პაოლო მალდინი, კარლო ანჩელოტი და ტრანსფერები

AutoSharing Option
კარლო ანჩელოტის შაბათს საფრანგეთის ჩემპიონატში მშვენიერი სტარტი ჰქონდა. სადებიუტო მატჩში 3 ქულის შემდეგ ის კმაყოფილი დარჩა. აი, რა თქვა 52 წლის იტალიელმა: "ბედნიერი ვარ, რომ მოვიგეთ და რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. ჩემთვის მართლაც ლამაზი საღამო იყო, რადგან "პარკ დე პრენსზე" პირველად გავიყვანე ახალი გუნდი, თანაც ბოლომდე შევიგრძენი ის ატმოსფერო, რაც აქ სუფევს ხოლმე. პირველ წუთებში ბიჭები თავს ცოტა შებოჭილად გრძნობდნენ, მაგრამ ნენეს გოლის შემდეგ კომპლექსები მოეხსნათ.

მთელი მეორე ტაიმი მშვენივრად ვმოქმედებდით კონტრშეტევებზე. შეტევაშიც და დაცვაშიც გუნდური სული იგრძნობოდა. კევინ
გამეირო კი სათადარიგოთა სკაზე ექიმების რეკომენდაციის გამო იჯდა და არა იმიტომ, რომ არ ვენდობი.

რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულება კარლოს ტევესის სავარაუდო ტრანსფერისადმი. მისი თამაში ძალიან მომწონს. დარწმუნებული ვარ, მას შეუძლია ჩვენი გუნდი ერთიორად გააძლიეროს და უმაღლესი მიზნების გადაჭრაში დაგვეხმაროს".

პაოლო მალდინი შაბათს "პარი სენ-ჟერმენი"-"ტულუზის" მატჩს დაესწრო. რის შემდეგაც, "ტრაიბალფუტბოლმა" დაწერა, კარლო ანჩელოტიმ ის შეიძლება "პარი სენ-ჟერმენში" თავისთან წაიყვანოს და სამწვრთნელო შტაბში დაასაქმოსო.

ბუნებრივია, ინფორმაცია, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელის მომავალს ეხება, ადვილად ვრცელდება. ხმები თავად პაოლომდეც მივიდა. "მილანის" ლეგენდარული კაპიტნის კომენტარმა არ დაახანა: "ჩემთვის "პარი სენ-ჟერმენის" ხელმძღვანელებს ადგილი არ შემოუთავაზებიათ. მეტსაც გეტყვით, ნაკლებად მოსალოდნელია, ეს მოხდეს, - განუცხადა მალდინიმ "ეკიპს". - ვადასტურებ, რომ განვიხილავ საფეხბურთო საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო შემოთავაზებას, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი არ მიმიღია. რაც შეეხება პარიზს, აქ მე ჩემს მეგობრებთან ჩამოვედი და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საკუთარ სახლში ვარ".

"პარი სენ-ჟერმენის" სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ. მისი თქმით, გუნდის სიცოცხლისუნარიანობაზე დიდ გავლენას მოახდენს, შეძლებს თუ არა ის ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას: "სამწუხაროდ, ამჟამად ჩვენი კლუბი არ ითვლება მაღალი კლასის ფეხბურთელებისთვის მიმზიდველ ვარიანტად. მიზეზი? ჩვენ არ ვთამაშობთ ჩემპიონთა ლიგაში. იცით რა? ჯერ უნდა მივაღწიოთ იმ დონეს, რომ ბექჰემისა და პატოს დონის ფეხბურთელებმა არ იუკადრისონ ჩვენთან გადმოსვლა.

ინგლისელთან დაკავშირებით ცოტა განსხვავებული სიტუაცია იყო, მას სურდა ჩვენთან თამაში, მაგრამ ეს ოჯახური პირობების გამო ვერ მოახერხა. ძალიან ჭირს ბრაზილიიდან პერსპექტიული ფეხბურთელების შეძენაც, რადგან ამ ქვეყნის ფეხბურთში ფული ჩაიდო და ბევრ მათგანს ახლა ისეთივე ხელფასი აქვს, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. მაგალითად, ნეიმარს იმაზე მეტს უხდიან, ვიდრე ჩვენ ჩვენს ვარსკვლავებს".

მას შემდეგ, რაც ალეშანდრე პატომ პსჟ-ში თამაშზე უარი თქვა, "პარიზიენის" ინფორმაციით, კლუბმა მთელი კონცენტრაცია სწორედ კარლოსის ტრანსფერისკენ მიმართა. დედაქალაქური კლუბი ფეხბურთელს წელიწადში 10 მილიონ ევროსა და 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. რაც შეეხება უშუალოდ სატრანსფერო თანხას, პარიზელებს 25 მილიონზე მეტის გადახდა მოუწევთ, რადგან სწორედ ამ თანხას ჩამოდის "ინტერი".

ლეონარდომ და ანჩელოტიმ კიდევ ერთ ფეხბურთელს დაადგეს თვალი იტალიის ჩემპიონატიდან. "ინტერის" საყრდენ ნახევარმცველ ტიაგო მოტას "ნერაძურიდან" წასვლა მას მერე უნდა, რაც კლუბმა ახალ ხელშეკრულებაზე უარი უთხრა. მოქმედს კი ვადა 2013 წლის ივლისში გასდის.

ფეხბურთელის აგენტი დარიო კანოვია აცხადებს: "იანვარში ჩემი კლიენტი არსად წასვლას არ აპირებს. რაც შეეხება საზაფხულო სატრანსფერო პერიოდს, იქამდე ჯერ დროა. "პარი სენ-ჟერმენი"? რატომაც არა. მშვენიერი გუნდია და მოხარულები ვართ, რომ ისინი ტიაგოთი დაინტერესდნენ. რეალური ვარიანტი უნდა იყოს. მეტის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული