ლიგა 1. პსჟ-ბორდო. გამოხმაურება: ხარისხიანი ფრე - სასიხარულო და არც ისე

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 1-ში ტურის ცენტრალური მატჩი პარიზის "პარკ დე პრენსზე" გაიმართა, სადაც "პარი სენ-ჟერმენმა" "ბორდოს" უმასპინძლა და 0:0 ითამაშა.

წინა ორი მატჩი პარიზულმა გრანდმა უცნაურად ჩაატარა. პირველ ტურში გუნდის დაცვამ ითამაშა უსუსურად, მეორეში - თავდასხმამ. ახლა ერთსაც არა უშავდა და მეორესაც.

"ლურჯ-წითლებმა" მხოლოდ და მხოლოდ ფრედ ითამაშეს. ფრანგი საფეხბურთო ექსპერტები უკვე ალაპარაკდნენ, რომ მათდა საბედნიეროდ, ქვეყნის ჩემპიონატს გამოკვეთილი ფავორიტი ისევ არ ჰყავს.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ დედაქალაქელებს იოლი მატჩი არ ელოდათ. ამას ისინი წინასწარ აცნობიერებდნენ და ხმამაღლაც აცხადებდნენ.

"ბორდო" სახიფათო
იყო თუნდაც იმიტომ, რომ წინა ჩემპიონატიდან მოყოლებული, ჟირონდელებს ზედიზედ 8 მატჩი ჰქონდათ მოგებული. "პარკ დე პრენსზე" კი მეათედ დატოვეს მინდორი ბეჭდაუდებლად.

ორიოდე სიტყვა თამაშის მიმდინარეობაზეც ვთქვათ. პირველი 20 წუთის განმავლობაში გულშემატკივარმა წლის საუკეთესო პსჟ იხილა. მასპინძლებმა სრული უპირატესობა იგდეს ხელთ და სედრიკ კარასოს კართან დიდი ხანძარი ააგიზგიზეს.

საჯარიმოში, პრაქტიკულად, ყველა ჩაწოდება ნახულობდა ადრესატს. გოლი თითქოს დროის საკითხი იყო, მაგრამ ხავიერ პასტორესა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს ბოლო მომენტში რაღაც უშლიდათ ხელს.

განსაკუთრებულად ეფექტური შვედი ვარსკვლავი იყო, ვინც უჩვეულოდ დიდ სამუშაოს ასრულებდა. მსგავს ზეწოლას ძნელად რომ რომელიმე გუნდმა გაუძლოს, მაგრამ ფრანსის ჟიიოს ფეხბურთელებმა ეს მოახერხეს.

იბრასა და კომპანიის შეტევებს ბოლო წუთამდე შედეგი არ გამოუღია. თამაშის შემდეგ გუნდების მთავარი მწვრთნელების მონაწილეობით სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა.

კარლო ანჩელოტი (პარი სენ-ჟერმენი): "საბოლოო ჯამში, ძალიან კარგად არ გვითამაშია. რასაკვირველია, არც შედეგით შეიძლება ვიყოთ კმაყოფილები, რადგან ჩვენს გუნდს ნამდვილად აქვს ის პოტენციალი, რომელიც ამ საღამოს არ გამოჩენილა.

ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ ძალიან შორს მეტოქის კარისგან. აუცილებელია, შეტევაშიც გავაძლიეროთ თამაში.

ყველაფერ იმის გაუმჯობესებას, რაზეც ვლაპარაკობ, დრო სჭირდება. ზოგიერთი ფეხბურთელი ჩვენთან ახალი მოსულია, ზოგს - ტრავმა აქვს, ზოგმა სულ ახლახან მოიკეთა. ასე რომ, ყველაფერს თავისი ახსნა შეიძლება მოეძებნოს. ჩვენ ჯერ კიდევ გაქვს დიდი დრო თამაშის გასაუმჯობესებლად".


ფრანსის ჟიიო (ბორდო): "ჩვენთვის ეს კარგი შედეგია, მით უფრო, რომ ჩვენ წინააღმდეგ პსჟ თამაშობდა. მეტოქე ქაღალდზეც და რეალურადაც ფავორიტი იყო. მართალია, დღეს ვერ გავიტანეთ, მაგრამ წინა მატჩებისგან განსხვავებით, არც გაგვიშვია. მცველებმა თავიანთი საქმე იდეალურად შეასრულეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული