ჟერემი მენეზი კმაყოფილია

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ჟერემი მენეზი კმაყოფილია სეზონის წინ მიღებული გადაწყვეტილებით. შეგახსენებთ, რომ მან იტალიის სერია A-ში 3 წლის გატარების შემდეგ სამშობლოში კარიერის გაგრძელება არჩია.

"ვფიქრობ, რომ პსჟ-ის შედეგები მიმდინარე სეზონში დამაკმაყოფილებლად შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა ისიც მესმის, რომ ბევრად უფრო უკეთ თამაშიც შეგვიძლია. ლიგა 1-ში წინ ჯერ კიდევ 10 თამაში გვიწევს, ასე რომ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ (სეზონში მის ანგარიშზე 33 თამაშში 6 გოლი და 18 საგოლე გადაცემაა. რედ).

აშკარაა, რომ საფრანგეთში დაბრუნებით
სწორი ნაბიჯი გადავდგი. პსჟ-ში ძალზე ამბიციური გეგმები გვაქვს, რასაც ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში ყველას დავუმტკიცებთ. უშუალოდ ჩემს სათამაშო პოზიციას რაც შეეხება, უკვე შევეჩვიე, როცა მწვრთნელები ჩემში განსხვავებული ამპლუის ფეხბურთელს ხედავენ.

თანამედროვე ფეხბურთში მრავალმხრივი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. შარშან რანიერი "რომაში" მარჯვენა ნახევარმცველად მათამაშებდა, ანჩელოტი მარცხნივ მაყენებს. პრობლემას ვერც ერთ პოზიციაზე ვერ ვხედავ," - ამბობს ფეხბურთელი.

მარვო მონპელიეში რჩება
"მონპელიე" ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებისთვის მზადებას იწყებს და წამყვან ფეხბურთელებთან ხელშეკრულებების გახანგრძლივებას ცდილობს. ერთი კვირის წინ კლუბთან ახალი 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა ტუნისელმა საყრდენმა ნახევარმცველმა ჟამელ საიჰიმ. ამ დღეებში კი თანაგუნდელს 29 წლის შუახაზელმა ჟორის მარვომ მიბაძა. უკანასკნელთან კონტრაქტი 2015 წლის ივნისამდე გაფორმდა.

თუმცა უმთავრესი პრობლემა, რომლის გადაჭრასაც კლუბი ვერ ახერხებს და ალბათ ვერც მოახერხებს, ოლივიე ჟირუსთან ურთიერთობის გახანგრძლივებაა. საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელს კონტრაქტში 2 წელი კიდევ რჩება, მაგრამ მის წასვლაზე უკვე დიდი ხანია მიდის ლაპარაკი. 25 წლის ფეხბურთელს ევროპული გრანდების რიგი უდგას. მისით დაინტერესებულ კლუბებს შორის ასახელებენ "არსენალს", "ტოტენჰემსა" და "ბაიერნს".

ლიონი კრისის გარეშე
"ლიონს" ერთი თვის განმავლობაში ბრაზილიელი ცენტრალური მცველის, ვეტერანი კრისის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა. 34 წლის სტოპერმა "სენტ ეტიენთან" მოგებული შეხვედრის (1:0) 78-ე წუთზე დაიზიანა მუხლი და რემი გარდი იძულებული გახდა, მის ნაცვლად მოედანზე 18 წლის სამუელ უმტიტი შეეშვა.

ბლანი: სამიზნე 2016
საფრანგეთის ნაკრების თავკაცის, ლორან ბლანის თქმით, მის გუნდს ევრო 2012-ზე ერთადერთი ამოცანის გადაჭრა მართებს - აუცილებლად უნდა გავიდეს ჯგუფიდან.

ამ შემთხვევაში ამოცანა გადაჭრილად ჩაითვლება. სამაგიეროდ, "მამლებს" ევრო 2016-ისთვის მოუწევთ მაქსიმალური მიზნებისთვის ბრძოლა, სადაც ისინი ჩემპიონობას უმიზნებენ. პოლონეთსა და უკრაინაში გასამართ ევროპის ჩემპიონატს ფრანგები სწორედ 4 წლის შემდგომი ტურნირისთვის მოსამზადებლად გამოიყენებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული