ბრაზილიელის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე გასდის. ფეხბურთელს შეეძლო თავისუფალი აგენტის სტატუსით მოპოვების შემდეგ ახალი კლუბის მოძებნა (მას გარკვეული შეთავაზებები ჰქონდა კიდეც, მაგალითად "ლაციოსგან"), მაგრამ თავგადასავლების ძიება არ მოისურვა და პრეზიდენტ ჟან-მიშელ ოლას წინადადებას ახალ ხელშეკრულებაზე ულაპარაკოდ დათანხმდა.
ედერსონს ბოლო წლების განმავლობაში ტრავმები ტანჯავს. მან პრაქტიკულად მთლიანად გამოტოვა წინა სეზონი - სულ 8 მატჩი ჩაატარა. წელს მას შედარებით ნაკლები პრობლემა აქვს - უკვე მოასწრო 8 მატჩის ჩატარება.
30
უკრაინული პრესა იუწყება, რომ კლუბებს შორის საიჯარო ხელშეკრულება შეთანხმებულია. გაურკვეველი რჩება ერთადერთი საკითხი - ფეხბურთელის ანაზღაურება. მაროკოელი ფრანგებისგან ზუსტად იმხელა ხელფასს ითხოვს, რასაც მას "დინამო" უხდის, მაგრამ "მწვანეებს" ამის თავი ნამდვილად არ აქვთ. "სენტ ეტიენის" დირექტორატის წევრის სტეფან ტესიეს თქმით, თუკი ელ-კადური შეთავაზებულ ხელფასს არ დათანხმდება, მაშინ ისინი აქცენტს "სტიაუას" 25 წლის რუმინელი მცველის იასმინ ლატოვლევიჩის ტრანსფერზე გადაიტანენ.
ამასობაში "ვალანსიენმა" 20 წლის კორეელ ტაე ჰი ნამისთან კონტრაქტი გააუქმა და ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსი მიანიჭა. მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2014 წელს გასდიოდა. ახალგაზრდა აზიელმა 2 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა გუნდთან საერთო ენის გამონახვა.
ნამიმ 31 მატჩი ჩაატარა და აქედან სულ რაღაც 13 ძირითად შემადგენლობაში. ამ ხნის განმალობაში მის ანგარიშზე ერთადერთი საგოლე პასია. კლუბმა სწორედ ამიტომ მოინდომა მასთან განშორება. ახალი წლის პირველ დღეებში ნამი ყატარში გაემგზავრება, სადაც ერთ-ერთ ადგილობრივ კლუბთან გააფორმებს ხელშეკრულებას.
"სენტ ეტიენს" განზრახული აქვს, გააპროტესტოს საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის გადაწყვეტილება სტადიონის ერთი მატჩით დისკვალიფიკაციის შესახებ. ამის საფუძველიც ის გახდა, რომ "მწვანეების" გულშემატკივრებმა 29 ოქტომბერს "ლიონთან" მატჩისას ტრიბუნებზე არეულობა მოაწყვეს.
გარდა ამისა, ლიგამ გადაწყვიტა "ოსერის" ნახევარმცველ კამილ შაფნის გამოძიების დასრულებამდე დისკვალიფიკაცია მისცეს. ალბათ გახსოვთ, რომ "ბრესტთან" შეხვედრისას მან მსაჯთან ურთიერთობის გარკვევა დაუშვებელი ხერხებით სცადა. მატჩის შემდეგ ფეხბურთელმა გვერდითა არბიტრს აქეთ შეუტია, იმიტომ გავბრაზდი, რომ ეთნიკურ ნიადაგზე შეურაცხყოფა მომაყენაო. მაგრამ მას მერე რაც მსაჯი სასამართლოში ჩივილით დაიმუქრა, ფეხბურთელმა სიტყვები უკან წაიღო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"