მოპარული გამარჯვება

AutoSharing Option
როცა ერთმანეთის მოქმედი ჩემპიონი და გათამაშების ფავორიტი ხვდებიან ხოლმე, გულშემატკივარი, როგორც წესი, გოლებს ელის.

მე-18 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მაყურებელმა გოლი ვერ ნახა, მაგრამ იხილა ყველაფერი, რაც ფეხბურთს მიმზიდველ სანახაობად აქცევს - დაძაბულობა, ნერვების თამაში, გაფუჭებული მომენტები, მეკარის თავგანწირული ნახტომები და ასე შემდეგ. ამ მატჩმა განსაკუთრებული ინტერესი ჯერ კიდევ წინა დღეებში მიიქცია და რატომ, ამაზე ტურის წინა მიმოხილვაში ვწერდით.

თამაში უფრო აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს და 2-3 მწვავე შეტევის განხორციელება დებიუტშივე მოახერხეს. განსაკუთრებით აქტიური იყო მასპინძელთა ფლანგები, სადაც ნენე და მენეზი თამაშობდნენ.
თუმცა პსჟ-მა დიდხანს ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის ხელში ჩაგდება ვერ შეძლო. პირველი რეალური სახიფათო მომენტი ხავიერ პასტორეს პასის შემდეგ კევინ გამეიროს შეექმნა, მაგრამ მან მომენტი ქარს გაატანა.

"ლილის" მხრიდან თუკი ვინმე აქტიურობდა, ყველაზე მეტად ეს მატიე დებიუშიზე ითქმის. საფრანგეთის ნაკრების მარჯვენა მცველი თავის უშუალო ფუნქციებსაც მშვენივრად ასრულებდა და არც შეტევაში ჩართვა ეზარებოდა. მან მასპინძელ გუნდს ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა.

ჟურნალისტებმა დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ მეტოქის საჯარიმოში მატიემ 20-მდე ჩაწოდება შეასრულა. აქედან ნახევარი უმისამართო იყო, მაგრამ "ლილის" თავდამსხმელებს უფრო დაკვირვებით რომ ეთამაშათ, ორიოდე გოლის გამოდნობა კი შეიძლებოდა.

სტუმართაგან გატანა მართებდათ მარკო ბაშასა და თავად დებიუშის, მაგრამ მათ დარტყმებს სალვატორე სირიგუ გაუმკლავდა. საგოლე მომენტებით ღარიბი შეხვედრისთვის წერტილის დასმა შეცვლაზე შესულ ირენეუშ ელენს შეეძლო. პოლონელი თავდამსხმელის დარტყმას წინ ისევ სირიგუ აღუდგა.

მატჩის ყველაზე უსარგებლო ფეხბურთელის პრიზი რომ დაეწესებინათ, მისი მოპოვების ყველაზე დიდი შანსი იმ ფეხბურთელებს ექნებოდათ, ვისგანაც სპეციალისტები ყველაზე მეტს ელოდნენ - ლაპარაკია ხავიერ პასტორესა და ედენ აზარზე. საუკეთესოები თავისი გუნდის შემადგენლობაში ფლორან ბალმონი (ლილი) და მატიე ბოდმერი (პსჟ) იყვნენ.

ჩემპიონობის მაძიებელ გუნდებს გაუმართლათ, რომ ვერც "მონპელიემ" იმარჯვა "ტულუზთან" დაპირისპირებაში. ასე რომ, სატურნირო ცხრილში არაფერი შეცვლილა. პსჟ ბურთების სხვაობის გამო ისევ მეორე ადგილზეა, "ლილი" კი ლიდერებს 2 ქულით ჩამორჩება. ბოლოს კი გაგაცნობთ, რა განაცხადეს მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა.

ანტუან კომბუარე (პარი სენ-ჟერმენი): "ჩემი შეგირდების ასპარეზობამ გაორებული შეგრძნება დამიტოვა. პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით. შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, რომ რეალური იყო "ლილის" კიდევ უფრო მეტ წნეხში მოქცევა და გოლის გატანა. მაგრამ მეორე ნახევარში ყველაფერი გართულდა, რადგან ჩვენ წინააღმდეგ ბევრად უფრო ძლიერმა გუნდმა ითამაშა. საერთო ჯამში დაცვამ შეტევა აშკარად დაჯაბნა. წინ "სენტ ეტიენთან" თამაში გვაქვს, სადაც აუცილებლად უნდა მოვიგოთ".

რუდი გარსია (ლილი): "ფრე ჩემპიონატის ფავორიტთან გასვლით შეხვედრაში არ არის ცუდი შედეგი. რატომაა "პარი სენ-ჟერმენი" ფავორიტი? იმ ინვესტიციების წყალობით, რომელიც კლუბში ჩაიდო, შეუძლებელია ეს ასე არ იყოს. მასპინძელს მეორე ტაიმში ვუჩვენეთ, რისი პოტენციალიც გვაქვს. მართალია ჩემს ბიჭებს ჰქონდათ მოგების ამბიცია, მაგრამ არ ჰყოფნიდათ იდეები, რანაირად გაეკეთებინათ ეს.

წინააღმდეგობა რისი გადალახვაც ვერაფრით მოვახერხეთ, ეს სალვატორე სირიგუ იყო. ის ხანდახან არაადამიანურ რეაქციას ავლენდა. სწორედ იტალიელმა წაგვართვა ეს გამარჯვება. მიუხედავად ამისა კმაყოფილი ვარ ბიჭების გარჯით და იმით, რომ ისინი აგრძელებენ პროგრესს".

დღეს:
ნანსი-მარსელი 24:00

ხვალ:
ოსერი-დიჟონი 22:00
ევიანი-მონპელიე 22:00
ლილი-ნიცა 22:00
ლორიანი-კანი 22:00
რენი-ბორდო 22:00
სოშო-აიაჩო 22:00
ტულუზი-ბრესტი 22:00
ვალანსიენი-ლიონი 22:00
სენტ ეტიენი-პარი სენჟერმენი 24:00

სატურნირო მდგომარეობა

თ მ გ წ ბ ქ
1. მონპელიე 18 11 4 3 37 19 37
2. პარი სენ-ჟერმენი 18 11 4 3 30 17 37
3. ლილი 18 9 8 1 29 15 35
4. ლიონი 18 11 2 5 31 20 35
5. სტ. ეტიენი 18 8 6 4 23 20 30
6. ტულუზი 18 8 6 4 20 17 30
7. რენი 18 8 5 5 28 23 29
8. მარსელი 18 7 7 4 24 17 28
9. ბორდო 18 5 8 5 20 21 23
10. ლორიანი 18 6 5 7 18 21 23
11. ბრესტი 18 3 11 4 19 19 20
12. ევიანი 18 4 7 7 23 27 19
13. კანი 18 5 4 9 24 29 19
14. ოსერი 18 4 6 8 24 28 18
15. ნანსი 18 4 6 8 16 23 18
16. სოშო 18 4 6 8 21 32 18
17. დიჟონი 18 5 3 10 18 33 18
18. ნიცა 18 4 5 9 17 19 17
19. ვალანსიენი 18 4 5 9 17 21 17
20. აიაჩო 18 2 6 10 18 36 12

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული