პრეზიდენტის საქმე

AutoSharing Option
ნაწილი მეორე
"კოლონი კეპიტალი" ყოველწლიურად 20 მილიონ ევროს კარგავდა "პარი სენ-ჟერმენის" გამო, ამიტომ 2010 წლის ივნისში კომპანია მოლაპარაკების გაგრძელებას დათანხმდა.

5 თვის შემდეგ მხოლოდ სარკოზის ჩარევამ გამოიღო შედეგი. ყატარელი ბიზნესმენებისადმი დამოკიდებულება მას მერე შეიცვალა, რაც "ლიბერასიონმა" გაარკვია, რომ ისინი უმსხვილეს ფრანგულ კომპანიებში - "სუეცში" (ინტერესი აქვს კომუნალურ, გაზისა და ენერგეტიკის სფეროში), "ვინსიში" (სამშენებლო ბიზნესი), "ეარბასსა" (ავიამშენებლობა) და "არევასში" (ატომური ენერგეტიკა) ფლობდნენ სოლიდურ წილს.

ნიკოლა სარკოზიმ პირადად იზრუნა შეიხ თამიმთან შესანიშნავი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. ამ მიზნით მან ყატარის შეიხის მეოთხე ვაჟი, ტახტის
ერთ-ერთი პრეტენდენტი, ნოემბრის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე პირადად დააჯილდოვა საპატიო ლეგიონის ორდენით.

გამოცემა So Foot-ის ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაზე საქმიანი დიალოგი გაიმართა შეიხსა და მიშელ პლატინის შორის. უეფას პრეზიდენტი კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში ჩატარებულიყო, მაგრამ ის მაინც "დაარწმუნეს", რომ "ამ ქვეყანაში ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს". 9 დღის შემდეგ კი პლატინიმ სწორედ ყატარის სასარგებლოდ მისცა ხმა.

კონტრაქტს პსჟ-ის შეძენაზე 2011 წლის ივნისში მოეწერა ხელი. "კატარ სპორტს ინვესტმენტმა" პარიზული კლუბის აქციათა 70% შეიძინა. "მათ საფრანგეთს მცირე სამსახური გაუწიეს, - დაიწერა ცოტა ხანში პრესაში. - მათ ევროპული კლუბის შეძენა სურდათ. თავდაპირველად ლაპარაკი "მანჩესტერ იუნაიტედზე" იყო, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

შემდეგ ჰორიზონტზე უფრო იაფი ვარიანტი გამოჩნდა - "პარი სენ-ჟერმენი". შეიხმა თამიმმა კლუბის პრეზიდენტად ნასერ ალ ჰელაიფი დანიშნა, ადამიანი, ვინც "ალ ჯაზირა სპორტსის" დირექტორია. მალე გაირკვა, რომ ყატარელთა მიზნებში საფეხბურთო კლუბის შეძენა მხოლოდ აისბერგის მწვერვალი იყო. ტელეკომპანიამ უკვე ზაფხულიდან დაიწყო ლიგა 1-ის მატჩების ტრანსლირება აზიაში და ამაში 192 მილიონი ევრო გადაიხადა.

გასაგები იყო, რა შანსიც გაუჩნდა საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგას. ორგანიზაციამ ტელეკომპანიას შესთავაზა, მონაწილეობა მიეღო ტენდერში, რათა ტრანსლაციების უფლება საფრანგეთის ტერიტორიაზეც მოეპოვებინა. "ალ ჯაზირას" გამოჩენამ ფრანგულ ფეხბურთს მაშველი რგოლი გადაუგდო. ლიგამ მისგან პირველი შენატანი მიიღო - 510 მილიონი ევრო. მიმდინარე სეზონში "კანალ პლუსი" და "ალ ჯაზირა" ტურის 2-2 შეხვედრას აჩვენებენ. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ლიგა 1-ს შემოსავალი არ მოაკლდება. ეს იმ დროს, როცა პრაქტიკულად ყველას უწევს ქამრების შემოჭერა.

"პარი სენ-ჟერმენი" ამ აღლუმს თავში მოექცა. "კატარ სპორტს ინვესტმენტმა" კლუბში ლეონარდო მოიყვანა და სატრანსფერო ბაზარზე 85 მილიონი ევრო დახარჯა. მათ ძალის დემონსტრირებაც შეძლეს და იტალიის ჩემპიონატის ვარსკვლავი ხავიერ პასტორე გადაიბირეს. შემდგომი შოკისმომგვრელი ნაბიჯი კი დევიდ ბექჰემის მოყვანა უნდა გახდეს. მერე რა, რომ ინგლისელი 36 წლისაა? "ჩვენთან მისი გამოჩენა მსოფლიო საზოგადოების ყურადღებას მოგვიპოვებს.

ბექჰემი ნამდვილი ელჩია, ასევე ბრენდი და ნამდვილი მისაბაძი მაგალითი სხვებისთვის," - ამბობს ალ ჰელაიფი. ახალი პრეზიდენტი კლუბისგან პირველივე სეზონში ჩემპიონატის მოგებას და უახლოესი სამი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლას ითხოვს. ამასთან, ის იმაზეც ზრუნავს, რომ ჩემპიონატში კონკურენცია გაიზარდოს, რათა მის ტელეკომპანიას ხელთ მომხიბლავი პროდუქტი ჰქონდეს. ტელეუფლებების ახალ მფლობელთან ურთიერთობით ლიგა 1-ის ოცივე კლუბი კმაყოფილია. პსჟ აქცენტს შიდა ტრანსფერებზე აკეთებს, რათა ჩემპიონატის მონაწილე კლუბებმა ფული არ დაკარგონ.

ყატარული რევოლუცია ძალებს იკრებს. რეალურად ეს ექსპანსიის მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. როდის მოისურვებენ ისინი გაჩერებას, უცნობია. ყატარის სამეფო ოჯახის მოწადინებით უკვე 5 საერთაშორისო არხი მაუწყებლობს. ესენი არიან: "აჯ არაბიკი", "აჯ ინგლიში", "აჯ სპორტი", "აჯ დოკუმენტარი" და "აჯ ბალკანსი". 2012 წელს ეთერში გავა "აჯ სპორტ ფრანსი". ტელეკომპანიის მაყურებელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება და უკვე რამდენიმე ათეულ მილიონს აღწევს. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს "აჯ სპორტზე" 162 მილიონმა ადამიანმა უყურა.

"ალ ჯაზირა" საფრანგეთის პროფესიულ ლიგასთან კონტრაქტის გასაფორმებლად ყველაფერს იღონებს - "კანალ პლუსის" შეთავაზებას აუცილებლად გადაფარავს და ტრანსლაციების ექსკლუზიურ უფლებას შეიძენს. ყატარელები ინგლისის პრემიერლიგის ტრანსლაციების შეძენასაც აპირებენ. უცნობია, ისევე გაუხარდება თუ არა დევიდ კემერონს მათი ინგლისურ ფეხბურთში დამკვიდრება, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, სარკოზის ჩარევას ფრანგები ცუდად ნამდვილად არ იხსენებენ. (პირველი ნაწილი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული