სუსტი წერტილის გარეშე

AutoSharing Option
“პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი კმაყოფილია იანვარში ნაჩვენები შედეგებით. ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან მისმა გუნდმა 4-დან 4 შეხვედრა მოიგო და პლუს, ლიგა 1-ში პირველ ადგილს მყარად ინარჩუნებს.

“ლურჯ-წითლებმა” მშვენიერი სატრანსფერო კამპანია ჩაატარეს და ყველაზე სუსტი წერტილი, დაცვა, კვალიფიციური ფეხბურთელებით გაამაგრეს - “ჩელსიდან” ალექსი გადაიბირეს, “ბარსელონადან” - მაქსველი. “პარკ დე პრენსზე” ითამაშებს საყრდენი ნახევარმცველი ტიაგო მოტაც.

ამას გარდა, იტალიელმა სპეციალისტმა რატომღაც მესამე მეკარის დამატებაც ისურვა და თავისუფალი აგენტი, ვეტერანი, 37 წლის რონან ლე კრომიც დაიმატა, ვისაც ასაკის მიუხედავად
ლიგა 1-ში აქამდე არასოდეს უთამაშია.

გასული წლის ზაფხულში გუნდის გასაძლიერებლად გაღებული ფულის ჩათვლით, პარიზელეთა ხარჯმა უკვე გადააჭარბა 100 მილიონ ევროს. როცა საფრანგეთში ასეთი ასტრონიმიული თანხები მხოლოდ ფეხბურთელებში იხარჯება, იქ, რასაკვირველია, გულშემატკივრებიც და ხელმძღვანელობაც მხოლოდ ერთ რამეს ელის - მესამე საჩემპიონო ტიტულს კლუბის ისტორიაში, თანაც პირველს ბოლო 18 წლის განმავლობაში.

“სატრანსფერო ბაზარზე კარგად ვიმუშავეთ, მართალია, კარლოს ტევესის დათანხმება ვერა და ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ მასთან ფინანსურ საკითხებზე გვქონდა აზრთა სხვაობა. კია ჯურაბჩიანს (ტევესის აგენტს. რედ) ჩვენ გასაგებად ავუხსენით, რომ დაუფიქრებლად ფულის ხარჯვას არ ვაპირებდით. თუკი ვინმე ამად გვიღირს, ფულს ვიხდით, მაგრამ არა საბაზრო ფასზე მეტს,” - აცხადებს კარლეტო. მისი თქმით, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ის მთავარ კონკურენტად “მონპელიეს” მიიჩნევს, არ გამორიცხავს ასევე რბოლაში “მარსელის” დაბრუნებასაც.

აუტსაიდერთან დაპირისპირებაში პსჟ-ს დღეს დებიუტანტი ტიაგო მოტა დაეხმარება. “სკუადრა აძურას” ბრაზილიური წარმოშობის ფეხბურთელი ამბობს, რომ “ჯერ კიდევ ბავშვობისას ვუყურებდი პსჟ-ის თამაშებს, რადგან იქ რაი და ლეონარდო თამაშობდნენ. მოგვიანებით აქვე ბრწყინავდა რონალდინიოც. მეც მათ კვალს დავადექი. მიხარია, რომ ამ გუნდის მიზანი საფრანგეთის ჩემპიონატის მოგებაა. მინდა, რომ ამ მიზანს რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ”.

მუხლის მსუბუქი ტრავმის გამო შუა კვირაში შეუდგა ვარჯიშს ალექსი, ასე რომ, მოედანზე მისი გამოსვლა ნაკლებად მოსალოდნელია. დაცვის ცენტრს ტრადიციულად მამადუ სახო და მილან ბიშევაცი გაამაგრებენ. პირველი წრის განმავლობაში ამ ფეხბურთელებს ტრავმები აწუხებდათ, რის გამოც დედაქალაქელებს პრობლემები ექმნებოდათ. ალექსის მოსვლამ ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

მასპინძლებს 22-ე ტურში დასახულ ამოცანას ალბათ ისიც გაუადვილებს, რომ “ევიანი” ლიგა 1-ში ჯერჯერობით იმ გუნდებს შორის ირიცხება, ვისაც გასვლით შეხვედრაში 3 ქულა არ მოუპოვებიათ.

მოკლედ, ანჩელოტის ყველა წინაპირობა აქვს საიმისოდ, რათა გუნდს ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოაპოვებინოს.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXII ტური
დღეს:
აიაჩო-ნიცა 22:00
დიჟონი-ვალანსიენი 22:00
მონპელიე-ბრესტი 22:00
ნანსი-რენი 22:00
პსჟ-ევიანი 22:00
სტ. ეტიენი-ლორიანი 22:00
ბორდო-ტულუზი 00:00

ხვალ:
კანი-ოსერი 20:00
სოშო-ლილი 20:00
მარსელი-ლიონი 00:00

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 21 14 4 3 35-18 46
2. მონპელიე 21 13 4 4 41-23 43
3. ლილი 21 10 9 2 36-21 39
4. ლიონი 21 12 2 7 34-23 38
5. მარსელი 21 10 7 4 31-19 37
6. რენი 21 10 5 6 32-25 35
7. ტულუზი 21 9 7 5 22-20 34
8. სტ. ეტიენი 21 9 6 6 24-24 33
9. ბორდო 21 6 9 6 22-23 27
10. ლორიენი 21 6 8 7 21-24 26
11. ბრესტი 21 4 12 5 20-20 24
12. ევიანი 21 5 8 8 28-32 23
13. ნანსი 21 5 7 9 22-29 22
14. დიჟონი 21 6 4 11 24-39 22
15. აიაჩო 21 5 6 10 24-38 21
16. ვალანსიენი 21 5 5 11 20-25 20
17. კანი 21 5 5 11 24-32 20
18. ოსერი 21 4 7 10 28-35 19
19. სოშო 21 4 7 10 22-36 19
20. ნიცა 21 4 6 11 21-25 18

ბომბარდირები:
15 - ოლივიე ჟირუ (მონპელიე), 9-9 ლოიკ რემი (მარსელი), კევინ გამეირო, ნენე (ორივე პსჟ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული