იტალიელის თქმით, ამ ეტაპზე პსჟ-ის მთავარი პრობლემა შემტევ ფეხბურთელებს შორის შეუთამაშებლობაა.
"საშინელება იყო, რადგან შეხვედრის მოსაგებად კლასი არ გვეყო. წინა ხაზში შეთანხმებული მოქმედებები ნულამდე იყო დასული. არადა, პირველ ტურში "ლორიანთან" ძალიან ბევრი საგოლე სიტუაცია გავანიავეთ.
დღეს რა მოხდა, ამას ვერ გეტყვით. პირველ ტაიმში ერთადერთი სახიფათო მომენტი ჟერემი მენეზმა შექმნა.
აუცილებელია მოედანზე ბალანსის პოვნა. ამისთვის კი ძალიან ბევრი შრომა მოგვიწევს,"
იმავე პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელს თან ახლდა გუნდის ახალი კაპიტანი კრისტოფ ჟალე. გავეცნოთ მის მოსაზრებებსაც:
"თუკი გამარჯვებები გვინდა, მოედანზე ბევრად უფრო მეტი თავდადება გვმართებს. დაცვაში დღეს უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე "ლორიანთან", მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
აუცილებელია ქულების რეგულარულად დაგროვება, რათა ჩემპიონატის ლიდერებთან ფორის შექმნის საშუალება არ მივცეთ. თუკი მოტივაციაზე ვილაპარაკებთ, გუნდს მსგავსი რამ არც ეტყობოდა.
მომდევნო შეხვედრებში "ბორდოსა" (26 აგვისტო) და "ლილს" (2 სექტემბერი) ვხვდებით და აუცილებლად უნდა მოვიგოთ".
ლავესი არ იქნება. იბრა?
"ბორდოსთან" "პარკ დე პრენსზე" გასამართ შეხვედრაში "ლურჯ-წითლებს", დიდი ალბათობით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ისევ არ ეყოლებათ. ისევ იმიტომ, რომ მიკროტრავმის გამო მას "აიაჩოსთანაც" არ უთამაშია.
შვედმა ვარსკვლავმა ვარჯიში გუშინ დილას განაახლა და შესაძლოა, კვირისთვის ფორმაში შესვლა ვერ მოასწროს.
მიუხედავად იმისა, რომ კარლეტოს "აიაჩოსთან" გაძევებული ესეკილ ლავესიც არ ეყოლება, მისი შტაბი მოვლენათა ფორსირებას მაინც არ აპირებს. ასეთ შემთხვევაში იტალიელი მწვრთნელი გიიომ ოაროსა და კევინ გამეიროს დუეტს დაეყრდნობა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"