ლუკას მოურას ტრანსფერის განხორციელების შემდეგ 2012/13 წლების ჯამურმა ხარჯმა 141 მილიონ 700 ათასი ევრო შეადგინა.
სეზონის პირველ მატჩში ჩემპიონი "მონპელიე" "ტულუზს" 10 აგვისტოს უმასპინძლებს, ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტი კი "ლორიანთან" შეხვედრით იწყებს.
სწორედ "ლურჯ-წითლების" ფაქტორის გამოა, ლიგა 1 შარშანდელთან შედარებით არნახულად დიდ ინტერესს რომ იწვევს.
ძალიან ბევრი საფეხბურთო ექსპერტის აზრით, საფრანგეთის უმაღლესი ლიგა წელს ისეთი დამაინტრიგებელი აღარ იქნება, თუმცა, მეორე მხრივ, ევროპაში კიდევ ერთი გრანდის დაბადების პროცესი
პარიზელთა სათავეში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი დგას. კარლო ანჩელოტის უკვე მოგებული აქვს იტალიის სერია A ("მილანი", 2004) და ინგლისის პრემიერლიგა ("ჩელსი" 2010). მესამე ელიტური ლიგის მოგება კი, დაგვეთანხმებით, განსაკუთრებული მოვლენაა.
ახალი გუნდი, ახალი ამბიციები
ახალი სეზონიდან კარლეტოს განკარგულებაში განსაკუთრებული ფეხბურთელები იქნებიან. დიახ, ლიგა 1-ისთვის მას შარშანაც კარგად დაბალანსებული გუნდი ჰყავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მან ადგილობრივ სპეციფიკას ასე იოლად ალღო ვერ აუღო და ხანგრძლივი წაუგებელი სერიით "გაყოყოჩებული" შეგირდები ვეღარ დაიმორჩილა.
სამაგიეროდ, ყველაფერი რიგზე ჰქონდა გუნდში რენე ჟირარს და ფინიშის ხაზი პირველმა სწორედ მან გადაკვეთა. რაც ახლა "პარკ დე პრენსზე" ხდება, ამას ალბათ ნებისმიერი მწვრთნელი ინატრებდა. აბა, ვინ იტყვის უარს ზლატან იბრაჰიმოვიჩის, ესეკილ ლავეცის, ტიაგო სილვასა და ლუკას მოურას გაწვრთნაზე.
ამ კომპანიაში განგებ არ ვახსენებთ მარკო ვერატის, ვინც ნაკლებად რეკლამირებული ფეხბურთელია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ თავისი საქმის კეთება ვინმეზე ნაკლებად იცის.
ერთია, რომ პარიზელთა შეტევის ხაზი ქაღალდზე მეტოქეებს შიშს უნდა ჰგვრიდეს, მაგრამ მეორეა, რამდენად მოახერხებენ ახალწვეულები შეთამაშებას. იმის თქმა ნამდვილად არ გვინდა, რომ არაფერი გამოუვათ, მაგრამ ერთია მოლოდინი, მეორე - რეალობა. თავდასხმა პსჟ-ს შარშანაც დიდებული ჰყავდა. შემთხვევითი არ იყო, რომ გუნდმა ყველაზე მეტი - 75 გოლი შეაგდო ჩემპიონატში.
დედაქალაქელებს უკანა ხაზის არასტაბილურმა თამაშმა საბოლოოდ ხელი შეუშალა წარმატებაში. ალექსისა და ტიაგო სილვას დუეტმა, წესით, ეს პრობლემა უნდა აღმოფხვრას.
კლუბის მესაკუთრეთა ამბიციები მხოლოდ შიდა ასპარეზზე მიღწეული წარმატებებით არ შემოიფარგლება. ანჩელოტისა და მის ბოსებს კარგად უნდა ახსოვდეთ "მანჩესტერ სიტის" შარშანდელი მაგალითი, როცა ფანტასტიკური შემადგენლობის მიუხედავად, "ქალაქელებმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახეს, დათმეს რა პლეი ოფის საგზური "ბაიერნთან" და "ნაპოლისთან".
ის, რომ პსჟ დიდ პოტენციალს ფლობს, ცხადია. ანჩელოტის ფეხბურთელებმა ეს სეზონის წინა მოსამზადებელ მატჩებშიც დაამტკიცეს, მაგალითად, "ბარსელონასთან".
ნამდვილად არ გვეგულება ბევრი გუნდი, ვინც "ბლაუგრანასთან" ორბურთიან ფორას გააბათილებს. რამდენად თამამად შეიძლება ამის მერე მტკიცება, რომ ეს გუნდები თანაბარი ძალისანი არიან, სხვა საქმეა, თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში ტიტო ვილანოვას "ბარსას" დამარცხება რომ შეიძლება, მკითხველი ალბათ დაგვეთანხმება.
სხვები
რა შეიძლება ითქვას ჩემპიონატის დანარჩენ ლიდერებზე? სახარბიელო მდგომარეობა არცერთ გუნდში არ არის.
"ლიონისა" და "მარსელის" ფინანსურ პრობლემებზე ჩვენს მკითხველს მოეხსენება.
"ლილმა" გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ედენ აზარი დაკარგა, "მონპელიემ" - ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ოლივიე ჟირუ.
ლიონი
შემოგთავაზეთ სრულად ლიგა 1-ის ტრანსფერები (იხილეთ ვრცლად). თუკი დააკვირდით, ნახავდით, რომ "ლიონს" რეალურად არცერთი სერიოზული ფეხბურთელი არ დაუმატებია. რემი გარდს ისევ შარშანდელი ფეხბურთელებით მოუწევს ფონს გასვლა.
ეგ კი არა, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, დარჩება თუ არა "სტად დე ჟერლანზე" კაპიტანი კრისი. 35 წლის ბრაზილიელს სამშობლოში დაბრუნებას სთავაზობდნენ, მაგრამ ფეხბურთელმა საყვარელ გუნდს ვერ უგანა. მას კარიერის დასრულება სწორედ საფრანგეთში სურს. ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო კრისს ურთიერთობა დაეძაბა პრეზიდენტ ჟან-მიშელ ოლასთან, მაგრამ "ლიონს" მან მაინც ვერ უღალატა.
ფრანგული პრესა ბევრს წერდა გუნდიდან უგო ლორისის შესაძლო წასვლაზე. საფრანგეთის ნაკრების 25 წლის მეკარეს "ტოტენჰემი" იწვევდა და რასაკვირველია, ბევრად უკეთეს პირობებს სთავაზობდა, ვიდრე მას ამჟამად აქვს, მაგრამ აბარგება საბოლოოდ არც მან ინება.
თუკი რემი გარდი შარშანდელივით ყველა ტურნირს არ "მოედება" და აქცენტს რომელიმეზე გააკეთებს, მას ნამდვილად შეეძლება რომელიმეზე ჩაბღაუჭება. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ შარშან "ლიონი" სწორედ რამდენიმე ფრონტზე ბრძოლამ გამოფიტა. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, გუნდმა უზარმაზარ დატვირთვას ვერ გაუძლო და გადაიწვა.
მარსელი
სიტუაცია "მარსელის" ირგვლივ ყველაზე მძიმეა. უკვე ვწერდით, რომ გასული სეზონის დასრულების შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მიიღებდნენ თუ არა პროვანსელები ლიცენზიას პროფესიული ლიგისგან, რადგან ბიუჯეტში სერიოზული გარღვევა ჰქონდათ.
ეს საკითხი დადებითად გადაწყდა, მაგრამ არაფერი ეშველა შემადგენლობის გაძლიერებას. არადა, ელი ბოპის გუნდს ახალი ფეხბურთელები ჰაერივით სჭირდება. "ველოდრომზე" არცერთი კვალიფიციური ფეხბურთელი არ გამოჩენილა.
ლილი
"ლილმა" ედენ აზარი "ჩელსიში" გაუშვა. ბელგიელის წასვლა მარტო "ძაღლების" კი არა, მთელი ფრანგული საკლუბო ფეხბურთისთვის დიდი დანაკარგია.
რუდი გარსიამ "სოშოდან" მარვენ მარტენი იყიდა. უკანასკნელი რომ დიდი პოტენციალის ფეხბურთელია, ამაზე არ ვკამათობთ, მაგრამ მაინც ეჭვი გვეპარება, საფრანგეთის ნაკრების წევრმა აზარის წასვლით გამოწვეული სიცარიელე შეავსოს.
ჩრდილოელებმა ერთი ძალიან კარგი შევსებაც მიიღეს - ექსჩელსელი სალომონ კალუ გუნდს ნამდვილად გააძლიერებს. სხვა თუ არაფერი, ივუარელს ჩემპიონთა ლიგაში თამაშის სერიოზული გამოცდილებაც აქვს.
მონპელიე
ცხადია, "მონპელიეს" ჩემპიონის ტიტულისთვის დაცვა ძალიან გაუჭირდება და არამხოლოდ იმიტომ, რომ ოლივიე ჟირუს დაემშვიდობა.
ჯერ კიდევ არ გარკვეულა, დარჩება თუ არა "სტად დე ლა მოსონზე" დაცვის ლიდერი მაპუ იანგა-მბივა. მას "მილანი" იწვევს.
მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ ყველა განსაკუთრებულად მოინდომებს და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა რენე ჟირარის გუნდს დიდ ენერგიას წაართმევს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"