საფრანგეთი. ლიგა 1. XXVIII ტურის წინ: პარიზელთა საკადრო კრიზისი

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" სამწვრთნელო შტაბს იმედი აქვს, რომ გუნდი დაცვაში წინა ტურში "დიჟონთან" დაშვებული გულუბრყვილო შეცდომის მსგავსსაც კი აღარასოდეს გაიმეორებს.

"გასტონ ჟერარზე" სტივენ პოლმა შეხვედრის 76-ე წუთზე გოლი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა. იყო შანსი, რომ დედაქალაქელებს ქულებთან ერთად ჩემპიონატის ლიდერობაც დაეკარგათ, მაგრამ კევინ გამეირომ ივაჟაკაცა, ზუსტად 5-თამაშიანი მშრალი სერიის შემდეგ გაიტანა და გუნდს 3 ქულა მოუტანა.

კარლო ანჩელოტიმ დანანებიღ აღნიშნა, რომ გუნდს პრობლემები ექმნება სტანდარტული მდგომარეობებისას (ბოლო 11-დან 8 ბურთი გუნდმა ასე გაუშვა) და მის შეგირდებს ამ მხრივ მუშაობა

განსაკუთრებულად მართებთ. "ძნელია
ამის ახსნა. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ეს მუშაობაა, რათა ამის მერე უფრო ეფექტურები ვიყოთ, როცა ჩვენს კართან სტანდარტული მდგომარეობა თამაშდება", - აცხადებს იტალიელი.

გამეიროს მე-11 გოლმა პსჟ ცხრილის სათავეში დატოვა. მეორეადგილოსან "მონპელიესთან" სხვაობა ძველებურად ერთი ქულაა, რომელმაც, თავის მხრივ, წინა ტურში "კანი" 3:0 გაანადგურა. ორივე ლიდერს 28-ე ტურში გასვლითი მატჩები ელის.

დედაქალაქელები ზემოთ ნახსენებ "კანთან" ითამაშებენ. უკანასკნელს შინ ნათამაშებ შეხვედრებში "სოშოს" შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი აქვს. "ლურჯ-წითლები" კი გასვლაზე ყველაზე უკეთ თამაშობენ. ასე რომ, "მიშელ დორანოზე" ფავორიტი აშკარაა. სტუმარს ლიგა 1-ში 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ბოლო მარცხი მათ მარსელის "ველოდროზე" 27 ნოემბერს იწვნიეს.

"პარი სენ-ჟერმენის" მარცხენა მცველმა სიაკა ტიენემ "დიჟონთან" შეხვედრაში სეზონში პირველი გოლი გაიტანა და გამეიროს ნაგვიანები გოლით შთაგონებულმა განაცხადა:

"დღეიდან მოყოლებული სეზონის ბოლომდე ყოველი თამაშში მაქსიმალურად მოგვიწევს თავდადება, მიუხედავად იმისა, რამდენი წუთი გვრჩება საასპარეზოდ".

თუმცა ბოლო წამამდე ბრძოლა სწორედ მისი გუნდის დამახასიათებელი ნიშანია. ასე იყო აქამდეც და გუნდი ამას ბოლო 3 თამაშშიც ამტკიცებს.

შეგახსენებთ, რომ გიიომ ოარომ "ლიონთან" ფრე გუნდს 90+4 წუთზე მოუტანა (4:4), "აიაჩოსთან" მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-2 წუთზე გამოიჩინა თავი ნენემ (4:1). "დიჟონთან" გმირობაზე კი უკვე მოგითხრეთ.

ანჩელოტის სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს: ჯანმრთელობის გამო არ იქნებიან ნენე, მატიო მოდმერი და მაქსველი, რაც შეეხებათ ტიაგო მოტასა და მოჰამედ სისოკოს, ისინი დისკვალიფიკაციას იხდიან. საეჭვოა მილან ბიშევაცის თამაშიც. მან ვარჯიში მხოლოდ ოთხშაბათს დაიწყო.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXVIII ტური
17 მარტი
ოსერი-ევიანი 22:00
ბორდო-აიაჩო 22:00
კანი-პსჟ 22:00
ლორიანი-ბრესტი 22:00
მარსელი-დიჟონი 22:00
ნანსი-მონპელიე 22:00
სტ. ეტიენი-ლიონი 00:00

18 მარტი
რენი-ტულუზი 20:00
სოშო-ნიცა 20:00
ლილი-ვალანსიენი 00:00

სატურნირო ცხრილი
ა თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 27 17 7 3 50-27 58
2. მონპელიე 27 17 6 4 52-26 57
3. ლილი 27 12 11 4 46-31 47
4. სტ. ეტიენი 27 13 7 7 35-29 46
5. რენი 27 12 8 7 37-31 44
6. ტულუზი 27 12 8 7 29-24 44
7. ლიონი 27 13 4 10 43-35 43
8. მარსელი 27 10 9 8 34-27 39
9. ბორდო 27 10 9 8 33-30 39
10. ევიანი 27 8 9 10 39-40 33
11. ვალანსიენი 27 8 7 12 28-30 31
12. ბრესტი 27 5 15 7 22-24 30
13. აიაჩო 27 7 8 12 29-47 29
14. კანი 27 7 7 13 30-40 28
15. ლორიანი 27 6 10 11 25-35 28
16. ნიცა 27 6 9 12 26-31 27
17. ნანსი 27 6 9 12 25-36 27
18. დიჟონი 27 7 6 14 32-47 27
19. ოსერი 27 4 12 11 33-41 24
20. სოშო 27 5 9 13 26-43 24

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული