პრეტენდენტის გამოცდა

AutoSharing Option
ხვალ პარიზის “პარკ დე პრენსზე” ლიგა 1-ის მოქმედი ჩემპიონი “ლილი” “პარი სენ-ჟერმენს” შეერკინება. მიუხედავად გაჭიანურებული კრიზისისა, დედაქალაქური კლუბი მიმდინარე სეზონში ჯერაც მიიჩნევა ჩემპიონობის უმთავრეს ფავორიტად. სწორედ ამიტომაა, რომ რუდი გარსიას გუნდის ვიზიტს მთელი საფრანგეთი განსაკუთრებული მოლოდინით ელის.

გუნდებს ერთი საერთო აქვთ. ისინი თითქმის პარალელურ რეჟიმში გამოვარდნენ ევროთასებიდან და ახლა შეუძლიათ პრაქტიკულად მთელი ძალები ჩემპიონატს მოახმარონ. პსჟ საფრანგეთის ლიგის თასიდანაც გამოვარდა. აღნიშნულ ტურნირში “ლილი” 1/4-ფინალშია გასული, სადაც სავარაუდოდ 10 იანვარს “ლიონს” შეხვდება. ფრანგული ფეხბურთის ორივე გრანდი აგრძელებს გამოსვლას საფრანგეთის თასზე. 7
და 8 იანვარს (თარიღი ჯერ დადგენილი არ არის) მათ 1/32-ფინალური პაექრობები ელით, შესაბამისად “სენ კოლომბანთან” და “შანტილ უ ლე პორტესთან”.

“პარი სენ-ჟერმენი” საფრანგეთის ჩემპიონი ბოლოს 1994 წელს იყო. გამდიდრებული, ამბიციამომატებული, თუმცა ამასთან ცოტა მაინც არეულ-დარეული კლუბის გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ მათი 18 წლიანი ლოდინი სწორედ წელს დასრულდება. მით უფრო, რომ წინა ტურში გამარჯვებამ დედაქალაქელები ისევ დაუბრუნა ცხრილის მწვერვალს. მეორე ადგილზე ისინი მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობის გამო არიან.

“გუნდში შექმნილ პრობლემებზე ფეხბურთელებმა “ოსერთან” მატჩამდე (მე-16 ტური, 3:2 პსჟ-ის სასარგებლოდ) ვილაპარაკეთ, - განაცხადა გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა კევინ გამეირომ, თავდამსხმელმა, ვინც მე-17 ტურში “სოშოსთან” 548 წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა. – ხანდახან უნდა შევძლოთ ყველაფრის მოსმენა და ატანა. შეიძლება ის არცთუ სასიამოვნო იყოს, მაგრამ მაინც. ეს გუნდს წინსვლაში ხელს უწყობს. მას შემდეგ, რაც ყველაფერზე ვილაპარაკეთ, წინ უკვე დიდი ნაბიჯები გადავდგით”.

დედაქალაქელებს იმედიანად ისიც განაწყობთ, რომ ისინი საშინაო არენაზე, როგორც წესი, ძალიან ძლიერად თამაშობენ. ანტუან კომბუარეს გუნდმა “პარკ დე პრენსზე” 9-დან 7 თამაში მოიგო, 2 კი დათმო. შინ უკეთესად მხოლოდ “მონპელიე” ასპარეზობს. დედაქალაქელებისგან განსხვავებით მათ 21 ქულა 8 საშინაო შეხვვედრაში აქვთ აღებული. საშინაო კედლების ფაქტორს ის ანეიტრალებს, რომ თავის მხრივ 20 გუნდში “ძაღლები” ყველაზე ძლიერები არიან გასვლით მატჩებში – 8-დან 4 მოგება, 4 ფრე.

“ლილს” პარიზში 1996 წლის შემდეგ არ მოუგია. ეს სერია უკვე 12 მატჩს მოიცავს. თავის მხრივ ხვალინდელ სტუმრებს მეტოქესთან ყველა ტურნირზე გამართული ბოლო ოთხი მატჩიდან არც ერთი არ დაუთმიათ. ერთ-ერთი ასეთი წაუგებელი მატჩი შარშან შედგა, როცა “ლილმა” სწორედ “პარკ დე პრენსზე” 2:2-ის შემდეგ გაიფორმა ჩემპიონის ტიტული.

“მართალია ჩემპიონთა ლიგიდან გამოვვარდით, მაგრამ ახლა კონცენტრაცია სხვა ტურნირებზე უნდა მივმართოთ. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩემპიონატშიც და თასზე რაც შეიძლება შორს წავიდეთ. გვინდა, რომ “პარკ დე პრენსზე” ქულათა მაქსიმუმი ავიღოთ. დიახ, ბატონებო, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ დედაქალაქში ჩავიდეთ და მოვიგოთ. თუ ასე მოხდა, საჩემპიონო მარათონში ბევრი რამე შეიცვლება,” – განაცხადა რუდი გარსიამ.

ლიგა 1. XVIII ტური
დღეს:
ბრესტი-ოსერი 22:00
კანი-ნანსი 22:00
დიჟონი-სტ ეტიენი 22:00
მარსელი-ლორიანი 22:00
მონპელიე-ტულუზი 22:00
ნიცა-ვალანსიენი 22:00
ლიონი-ევიანი 24:00

ხვალ:
აიაჩო-რენი 20:00
ბორდო-სოშო 20:00
პარი სენ-ჟერმენი-ლილი 24:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. მონპელიე 17 11 3 3 36-18 36
2. პარი სენ-ჟერმენი 17 11 3 3 30-17 36
3. ლილი 17 9 7 1 29-15 34
4. ლიონი 17 10 2 5 29-19 32
5. რენი 17 8 5 4 28-22 29
6. ტულუზი 17 8 5 4 19-16 29
7. სტ. ეტიენი 17 7 6 4 21-19 27
8. მარსელი 17 6 7 4 22-16 25
9. ლორიანი 17 6 5 6 17-19 23
10. ბორდო 17 4 8 5 19-21 20
11. ევიანი 17 4 7 6 22-25 19
12. კანი 17 5 4 8 23-27 19
13. ოსერი 17 4 6 7 24-27 18
14. სოშო 17 4 6 7 21-31 18
15. დიჟონი 17 5 3 9 17-31 18
16. ბრესტი 17 2 11 4 18-19 17
17. ვალანსიენი 17 4 5 8 17-19 17
18. ნანსი 17 3 6 8 14-22 15
19. ნიცა 17 3 5 9 15-19 14
20. აიაჩო 17 1 6 10 17-36 9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული