ლიგა 1. ახალი ჩემპიონი: ყველაზე ხანგრძლივი თამაში კარიერაში

AutoSharing Option
კვირას, საღამოს, საფრანგეთის 38-ე ტურის ყველა მატჩი ჩვენი დროით 23:00-ზე დაიწყო და წესით, ყველა დროის მოკლე ინტერვალში უნდა დამთავრებულიყო. თუმცა თამაში (ოსერი-მონპელიე), სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა მომხდარიყო (მთელი ქვეყანა ახალი ჩემპიონის დაბადებას ელოდა), მასპინძელ გულშემატკივართა მიერ ტრიბუნებზე მოწყობილი არეულობების გამო სამჯერ შეწყდა.

ისინი მოედანზე ჩოგბურთის ბურთებს, ტუალეტის ქაღალდებს, პომიდვრებსა და პიროტექნიკურ საშუალებებს ისროდნენ.

ამის გამო თამაში მეტისმეტად გაიწელა. ის სხვებზე თითქმის 45 წუთით გვიან დასრულდა.

"ოსერთან" თამაშის დამთავრების შემდეგ ჩემპიონების მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტების წინაშე საჩემპიონო მატჩის შთაბეჭდილებებზე ილაპარაკა: "ჩვენი
გამარჯვება ფრანგულ ფეხბურთზე დადებით ზეგავლენას მოახდენს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ვინმეს წინაშე შიში უსაფუძვლოა და რაც მთავარია, მნიშვნელოვანია, რომ ყოველ მატჩში ბოლომდე იხარჯებოდე.

ფანტასტიკური სეზონი იყო და ჩემი ფეხბურთელებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ 100%-ით დავიმსახურეთ ეს ტრიუმფი.

მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები არიან, მათ შეძლეს და ბოლომდე შეინარჩუნეს ცივსისხლიანობა.

ახლა ჩემპიონთა ლიგაში მოგვიწევს თამაში და არათუ შემადგენლობის შენარჩუნება, არამედ ფეხბურთელების გადმობირებაც კი არ გვაწყენდა, რათა ამ ტურნირში თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ.

როცა ტრიბუნებზე სიტუაცია ძალიან იძაბება, ყოველთვის ნერვიულობ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ყველაფერი დასრულდეს.

თუმცა სჯობს გვიან მაინც ჩაწყნარდეს, ვიდრე ყველაფერი დაუსრულებლად გაიწელოს. რაღაც მომენტში მომეჩვენა, რომ ამ ყველაფერს ბოლო არ ექნებოდა და მსაჯს ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა ყველაფერი დილის 5 საათამდე გაგრძელებულიყო. შესაძლოა, ეს იყო ყველაზე გრძელი მატჩი ჩემს კარიერაში".


მატჩის დასრულების შემდეგ "მონპელიეს" პრეზიდენტმა ლუი ნიკოლენმა გულშემატკივრებისთვის მიცემული პირობა შეასრულა და "იროკეზის" ვარცხნილობა დაიტოვა და რაც მთავარია, დარჩენილი თმა საკლუბო ფერებში (ნარინჯისფერი და ლურჯი) შეიღება.

რაც მთავარია, ის აცხადებს, რომ თუკი 2012/13 წლების ჩემპიონთა ლიგას მისი გუნდი მოიგებს, მზადაა, თმაც კი გადაიპარსოს, - იუწყება "ეკიპი".

ნიკოლენმა "მონპელიე" 1974 წელს შეიძინა. პირველი სერიოზული გამარჯვება, საფრანგეთის თასი, კლუბმა 1990 წელს მოიპოვა, 1992 წელს კი ლიგის თასსაც დაეუფლა.

ახალმა ჩემპიონებმა 82 ქულა დააგროვეს და "პარი სენ-ჟერმენს" 3-ით გაუსწრეს. ლიგა 1-ის ბრინჯაოს პრიზიორი შარშანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული "ლილი" შეიქნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული