპირისპირებათა ისტორიაში.

გარდა ფეხბურთელისა, "ფრანს ფუტბოლმა" 2011 წლის საუკეთესო მწვრთნელიც დაასახელა. მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაში "ლილიეს" წარუმატებლობისა, აღნიშნული ტიტული არავის დაუთმო "ძაღლების" დამრიგებელმა რუდი გარსიამ.

ახლა ორიოდე სიტყვით ფრანგულ სატრანსფერო ბაზარს შევეხოთ: როგორც ფრანგული სპორტული ვებგვერდები წერენ, "სოშოდან" მალელი მოდიბო მაიგას წასვლა უკვე გადაწყვეტილია. მეტიც, ისინი ამტკიცებენ, რომ ფეხბურთელი ამ დღეებში ნიუკასლში იმყოფებოდა, რათა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ "კაჭკაჭებთან" კონტრაქტი გაეფორმებინა. ფეხბურთელით ზაფხულზე "სანდერლენდი" იყო დაინტერესებული, თუმცა "შავმა კატებმა" სათანადო სახსრები ვერ გამონახეს და ფეხბურთელი საფრანგეთში დარჩა.

ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ "ნიუკასლს" ფეხბურთელის გადაბირება 7 მილიონი გირვანქა (8,3 მილიონი ევრო) დაუჯდება. მთავარია, აფრიკელი მუხლმა არ დააღალატოს, რომელიც მას ხანდახან სტკივა ხოლმე. ბუნებრივია, თავდამსხმელი ჯორდებში ოფიციალურად იანვრიდან გამოჩნდება. იქამდე კი ის "სოშოს" "ბორდოსთან" (18 დეკემბერი) და "აიაჩოსთან" (21 დეკემბერი) მატჩებში დაეხმარება.

"არსენალის" მაროკოკოელი თავდამსხმელის მარუან შამახის აგენტმა კიდევ ერთხელ (ვინ იცის მერამდენად) უარყო ხმები, თითქოს მისი კლიენტი სათამაშოდ საფრანგეთში დაბრუნებას აპირებდეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ერთ-ერთ ფრანგულ გაზეთთან ინტერვიუში ფეხბურთელმა აღნიშნა, არ ვიქნები წინააღმდეგი, თუკი ოდესმე კარიერას ისევ "ბორდოში" განვაგრძობო.

ფეხბურთელის წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მარუანს "მეთოფეთა" დატოვება უკვე ძალიან უნდა, მოლაპარაკება საფრანგეთის რომელიმე კლუბში მის გადასვლაზე არ მიდის. "მისი უახლოესი გეგმები ასეთია: წარმატებით გამოვიდეს აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშებაში და "არსენალთან" ერთად მაქსიმალურ შედეგებს მიაღწიოს ყველა ფრონტზე. ამის შემდეგ კი დავსხდებით და მოვიფიქრებთ, თუ რა გზას დავადგეთ. შემოთავაზებები მრავლად გვაქვს, მაგრამ საფრანგეთში დაბრუნება ამ ეტაპზე ნაკლებად მოსალოდნელია," - განუცხადა აგენტმა გამოცემა Sud-Ouest-ს.

"ნიცასა" და დავიდ ტრეზეგეს შორის მოლაპარაკებები ზაფხულზეც მიმდინარეობდა. აგვისტოში კლუბის ახლადარჩეული პრეზიდენტი ჟან-პიერ რივე ამაოდ ცდილობდა 33 წლის ვარსკვლავის მოხიბვლას. დავიდმა კარიერის "ბანიიასში" გაგრძელება არჩია, თუმცა ტრავმის გამო საამიროების კლუბთან კონტრაქტი მალე გაწყვიტა და ახლა უკლუბოდაა. რივე გამოჯანმრთელებულ ტრეზეგეს ხელშეკრულებას ხელახლა სთავაზობს. "ნიცას" მით უფრო სჭირდება გამოცდილი მეგოლის დამატება, რომ ლიგა 1-ის აუტსაიდერს "ნანსის" შემდეგ ყველაზე სუსტი თავდასხმა ჰყავს ელიტურ გუნდებს შორის - 17 ტურში გუნდს სულ 15 ბურთი აქვს ანგარიშზე, 3-ით მეტი, ვიდრე ლიგის ბომბარდირ ოლივიე ჟირუს.

სულ უფრო ცხადი ხდება, რომ დღე-დღეზე "მონაკოს" გაჭირვებულ ყოფას ბოლო მოეღება. "ფრანს ფუტბოლის" მტკიცებით, მეორე ლიგის კლუბში რუსი მილიარდერის დმიტრი რიბოლოვლევის მისვლა დროის საკითხია. ამ ინფორმაციას არც თავად ბიზნესმენის პრესსამსახურში უარყოფენ. ორშაბათს მონაკოს პრინცი ალბერი და რიბოლოვლევი ერთამენთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ.

მხარეებმა კლუბის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. ამჟამად "მონაკოში" უმძიმესი ფინანსური პრობლემები მძვინვარებს. დიდი ტრადიციების კლუბში ისეთ ლეგენდებს უთამაშიათ, როგორებიც იყვნენ მანუელ ამორო, ფაბიენ ბარტეზი, იური ჯორკაეფი, ტიერი ანრი, დავიდ ტრეზეგე, ემანუელ პეტი, ლილიან ტურამი და სხვები.

ახლა კი ის პრაქტიკულად გაკოტრების ზღვარზეა. სწორედ გაუსტუმრებელი გადასახადები გახდა იმის მიზეზი, რომ კლუბის ხელმძღვანელობა საფრანგეთის ფინანსურ პოლიციაშია დაბარებული. ბიზნესმენი მზადაა ამ შეხვედრას თავადაც დაესწროს და აუწყოს კანონის დამცველებს, რომ ის ამ თანხებს უახლოეს ხანებში დაფარავს. პირველ ეტაპზე რიბოლოვლევი "მონაკოსთვის" 200 მილიონის დახარჯვას აპირებს.

ფრანგული ფეხბურთის მიმოხილვას დღეს კლოდ პიუელის "ლიონთან" დავის შესახებ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით დავასრულებთ. "ლომების" 50 წლის ყოფილი თავკაცი კლუბისგან კონტრაქტის ბოლომდე გათვალისწინებული ხელფასის სრულად ანაზღაურებასა და "საქმიანი რეპუტაციის" შელახვის გამო სოლიდურ კომპენსაციას 4.9 მილიონ ევროს ითხოვდა. ორშაბათს პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განსახილველადაც კი არ მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული