პეტის ეჭვი ეპარება

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ ემანუელ პეტის სერიოზული ეჭვი ეპარება "სამფეროვანთა" საევროპისჩემპიონატო პერსპექტივაში.

მისი თქმით, დღევანდელ გუნდს ნამდვილად არ აქვს იმის პოტენციალი, რომ ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძოლოს. ინტერვიუ მან ფიფას ოფიციალურ ვებგვერდს მისცა. "ნუ ელოდებით ჩემგან ყალბ პატრიოტულ განცხადებებს. მიმაჩნია, რომ საფრანგეთის ამ ფორმაციის ნაკრებს არა აქვს ის თვისებები, რაც მას ევროპის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარება.

გუნდს შემადგენლობაში ჰყავს მაღალი კლასის ფეხბურთელები, მაგრამ ნაკრებში ისინი 100%-ით ნამდვილად არ იხარჯებიან. უკანასკნელმა ამხანაგურმა თამაშებმა დაამტკიცა, რომ ჩვენს ნაკრებს მაქსიმუმ ფავორიტებისთვის ნერვების მოშლა შეუძლია.

რაც შეეხება
ლორან ბლანს, ის ყველაფერს აკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით გუნდი მხოლოდ პროგრესის გზით ივლის. სამხრეთ აფრიკაში გუნდის ჩავარდნისა და იქ მომხდარი სამარცხვინო მოვლენების შემდეგ ეროვნულის სათავეში ჩადგომა მისგან დიდი გამბედაობა იყო," - აცხადებს ვარსკვლავი.

ემანუელმა ინტერვიუში კომენტარი გააკეთა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაზეც. ფრანგისთვის 2011 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე კრიშტიანო რონალდოა. "ჩავი იმსახურებს წლის ფეხბურთელის პრიზს, რადგან ის "ბარსას" ნამდვილი ლიდერია. მას ბურთი დაცვიდან შეტევაში გადააქვს, ქმნის მომენტებს და თავადაც იტანს.

მესის კი კატალონიელთა თამაშში ჯადოქრული ელემენტები შეაქვს. ის უფრო მეტად ჰგავს მოთამაშეს საფეხბურთო სიმულატორზე, ვიდრე ცოცხალ ფეხბურთელს, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემს ხმას კრიშტიანო რონალდოს მივცემდი. პორტუგალიელი მინდორზე ნამდვილი დომინანტია, მით უფრო, რომ "რეალში" თამაში უფრო რთულია, ვიდრე "ბარსელონაში," - თქვა პეტიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული