პაპენი ახლა ტელევიზიაში მუშაობს. ასე რომ, მისი მოსაზრებები არა მხოლოდ ყოფილი ფეხბურთელის, არამედ მოქმედი ჟურნალისტის ნააზრევიც არის.
არა მგონია, ბარტონმა მარსელში გაამართლოს
სულ თავიდან პაპენს "მარსელის" ახალწვეულის, ჯოი ბარტონის შესახებ ჰკითხეს. მოგეხსენებათ, ბარტონი "მარსელში" "ქუინზ პარკ რეინჯერსიდან" არის განათხოვრებული:
"ოლიმპიკს ყოველთვის ჰყავდა და სჭირდებოდა მებრძოლი ფეხბურთელები, მაგრამ ჯოი ბარტონი სულ სხვა შემთხვევაა. ჩვენ მის შესახებ, ძირითადად, სკანდალების ან მოედანზე
სიმართლე რომ გითხრათ, მისი თამაში ბევრჯერ ნანახი არ მაქვს და არც პირადად ვიცნობ, მაგრამ მგონია, რომ ის ლიგა 1-ში ვერ ითამაშებს, რადგან საფრანგეთის ჩემპიონატში მომუშავე არბიტრები მას ისეთ უხეშობას არ აპატიებენ, რასაც მაგალითად, ინგლისში პატიობდნენ.
ბარტონი ხისტ ორთაბრძოლებს არის მიჩვეული, რადგან პრემიერლიგაში ამის საშუალებას ფეხბურთელებს მსაჯები აძლევენ. საფრანგეთში კი ინგლისელი შეიძლება ისეთი უხეშობის გამო გააძევონ, რაზეც ბრიტანეთში ჯარიმასაც კი არ დანიშნავდნენ.
მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად ასე მოხდება, მაგრამ მგონია, რომ ასე იქნება".
ჟინიაკს მეტი ნდობა სჭირდება
ჟან-პიერ პაპენმა "მარსელის" რიგებში 254 მატჩი ჩაატარა და ამ პერიოდში 185 გოლი გაიტანა. ის საფრანგეთის საუკეთესო ბომბარდირი ზედიზედ ხუთჯერ გახდა. როდესაც "ოლიმპიკში" პიერ-ანდრე ჟინიაკი გამოჩნდა, ბევრმა ეს უკანასკნელი სწორედ პაპენს შეადარა:
"ვფიქრობ, მისთვის ზედმეტი ტვირთი საჭირო არ არის. ფეხბურთელების შედარება არ შეიძლება. ვიცი, რომ ძალიან გვიყვარს, მაგრამ ეს არასწორია.
ჩვენ ერთ გუნდში არ ვთამაშობთ, არც საერთო თანაგუნდელები გვყავს და ფეხბურთიც საკმაოდ შეიცვალა. ჟინიაკი საფრანგეთის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მან 25 გოლი გაიტანა და ამ ყველაფრისთვის გამართლების გამო არ მოუღწევია.
მას შეუძლია, რომ "ოლიმპიკისთვის" ისეთივე სასარგებლო იყოს, როგორიც "ტულუზისთვის" იყო. უბრალოდ, ქომაგებმა და თანაგუნდელებმა მისი უნდა ირწმუნონ. მე კი შარშან მეჩვენებოდა, რომ ჟინიაკის შესაძლებლობებში ყველას ეჭვი ეპარებოდა".
პაპენს მარსელის კარგი სტარტი არ უკვირს
ჟან-პიერმა "მარსელში" 6 წელი გაატარა, 1991 წელს კი "ოქროს ბურთი" მოიგო და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მიუხედავად იმ უამრავი პრობლემისა და სკანდალისა, რომელსაც სეზონის დაწყების წინ "მარსელში" ჰქონდა ადგილი, პაპენს კლუბის კარგი სტარტი არ გაჰკვირვებია:
"მე დარწმუნებული ვიყავი, რომ "ოლიმპიკი" კარგად დაიწყებდა, რადგან მაინცდამაინც რთული კალენდარიც არ ჰქონდა. ერთადერთი ძლიერი მეტოქე "მონპელიე" იყო, რომელიც ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ მგონი ყველა გუნდი მოუგებს.
გაოცებას ის იწვევს, რომ ამ შედეგს გუნდი, პრაქტიკულად, იმავე ფეხბურთელებით აღწევს; მათ ხომ გამორჩეული არავინ შეუძენიათ.
როგორც ჩანს, ფეხბურთელებმა სარკეში ჩაიხედეს და დაინახეს, რომ წინა სეზონის ჩავარდნა მთლიანად მათ სინდისზეა. "მარსელის" ასეთი კარგი სტარტი მოთამაშეების პასუხია იმ კრიტიკაზე, რომელიც მათ შარშან უხვად შეხვდათ".
პროვანსელების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი არის ელი ბოპი, ადამიანი, რომელთან ერთადაც პაპენი კარიერის ბოლოს "ბორდოში" მუშაობდა, სადაც ბოპი მთავარი მწვრთნელი იყო.
"ბოპის დანიშვნა კარგი იდეა იყო თუ ცუდი, ეს სეზონის ბოლოს გამოჩნდება. ახალ მწვრთნელს ყოველთვის ახალი იდეები და ხედვა მოაქვს, მაგრამ მთავარი მაინც შედეგია. ასე რომ, მაისამდე უნდა მოვიცადოთ."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"