პარიზელებსა და მილანელებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდა და საბოლოოდ შეთანხმებით დასრულდა - ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, ლომბარდიული გრანდის ბიუჯეტი 42 მილიონი ევროთი გამდიდრდება -
დღეს რთულია იმაზე ლაპარაკი, რა უფრო კარგია - 42 მილიონი ევრო თუ ტიაგო სილვა, მაგრამ ერთი ფაქტია:
მილანელებმა სატრანსფერო ბაზრისკენ გზა გაიხსნეს. თუ სილვას ზლატან იბრაჰიმოვიჩიც მიჰყვა და თანაც, დაახლოებით იმავე ფასში, აღებული თანხებით ლომბარდიელებს ახალი გუნდის ჩამოყალიბების საშუალება მიეცემათ.
უკვე გავრცელდა კიდეც ათასგვარი ინფორმაცია, რომელთა შორის ყველაზე პოპულარული ისევ და ისევ კარლოს ტევესის თემაა. მილანელები მზად არიან, არგენტინელში 20 მილიონი ევრო გადაიხადონ, ინგლისელები კი, ტრადიციულად, ჭოჭმანობენ.
ვნახოთ, რა გმირობებს ჩაიდენენ "როსონერის" მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე. იქამდე კი ალესანდრო ნესტას გადავცეთ სიტყვა, რომელიც ტიაგოს გაყიდვის ფაქტმა ფრიად გააკვირვა:
"სიმართლე გითხრათ, ვერაფრით ვხვდები, თუ რატომ გაყიდეს მილანელებმა ტიაგო სილვა. მასთან ერთად წლების განმავლობაში ვთამაშობდი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთანაც კი ოდესმე მიასპარეზია.
ძალიან დამწყდა გული, რადგან მის გარეშე "მილანს" დაცვაში აშკარად გაუჭირდება. ვიტოვებ იმედს, რომ ადრიანო გალიანი ტიაგოს ღირსეულ შემცვლელს იპოვნის, თუმცა აშკარაა, რომ ეს ძალიან გაუჭირდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"