კარლო ანჩელოტი ალეშანდრე პატოს არ ეშვება

AutoSharing Option
საფრანგეთის 37-ე ტურის შემდეგ "პარი სენ-ჟერმენსა" და "მონპელიეს" შორის 3-ქულიანი სხვაობა შენარჩუნდა.

ლიგა 1-ის ლიდერებს ბოლო ტურში გასვლითი შეხვედრები ელით. პირველადგილოსანს გასვლაზე "ოსერთან" მოუწევს დაპირისპირება.

უკანასკნელი ელიტიდან უკვე გავარდნილია და მხოლოდ საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებისთვის თუ გაირჯება. რაც შეეხება "ლურჯ-წითლებს", მას "ლორიანთან" ელის თამაში.

ელზასელები 39 ქულით მე-14 ადგილზე არიან, თუმცა გასავარდნ ზონას სულ რაღაც 1 ქულით უსწრებენ და ბუნებრივია, ქულის ასაღებად მაქსიმალურად დაიხარჯებიან.

ასე რომ, "პარი სენ-ჟერმენის" მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს, ალბათ, მოუწევთ "მონპელიეს" წარმომადგენელთათვის ჩემპიონობის მილოცვა. "თუკი საჩემპიონო რბოლაში "მონპელიემ"
იმარჯვა, გულწრფელად მოგვიწევს მათი დამსახურების აღიარება.

ახლა ისღა დაგვრჩენია, ჩვენ ჩვენი თამაში მოვიგოთ და მათ წაფორხილებას დაველოდოთ. მათ ბოლო ტურში 3 ქულის აღების მშვენიერი შანსი აქვთ, მაგრამ ჩვენ ამაზე არ უნდა ვიფიქროთ. რაც უნდა მოხდეს, მაინც სერიოზულ შედეგს მივაღწიეთ. მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშებთ," – თქვა "ფრანს ფუტბოლთან" ინტერვიუში კარლო ანჩელოტიმ.

მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ს ჩემპიონობის მიზერული შანსი აქვს, კლუბის ხელმძღვანელობა არ აპირებს მომდევნო სეზონისთვის დანებებას და გუნდის გასაძლიერებლად ისევ ყველა ღონეს იხმარს.

მოგეხსენებათ, პარიზელები იანვარში "მილანიდან" ალეშანდრე პატოს შეძენას ცდილობდნენ, მაგრამ "როსონერის" ხელმძღვანელობა გარიგებაზე არ წავიდა. ამ ზაფხულს პსჟ კიდევ ერთხელ შეეცდება 22 წლის ფეხბურთელის გადაბირებას. ფრანგები მზად არიან, ტრავმამიდრეკილ ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო გადაიხადონ.

გარდა პატოსი, პარიზელები "რეალიდან" გონსალო იგუაინის შეძენასაც გეგმავენ. ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს. მოლაპარაკებებში მთავარი შუამავალი ხავიერ პასტორეა. პსჟ-ის 22 წლის ვარსკვლავი ადასტურებს, რომ პროცესი მიმდინარეობს, თუმცა დასრულებამდე მას კიდევ ბევრი აკლია.

ფრანგული პრესა წერს, რომ "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო უკმაყოფილო დარჩა, როცა კლუბმა მის შეგირდს პროცესში ჩართვის უფლება მისცა, რადგან პორტუგალიელი არ აპირებს იგუაინის გუნდიდან გაშვებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული