საფრანგეთის ნაკრები - ტირანების დრო

AutoSharing Option
გთავაზობთ "ევროსპორტის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას აწ უკვე საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, დიდიე დეშამის ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შესახებ. ვფიქრობთ, ვლადიმირ შოლკის მსჯელობა საკმაოდ საინტერესოა.

"ევროსპორტი" მიდის დასკვნამდე, რომ დიდიე დეშამის საფრანგეთის ნაკრების თავკაცის პოსტზე დანიშვნას უფრო წინააღმდეგობები უშლიდნენ ხელს, ვიდრე რეალური კონკურენტები.

საფრანგეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებში განვითარებული მოვლენების ანალიზისას კი კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ეს როლი ყოველ ჯერზე უფრო ნაკლებად პრესტიჟული ხდება, რადგან გუნდის თავკაცი უკვე ძალიან ბევრს რისკავს, როცა პოსტს თანხმდება.

პირველ რიგში, ის საკუთარ პერსპექტივას აყენებს ეჭვქვეშ,
რადგან ჩვენს დროში ბევრად უფრო პოპულარულ საკლუბო ფეხბურთში დაბრუნება ამის შემდეგ ძალიან რთულია - განსხვავება ამ ორ "ჟანრს" შორის ძალიან დიდია. მიზეზი №2 ფინანსებია.

ესპანეთის ნაკრებში ვისენტე დელ ბოსკეს რამდენჯერმე ცოტას უხდიან, ვიდრე ჟოზე მოურინიოს "რეალში".

თუმცა უნდა ითქვას, რომ ჭაღარა სპეციალისტს კიდევ გაუმართლა, რადგან მისი კოლეგები არცთუ უკანასკნელი ნაკრებებიდან ნამდვილად შენატრიან მის ანაზღაურებას.

დიდწილად სწორედ ამ მიზეზის გამო სახელგანთქმული სპეციალისტები საკლუბო კარიერას ანიჭებენ უპირატესობას და ამ გზიდან გადახვევას იშვიათად თუ თანხმდებიან.

ზოგიერთს არცკი ხიბლავს იმის პერსპექტივა, რომ შეუძლია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მოსაგებად იბრძოლოს. დაბოლოს, წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში კანდიდატების სიას ის ავიწროებს, რომ საფეხბურთო ფუნქციონერებს არა და არ სურთ ტრადიციის დარღვევა და მხოლოდ "შინაურ" სპეციალისტებს ეძებენ.

ამ წესიდან გამონაკლისი არსებობს, მაგრამ რაც უნდა იყოს, "წესი წესია". რეალურად ელიტურ ნაკრებში უცხოელის მიწვევა მხოლოდ იმ დროს ხდება, როცა თავისი კვალიფიციური მწვრთნელები კატასტროფულად აკლიათ - ზუსტად ისე, როგორც ეს ორჯერ ინგლისში გააკეთეს და ერთხელ პორტუგალიაში, სადაც ლუიშ ფელიპე სკოლარი 6 წლის განმავლობაში საკმაოდ წარმატებით მუშაობდა.

მომგებიანი მდგომარეობა
ნამდვილი საფეხბურთო იმპერიები კი ამ ნაბიჯის გადადგმას ერიდებიან. სწორედ ამიტომ არ გვგონია, რომ უახლოეს წლებში ვიხილოთ, როგორ არჩევს საუკეთესო არგენტინელ ფეხბურთელებს გერმანელი ან იტალიელებს - პოლონელი.

სამაგიეროდ, ის, რაც ჰოლანდიაში მოხდა, როცა ლუის ვან გაალს, პრაქტიკულად, ალტერნატივა არ ჰყავდა, დარწმუნებულები ვართ, რომ კიდევ და კიდევ გამეორდება.

მსგავსი რამ საფრანგეთშიც უკვე მოხდა. მსგავსება ამ ორ შემთხვევას შორის ძალიან ბევრია და მხოლოდ იმას არ ვგულისხმობთ, რომ ამიერიდან "სამფეროვანთა" თამაშსაც ტირანული მეთოდების მწვრთნელი უხელმძღვანელებს. მთავარი მსგავსება ის არის, რომ მათ ალტერნატივა, პრაქტიკულად, არ ჰყოლიათ.

სწორედ ამ ფაქტორმა განსაზღვრა უკანასკნელი 10-12 დღის მოვლენები. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, დეშამი სარგებლობდა რა, რომ ერთადერთი სრულფასოვანი კანდიდატი გახლდათ, ზეწოლას ახორციელებდა ფედერაციის პრეზიდენტ ნოელ ლე გრაეზე, ვინც ის ნაკრების საჭესთან კი მიიპატიჟა, მაგრამ სარფიანი კონტრაქტის შეთავაზება დაავიწყდა - სარფიანი, ბუნებრივია, დიდიეს შეფასებით.

თუმცა, რაც უნდა "ცხელი" დებატები გამართულიყო, მხარეებმა ბოლოს შეთანხმებას ხელი მაინც მოაწერეს - გავრისკავთ და ვიტყვით: მწვრთნელის პირობებით. რისკი, რომ დეშამი შეცდებოდა, მიზერული იყო, რადგან მას ხელთ ისეთი არგუმენტები ეპყრა, რომ ყველაზე მოხერხებულ ფუნქციონერსაც კი მუხლებზე დააყენებდა.

მსოფლიოს 2014-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ლე გრაეს არ ჰქონდა უფლება, საფრანგეთი მსოფლიო კლასის დამრიგებლის გარეშე დაეტოვებინა. ასეთი კი ამ ქვეყანაში სულ სამია.

აქედან ერთი ნაკრებიდან სულ რამდენიმე დღის წასული იყო; მეორის დანიშვნაზე კი შეეძლო არც ეოცნება იმის გათვალისწინებით, რამდენად განუყრელ ცნებებად გადაიქცა არსენ ვენგერი და "არსენალი". დიდიეს კი ნამდვილად შეეძლო უარი ეთქვა, რადგან "მარსელში" 3-წლიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ რამდენიმე თვით დასვენება ნამდვილად არ აწყენდა.

აქ კი ნამდვილი პრობლემები იწყება
როგორც უკვე იცით, დასვენების დრო ნაადრევად გათეთრებულ სპეციალისტს ამ შემოდგომაზე არ ექნება.

რელაქსაციის მაგიერ მას, როგორც ჩანს, "სამფეროვანთა" რეორგანიზაცია მოუწევს. ეს კი ნამდვილად დიდი პრობლემა იქნება. ბლანისგან განსხვავებით, რომელსაც უფრო კომბინაციური ფეხბურთი იტაცებდა, დეშამის მუშაობას იტალიური გავლენა ეტყობა.

ის შეეცდება, უპირველესად, მეტოქეებს ცხოვრება გაურთულოს. ასე რომ, ზედიზედ 75 ზუსტი პასით რეკორდის დამყარება მისი მიზანი ნამდვილად არ იქნება.

დეშამის მიწვევით ლე გრაემ თავი დაიზღვია ისეთი შემთხვევისგან, რაც საფრანგეთს ევრო 2012-ზე დაემართა, როცა შესარჩევ ეტაპზე ბრწყინვალედ თამაშის შემდეგ ფინალური ეტაპისთვის ბლანმა ფეხბურთელები ისე მოამზადა, რომ მათ ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩისთვის თამაშის სურვილი დაკარგეს და პლეი ოფში კი სულაც სირბილიც დაავიწყდათ. დეშამის გუნდები, ტრადიციულად, ამტანობით გამოირჩევიან და არ გვგონია, რომ ფრანგებმა იგივე შეცდომები გაიმეორონ.

თუმცა დეშამს თავისი სისუსტეებიც აქვს. "მარსელში" მას ყოველთვის უჭირდა გუნდთან კონტაქტი. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ფეხბურთელთა მორჩილება ძალაუფლების მოყვარული მწვრთნელისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები.

სხვათა შორის, ის ამ შემთხვევაშიც ძალიან ჰგავს ვან გაალს. ისე, ფრანგს საკუთარ თავში დიპლომატის ნიჭიც რომ აღმოეჩინა, არ იქნებოდა ცუდი. თუნდაც იმიტომ, რომ 2012 წლის შემოდგომაზე უსასრულო სკანდალებით დაღლილი გუნდისთვის მწვრთნელი-მშვიდობისმყოფელი ისევე საჭიროა, როგორც მწვრთნელი-მოტივატორი და მწვრთნელი-სტრატეგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული