საფრანგეთი. ლიგა 1. XXVI ტურის წინ: ტახტის დასაბრუნებლად

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენი" ლიგა 1-ის ცხრილს სათავეში 24 სექტემბერს "მონპელიესთან" გასვლაზე 3:0-ის მოგების შემდეგ ჩაუდგა და მას მერე მეორე ადგილის ქვემოთ აღარც დაშვებულა.

ამის საფრთხე დედაქალაქურ გრანდს სეზონის ბოლომდე ნაკლებად ემუქრება, თუმცა ვერცხლის მედალი ის მიზანი არ არის, რისთვისაც "პარკ დე პრენსზე" კარლო ანჩელოტის უხმეს. ჩემპიონატში ზედიზედ ნათამაშები 3 ფრის შემდეგ (ნიცა 0:0, მონპელიე 2:2, ლიონი 4:4) "ლურჯ-წითლები" სწორედ ამ ადგილზე არიან.

წინა ორი ტურისგან განსხვავებით, ამჯერად მათ ლიგა 1-ის გრანდთან ჭიდილი აღარ უწევთ, მაგრამ საქმე მთლად ასე იოლადაც არ არის,
როგორც ეს შეიძლება ჩვენს მკითხველს მოეჩვენოს: კორსიკელებს ყველა ტურნირში ერთად აღებული ბოლო 11 შეხვედრაში ძირითად დროში მხოლოდ 1 წაგება აქვთ (მონპელიე 0:3), რისი წყალობითაც ჩემპიონატში საგრძნობლად გამოასწორეს საქმე - მე-20 ადგილიდან მე-16-ზე აღზევდნენ.

პარიზელებს 3 ქულის აღება მართებთ, თუ არა და ლიდერი შეიძლება მეტისმეტად გაუფრინდეთ... თუ პირველ წრეში ამ გუნდების დაპირისპირებას გავიხსენებთ, მაშინაც ისმოდა ჩვენი ფრანგი კოლეგების შეძახილები, "ფრანსუა კოტიზე" ისტორიაში არასოდეს უმარჯვიათ და ახლაც გაუჭირდებათო, მაგრამ მაშინ სტუმრებმა კევინ გამეიროს ჰეთ თრიკის წყალობით 3:1 იძალეს.

"ლიონთან" თამაში მართლა კარგად დავიწყეთ, თუმცა მერე კონცენტრაცია არ გვეყო. თითქოს მინდორზე დავიკარგეთ და დროის მოკლე მონაკვეთში ზედიზედ 3 ბურთი გავუშვით. არადა ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც "ლიონია", ეს დაუშვებელი იყო. მსგავსი მოდუნების შემთხვევაში მას იოლად შეუძლია მეტოქის დასჯა.

თამაშს ბოლოსღა დავუბრუნდით, ძალები მოვიკრიბეთ და ქულა დავიმსახურეთ. მატჩის ასე შემობრუნებამ ჩვენზე დადებითად იმოქმედა.

კვირის შეხვედრას მოუთმენლად ველოდები. რა თქმა უნდა, მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ. ამიერიდან ქულის დაკარგვის უფლებაც კი აღარ გვაქვს. ყველა ტურნირში ერთად ზედიზედ 14 მატჩია არ წაგვიგია. "ლიონთან" მომეჩვენა, რომ ეს რაღაცის დასაწყისი იყო და მისი შენება სწორედ "აიაჩოსთან" უნდა დავიწყოთ", - განაცხადა პსჟ-ის მარჯვენა მცველმა კრისტოფ ჟალემ.

თავის მხრივ კორსიკელები ყველაფერს გაიღებენ, რომ გასავარდნ ზონაში აღარ დაეშვან. ბოლო სამი თვის განმავლობაში ამ მიზნის მისაღწევად მათ ძალიან ბევრი ოფლი დაღვარეს. არადა, ოლივიე პანტალონის ბიჭები ჯერ ნამდვილად არ აქვთ უფლება თავი სამშვიდობოს დაიგულონ, რადგან მე-18 ადგილს სულ 3 ქულით არიან დაშორებულები.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXVI ტური
3 მარტი
დიჟონი-მონპელიე 22:00
ლილი-ოსერი 22:00
მარსელი-ტულუზი 22:00
ნანსი-ლიონი 22:00
სტ. ეტიენი-ევიანი 22:00
სოშო-ვალანსიენი 22:00
ბორდო-ნიცა 00:00

4 მარტი
კანი-ბრესტი 20:00
პსჟ-აიაჩო 20:00
ლორიანი-რენი 00:00

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. მონპელიე 25 16 5 4 48-25 53
2. პსჟ 25 15 7 3 44-25 52
3. ლილი 25 12 10 3 43-27 46
4. სტ. ეტიენი 25 12 7 6 33-26 43
5. ლიონი 25 12 4 9 41-32 40
6. რენი 25 11 7 7 34-30 40
7. ტულუზი 25 11 7 7 27-23 40
8. მარსელი 24 10 9 5 34-23 39
9. ბორდო 25 9 9 7 30-28 36
10. ვალანსიენი 25 8 6 11 26-27 30
11. ბრესტი 25 5 14 6 22-22 29
12. ევიანი 24 6 9 9 33-37 27
13. კანი 25 7 6 12 30-37 27
14. ლორიანი 25 6 9 10 24-32 27
15. დიჟონი 25 7 5 13 30-44 26
16. აიაჩო 25 6 8 11 27-43 26
17. ნიცა 25 5 8 12 23-29 23
18. ნანსი 25 5 8 12 22-35 23
19. ოსერი 25 4 10 11 30-38 22
20. სოშო 25 4 8 13 22-40 20

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული