საფრანგეთი. ლიგა 1. XXXI ტურის წინ: ფრანგული დერბი "პარკ დე პრენსზე"

AutoSharing Option
რომელიმე კლუბზე რომ ვთქვათ, ჩემპიონატის ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას კარგ განწყობაზე ხვდება-თქო, მართალი არ ვიქნებით.

განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა მასპინძელთა ბანაკში, რადგან პროვანსელებს ბოლო 9 შეხვედრაში 1 ფრე და 8 წაგება აქვთ. ამის მიუხედავად კლუბის პრეზიდენტი ვენსან ლაბრუნი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლებას არ აპირებს.

"მე ძალიან მინდა, რომ დიდიემ მომდევნო სეზონშიც განაგრძოს გუნდთან ერთად მუშაობა.

მესმის, რომ ჩემპიონატში ასეთი ხანგრძლივი წარუმატებელი სერიით ყველანი დაღლილები ვართ და საშინლად გაგვიცრუა იმედი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნამაც, მაგრამ მოვუწოდებ გულშემატკივარს, გაიხსენოს შარშანდელი და იმის წინა სეზონი.

მსგავსი მძიმე
პერიოდები ადრეც გადაგვიტანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელი ჩავიქნიოთ. იმედი მაქვს, დიდიეს დავარწმუნებ, რომ ეს ნაბიჯი არც ახლა გადადგას.

წარუმატებელი სეზონი? ნუ დავივიწყებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინაში გავედით. უკანასკნელად ამ ეტაპზე ჩვენ 20 წლის წინ გვქონდა ნათამაშები. წარმოიდგინეთ, ევროპის 8 საუკეთესო გუნდში მოვხვდით და ისეთ გრანდთან დავმარცხდით, როგორიც "ბაიერნია". ამას გარდა, საფრანგეთის ლიგის თასის ფინალშიც ვართ. ასე რომ, გვეყოფა საშინელ სეზონზე ლაპარაკი".

მიუხედავად ლაბრუნის ოპტიმიზმისა, მიუხედავად მისი მჭევრმეტყველებისა, მისი გუნდის მდგომარეობა იმაზე მძიმეა, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანს. გარდა სათამაშო კრიზისისა, მას ფინანსურიც თან ერთვის. ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ განწყობაზე კი ერთიც უარყოფითად მოქმედებს და მეორეც.

ამჟამად დიდიე დეშამის უმთავრესი პრობლემა მაინც ტრავმირებული ლოიკ რემის არყოფნაა. მან ტრავმა "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მიიღო და რამდენი ხანი ვერ ითამაშებს ჯერ არავინ იცის.

"მარსელი" საინტერესო მდგომარეობაშია. მიუხედავად იმისა, რომ პირველადგილოსანს 20 ქულით ჩამორჩება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოქროს მედლების ბედი რაღაც წილად მის ხელშია.

პროვანსელებს ჩემპიონობის ორივე პრეტენტენტთან დარჩათ სათამაშო. "მარსელისა" და პსჟ-ის ურთიერთობა იმდენად ვრცელი თემაა, რომ ახლა ამაზე წერა შორს წაგვიყვანს. ამიტომ მოკლედ გეტყვით, რომ არ არსებობს დედამიწაზე ორი კლუბი, ვის გულშემატკივრებსაც ერთმანეთი ასე ძალიან ეჯავრებათ.

წელიწადში ორჯერ მათი დაპირისპირებების დროს აღნიშნულ ქალაქებში ცხოვრება "ჩერდება" და როგორც ამბობენ, პოლიციელებსა და ექიმებსაც კი ცალი თვალი ტელევიზორისკენ აქვთ გაპარებული.

თუკი "მარსელი" პსჟ-ს თავს შეაკლავს, ქულას მაინც აართმევს და მერე ორიოდე დღეში (11 აპრილს) "მონპელიეს" ასე გასავათებული დაუპირისპირდება...

მოკლედ, ასეთ შემთხვევაში "მარსელს" ხელს არ დაადებენ და უპატიოსნო საქციელში ბრალს არ დასდებენ. ჩვენი მხრივ არ ვამტკიცებთ, რომ ასე მოხდება, მაგრამ მოვლენათა ამგვარ განვითარებას ნურც თქვენ გამორიცხავთ. "მარსელს" ყველაზე ძვირი ფასის გადახდაც კი შეუძლია, ოღონდ მოსისხლე მტრის საჩემპიონო ზეიმი არ იხილოს.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXXI ტური
7 აპრილი
აიაჩო-სტ. ეტიენი 21:00
ბრესტი-ლილი 21:00
დიჟონი-ნანსი 21:00
ევიანი-რენი 21:00
მონპელიე-სოშო 21:00
ვალანსიენი-ტულუზი 21:00
ლიონი-ოსერი 23:00

8 აპრილს
კანი-ბორდო
ნიცა-ლორიანი
პსჟ-მარსელი

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მონპელიე 29 18 6 5 53-27 60
2. პსჟ 30 17 9 4 54-32 60
3. ლილი 30 15 11 4 55-32 56
4. ლიონი 30 15 5 10 47-37 50
5. ტულუზი 30 14 8 8 32-26 50
6. სტ. ეტიენი 30 13 7 10 37-34 46
7. რენი 30 12 9 9 38-34 45
8. ბორდო 30 10 12 8 36-33 42
9. მარსელი 29 10 10 9 36-30 40
10. ევიანი 30 10 9 11 42-43 39
11. ნანსი 30 9 9 12 29-37 36
12. ვალანსიენი 30 9 7 14 29-36 34
13. დიჟონი 30 9 7 14 37-49 34
14. ლორიანი 30 7 11 12 28-38 32
15. აიაჩო 30 7 11 12 31-49 32
16. ნიცა 30 7 10 13 30-36 31
17. ბრესტი 30 5 15 10 24-29 30
18. კანი 30 7 9 14 32-44 30
19. სოშო 30 7 9 14 31-46 30
20. ოსერი 30 5 12 13 35-44 27

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული