ლიგა 1. V ტური: ოლიმპზე ისევ ოლიმპიკები არიან

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მეხუთე ტური პარასკევს დაიწყო. პარიზში "პსჟ"-მ "ტულუზს" უმასპინძლა და ჩემპიონატში მეორე მატჩი მოიგო, მოქმედმა ჩემპიონმა "მონპელიემ" კი ხუთ თამაშში მესამე წააგო და გასავარდნ ზონას მიუახლოვდა...

როგორც იქნა, სხვამაც გაიტანა
"პარი სენ-ჟერმენს" მეხუთე ტურამდე 4 გოლი ჰქონდა გატანილი და ოთხივე ზლატან იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზე იყო. როგორც იქნა, თავის გამოჩენა სხვა ფეხბურთელმაც შეძლო - გოლი ხავიერ პასტორემ გაიტანა. "ტულუზი" მრისხანე მეტოქესთან ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ შეხვედრის 38-ე წუთზე სტუმრებს კონტრშეტევა გაეპარათ, რომელიც გოლით პასტორემ დაასრულა.

მეორე ტაიმში თავი შვედმაც გამოიჩინა და
მეოთხე შეხვედრაში უკვე მეხუთე გოლი გაიტანა. სტუმრებს გუნდის კაპიტანი, ჯონათან ძებინა არ ჰყავდათ - ძირითადში მისი შეცვლა 19 წლის სტივი იაგოს მოუწია, რომელიც ლიგა 1-ში მხოლოდ მესამე მატჩს ატარებდა. რა გასაკვირია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს იბრა-პასტორე-მენეზის ტრიოსთან გამკლავება გაუჭირდა.

მეორე გოლის შემდეგ პარიზელებს მომენტები კიდევ ჰქონდათ, მაგრამ კარგად თამაშობდა სტუმართა კიპერი აჰამადა. ერთ ეპიზოდში კი ალექსის თავური კაპუმ გამოიტანა კარის ხაზიდან. საბოლოოდ 2:0 და ანჩელოტის გუნდმა საკუთარ მოედანზე პირველი თამაში მოიგო.

კარლო ანჩელოტი: "ტულუზმა" შეტევაში კარგად ითამაშა, მაგრამ ჩვენ თავს მშვენივრად ვიცავდით. ორივე ბურთი საკმაოდ კარგი კომბინაციის შემდეგ გავიტანეთ. განსაკუთრებით, პასტორეს გოლი მინდა გამოვარჩიო. ამ შეხვედრაში ზუსტად იმ ფეხბურთელებს ვენდე, ვინც "ლილთან" ითამაშა. საინტერესოა, რამდენად შეძლებენ ეს მოთამაშეები ჩემპიონთა ლიგისთვის კონდიციების აღდგენას".

"ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მატჩი იყო. სანაკრებო მატჩების შემდეგ ოდნავ გადაღლილი ვიყავი, მაგრამ კარგია, რომ გოლი გავიტანე. ვფიქრობ, "პარი სენ-ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგისთვის მზად არის.

მომდევნო მატჩი სამ დღეში გველის და აუცილებლად მზად უნდა ვიყოთ. უმნიშვნელოვანესია ტიაგო სილვას დაბრუნებაც. მასთან ერთად ჩვენ გაცილებით ძლიერი გუნდი ვიქნებით" - განაცხადა ჟურნალისტებთან ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

მორიგი შეხვედრა წააგო "მონპელიემ". რენე ჟირარის გუნდს ამჯერად "რეიმსმა" აჯობა 3:1. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონს წინ "არსენალთან" შეხვედრა ელის, ჟირარმა ძირითადი შემადგენლობით ითამაშა, მაგრამ სტუმრებს ვერც ამან უშველა.

მასპინძელთა მხრიდან თავი დიეგომ, გლომბარმა და კურტეტმა გამოიჩენეს. ამ მარცხის შემდეგ "მონპელიე" 4 ქულით გასავარდნ ზონასთან არის, "რეიმსი" კი ჯერჯერობით შესანიშნავად გამოიყურება - დებიუტანტი 7 ქულით ცხრილის ზედა ნაწილშია.

რენე ჟირარი (მონპელიე): "ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ არ გაგვიმართლა. საკმაოდ სულელურ გოლებს ვუშვებთ, რაც საგანგაშოა. "არსენალთან" მატჩისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ და ასეთი შეცდომები არ დავუშვათ".

ლორიანის საოცარი სვლა გრძელდება
მეხუთე ტურის ერთ-ერთი სენსაცია ბრეტანულ დერბიში დაფიქსირდა - "ლორიანმა" სტუმრად 2:1 მოუგო "რენს". ფრედერიკ ანტონეტის გუნდმა ჩემპიონატი ძალიან ცუდად დაიწყო (1 მოგება და 3 წაგება), "ლორიანი" კი პირველ ტურებში მთავარი მოულოდნელობების შემოქმედი იყო.

გურკუფის გუნდმა პირველ ტურში პარიზში "პსჟ"-სთან ითამაშა ფრედ, თანაც სტუმრები პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს იგებდნენ. მეორე ტურში კი შინ "მონპელიე" დაამარცხა.

მესამე სენსაცია "სტად დე ლა როუტ დე ლორიანზე" მოხდა. მიუხედავად ცუდი სტარტისა, დერბის ფავორიტად "რენი" მიიჩნეოდა, მაგრამ ალენ ტრაორემ 23-ე წუთზე დააწინაურა სტუმრები.

პირველი ტაიმის ბოლოს კი ტრაორემ მეორე გოლიც გაიტანა. თან ამ დროს "ლორიანი" უკვე 10 კაცით იყო მოედანზე, არბიტრმა მაქსიმ ბაკა გააძევა. მეორე ნახევრის დასაწყისში "ლორიანს" მეორე ფეხბურთელიც გაუძევეს - მეორე ყვითელი ბარათი მეკარე ფაბიენ ოდარმა მიიღო.

"რენმა" ამხელა უპირატესობით მხოლოდ ერთხელ ისარგებლა: 71-ე წუთზე ჯონათან პიტროიპამ გაიტანა. ეს იყო და ეს, "რენმა" ხუთ ტურში მეოთხე თამაში წააგო.

ჩემპიონატში პირველი ქულები აიღო "სოშომ", რომელმაც სტუმრად "სენტ ეტიენი" დაამარცხა. "სოშო" ძალიან დასუსტდა, გუნდი ხომ მარვენ მარტენმა, დამიენ პერკუიმ და მოდიბო მაიგამ დატოვეს. "მწვანეები" ფავორიტები იყვნენ, მაგრამ უკვე მე-10 წუთზე ჟონათან ბრისონმა წითელი ბარათი მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ 80 წუთის განმავლობაში სტუმრებს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ, საგოლე მომენტებს კრისტოფ გალტიეს გუნდი ქმნიდა, მაგრამ გოლის გატანა ვერც ობამეიანმა შეძლო, ვერც გრადელმა და ვერც კოადმა. საბოლოოდ "სენტ ეტიენი" დაისაჯა - 75-ე წუთზე დუბაიმ გაიტანა გოლი მასპინძლების კარში და "სოშოს" პირველი მატჩი მოაგებინა.

კრისტოფ გალტიე (სენტ ეტიენი): "მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ და ბრისონის გაძევების შემდეგაც ბევრს ვუტევდით. სამწუხაროდ, მომენტებში ძალიან არ გვიმართლებდა. მინდა შევაქო "სოშოს" მეკარე სიმონ პუპლენი, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. სტუმრებმა კარში ერთხელ დაარტყეს და ისიც გაიტანეს. სამწუხაროდ, ფეხბურთში ასეც ხდება, არის დღეები, როდესაც ძალიან არ გიმართლებს".

ოლიმპიკები ისევ იგებენ
მოიგო სახლში "ლიონმა", რომელმაც დეიანი ლოვრენის და ლისანდრო ლოპესის გოლების წყალობით "აიაჩო" დაამარცხა.

ამ მოგების გამო რემი გარდის გუნდი დროებით პირველ ადგილზე გადავიდა, თუმცა მხოლოდ რამოდენიმე საათით, რადგან ერთპიროვნულმა ლიდერმა, მარსელის "ოლიმპიკმა" სტუმრად "ნიცა" დაამარცხა და ისევ დაუბრუნდა "პოულ პოზიციას". ელი ბოპის გუნდს ჯორდან აიუმ მოაგებინა, რომელმაც თავისი უფროსი ძმის, ანდრე აიუს საგოლე პასით ისარგებლა.

ლიგა 1. V ტური

პსჟ-ტულუზი 2:0
გოლები: 1:0 პასტორე (38), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (69).

რეიმსი-მონპელიე 3:1
გოლები: 1:0 დიეგო (38), 1:1 კაბელა (55), 2:1 გლომბარი (71), 3:1 კურტე (86).

ტრუა-ლილი 1-1
გოლები: 0:1 პაიე (38), 1:1 გრაქსი (88).

სტ. ეტიენი-სოშო 0:1
გოლი: დუბაი (75).

ევიანი-ბასტია 3:0
გოლები: 1:0 ბარბოსა (31), 2:0 საგბო (73), 3:0 ბარბოსა (78).

ნიცა-ბრესტი 4:2
გოლები: 1:0 მერიემი (46), 2:0 პეიჩინოვიჩი (51), 3:0 ბოტეაკი (69), 3:1 აიტე (78-პენ), 4:1 ეისერიკი (90), 4:2
ბაისი (90).

რენი-ლორიანი 1:2
გოლები: 0:1 ა. ტრაორე (23), 0:2 ა. ტრაორე (44), 1:2 პიტროიპა (71).

ლიონი-აიაჩო 2:0
გოლები: 1:0 ლოვრენი (26), 2:0 ლისანდრო ლოპესი (75).

ნანსი-მარსელი 0:1
გოლი: ჯ. აუი (53)

ვალანსიენი-ბორდო 0:0

სატურნირო მდგომარეობა
გუნდი
1. მარსელი 5 5 0 0 8-1 15
2. ლიონი 5 4 1 0 11-4 13
3. ლორიანი 5 3 2 0 11-6 11
4. პსჟ 5 2 3 0 6-3 9
5. ბორდო 4 2 3 0 5-3 9
6. ვალანსიენი 5 2 2 1 6-3 8
7. ტულუზი 5 2 2 1 5-5 8
8. რეიმსი 5 2 1 2 6-5 7
9. სტ. ეტიენი 5 2 0 3 9-5 6
10. ნიცა 5 1 3 1 7-6 6
11. ლილი 5 1 3 1 7-7 6
12. ბასტია 5 2 0 3 7-12 6
13. ბრესტი 5 2 0 3 5-10 6
14. აიაჩო 5 2 1 2 3-5 5
15. ევიანი 5 1 1 3 6-7 4
16. მონპელიე 5 1 1 3 6-8 4
17. ნანსი 5 1 1 3 2-6 4
18. რენი 5 1 0 4 5-9 3
19. სოშო 5 1 0 4 4-9 3
20. ტრუა 5 0 2 3 5-10 2

* აიაჩოს - 2 ქულა

ბომბარდირები
5 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 4 - ა. ტრაორე (ლორიანი); 3 - ობამეიანი (სტ. ეტიენი), ბარბოსა (ევიანი), ბენ იედერი (ტულუზი), მ. ბასტოი (ლიონი), ჟინიაკი (მარსელი), გომისი (ლიონი).

ტატო ბაციკაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული