პარიზი მოლოდინში გაინაბა

AutoSharing Option
გუშინ დილას ფრანგული წყაროები ერთმანეთისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებდნენ. "ეკიპმა" დაწერა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას საღამოს სპეციალური პრესკონფერენცია ჰქონდა დაგეგმილი, რომლის დღის წესრიგი განსაზღვრული არ იყო.

გაზეთი სწორედ ამიტომ ვარაუდობდა, რომ მასზე კარლო ანჩელოტის წარდგენა უნდა მომხდარიყო. წყარო ამტკიცებდა, რომ კარლეტოსთან უკვე შეთანხმებული იყო 2,5-წლიანი კონტრაქტი წლიური 6-მილიონიანი ანაზღაურებით. საწინააღმდეგოს წერდა "ფრანს პრესი" - მათი მტკიცებით, იტალიელთან ხელშეკრულების გარკვეულ დეტალებზე შეთანხმება ვერ ხერხდებოდა და ამიტომ გუშინ სპეციალური პრესკონფერენცია შეიძლებოდა ჩაშლილიყო კიდეც.

იქამდე კი მოვლენები შემდეგნაირად წარიმართა: ანჩელოტი პარიზში 28 დეკემბერს საღამოს საათებში
ჩაფრინდა და უმალ სასტუმროს მიაშურა.

გუშინწინ დილას კი "პარკ დე პრენსი" მოინახულა და გაეცნო სტადიონის რეკონსტრუქციის გეგმას. ამის შემდეგ მან იმ სამედიცინო კლინიკას მიაშურა, სადაც, როგორც წესი, გუნდის ახალწვეულები გადიან ხოლმე სამედიცინო შემოწმებას. აღნიშნული ობიექტების დათვალიერების დროს მასთან ერთად იმყოფებოდა არა ლეონარდო, არამედ კლუბის გენერალური დირექტორი ჟან-კლოდ ბლანი, ვისთან ერთადაც მას ჯერ კიდევ "იუვენტუსში" უმუშავია. კლუბის წარმომადგენლებმა მასმედიის წარმომადგენლებს ანჩელოტისთან შეხვედრაზე უარი უთხრეს.

ფიფას იტალიელმა გავლენიანმა აგენტმა ფაბრიციო ფერარიმ Goal.com-თან ინტერვიუში პარიზული კლუბის მიერ კარლეტოზე არჩევანის გაკეთება მოიწონა: "დარწმუნებული ვარ, რომ ანჩელოტის დანიშვნა დადებითად აისახება ისეთი ამბიციური გუნდის მომავალზე, როგორიც "პარი სენ-ჟერმენია".

კარლო ხომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იტალიელი სპეციალისტია. გადახედეთ ისტორიას, მისი ხელმძღვანელობით ყველა გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობდა. მან მხოლოდ "ჩელსიში" ვერ შეძლო პოტენციალის გამოვლენა და ისიც იმიტომ, რომ არ დააცალეს და თანაც ეს გუნდი მეტისმეტად ასაკოვანი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ანჩელოტის დანიშვნა ზოგადად ფრანგულ ფეხბურთზე აისახება დადებითად.

მგონია, რომ აქ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კლუბის ჩამოყალიბებას შეძლებენ. ამ მიზნით კი მათ ნამდვილად წაადგებათ ხავიერ პასტორე, რომელსაც კევინ გამეიროზე ძლიერ ფეხბურთელად მივიჩნევ. კევინიც ძალიან კარგია, მაგრამ მაინც არ არის ტოპკლასის მოთამაშე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული