"პარი სენ-ჟერმენი" 22 სექტემბერს კორსიკაზე "ბასტიასთან" სათამაშოდ ჩადის. პარიზელებმა სამშაბათს კიევის "დინამო" გაანადგურეს და ჩემპიონთა ლიგაში 8-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება, შთამბეჭდავი გამოუვიდათ.
გუნდის ასპარეზობით კარლო ანჩელოტიც კმაყოფილი იყო: "პირველი მატჩის მოგება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ბედნიერი იმის გამო ვარ, რომ საკმაოდ კარგი
"ლილის" და "ტულუზის" წინააღმდეგ დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ, "დინამოსთან" კი უკვე შეტევაშიც შესანიშნავად გამოვიყურებოდით", - განაცხადა ანჩელოტიმ, რომელმაც კიეველებთან თამაშში საუკეთესოდ ჟერემი მენეზე დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ მას არ გაუტანია.
გუნდის და საკუთარი ასპარეზობით კმაყოფილი იყო ზლატან იბრაჰიმოვიჩიც: "ჩვენ ამ მოგებით მთელ ლიგა 1-ს და ევროპას გავუგზავნეთ შეტყობინება. მთავარია, რომ ყურადღება ჯგუფიდან გასვლაზე გადავიტანოთ, არ აქვს მნიშვნელობა პირველ ადგილზე გავალთ, თუ მეორე, მთავარია პლეი-ოფში გავაღწიოთ. ამ მოგების გამო ღრუბლებში ფრენა არ უნდა დავიწყოთ, წინ კიდევ ხუთი ტურია".
პსჟ-ს მომდევნო მეტოქე არის "ბასტია", გუნდი, რომელიც ლიგა 1-ს 7-წლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა. კორსიკელებმა ჩემპიონატი კარგად დაიწყეს და ზედიზედ ორი მატჩი მოიგეს, მაგრამ ამას სამი წაგება მოაყოლეს. ახლა "ბასტია" 6 ქულით მე-12 ადგილზეა და სამი ქულით ჩამორჩება "პარი სენ-ჟერმენს", რომელსაც ორი ტურის შემდეგ 4 ქულით უსწრებდა.
მასპინძელთა მწვრთნელი ფრედერიკ ჰანტცი იმედოვნებს, რომ ანჩელოტის გუნდის აღმავლობა არ გაგრძელდება და "ბასტია" თუნდაც ქულის მოპოვებას შეძლებს.
წესით ამ შეხვედრაში ლიგა 1-ში ტიაგო სილვას დებიუტი უნდა შედგეს, რომელმაც პარიზელთა რიგებში პირველი თამაში უკვე ჩაატარა ("დინამოსთან") და გოლიც გაიტანა.
ჩემპიონატის ლიდერი "მარსელი" სახლში "ევიანს" მასპინძლობს და რა თქმა უნდა ფავორიტია. პროვანსელებს აქვთ შანსი, რომ ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგონ. საინტერესოა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში 5 ტურის შემდეგ 100-პროცენტიანი შედეგი უკანასკნელად 1998/99 წლების სეზონში "ბორდოს" ჰქონდა, რომელსაც "მარსელის" ამჟამინდელი თავკაცი ელი ბოპი ედგა სათავეში.
შუა კვირაში თამაში ლიდერსაც მოუწია: "ოლიმპიკი" ევროპის ლიგაზე სტუმრად "ფენერბაჰჩეს" ეთამაშა და მიუხედავად, იმისა, რომ ორბურთიანი სხვაობით აგებდა, ვალბუენას და ანდრე აიუს გოლების წყალობით სტამბულიდან ქულა წამოიღო.
"მარსელს" და "ევიანს" ლიგა 1-ის ისტორიაში სულ 2 მატჩი აქვთ ჩატარებული, რა თქმა უნდა, შარშან. "ველოდრომზე" "მარსელმა" ლოიკ რემის დუბლის წყალობით 2-0 მოიგო და დიდი შანსია შედეგი წელსაც ანალოგიური იყოს.
ტურის ცენტრალური მატჩი კი ლილში გაიმართება, სადაც "ლილი" "ლიონს" უმასპინძლებს.
რუდი გარსიას გუნდმა ჩემპიონატი ცუდად დაიწყო. მასპინძლებს მხოლოდ 6 ქულა აქვთ და ლიდერ "მარსელს" უკვე 9 ქულით ჩამორჩებიან.
ხასიათი საფრანგეთის ექს-ჩემპიონს ჩემპიონთა ლიგამაც ვერ გამოუკეთა, სადაც ფრანგები სახლში სენსაციურად დამარცხდნენ "ბატესთან". კიდევ ერთი ფეხის დაცდენა და "ლილს" შეუძლია ჩემპიონობაზე აღარც იფიქროს.
გარსია რთული ამოცანის წინაშეა, რადგან მისი მეტოქე "ლიონია", გუნდი, რომელიც 13 ქულით მეორე ადგილზეა და ამ მომენტში "მარსელის" მთავარი კონკურენტია.
შუა კვირაში რემი გარდის გუნდმაც ითამაშა - "ლიონმა" ევროპის ლიგაზე პრაღის "სპარტას" უმასპინძლა და 2-1 მოუგო, გოლები გომისმა და ლისანდრომ გაიტანეს.
"ლილს" შინ "ლიონთან" ბოლო 4 წელია არ წაუგია, მაგრამ თუ მასპინძლებმა ისე ითამაშეს, როგორც ბატე-სთან, ეს სასიამოვნო სერიაც დასრულდება.
საფრანგეთი. ლიგა 1. VI ტური
21 სექტემბერი
მონპელიე-სენტ ეტიენი 1:1
22 სექტემბერი
ბასტია-პსჟ 19:00
ლორიანი-ნიცა 22:00
სოშო-ტრუა 22:00
ბრესტი-ვალანსიენი 22:00
რეიმსი-ნანსი 22:00
ტულუზი-რენი 22:00
23 სექტემებრი
ბორდო-აიაჩო 16:00
მარსელი-ევიანი 19:00
ლილი-ლიონი 23:00
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მარსელი 5 5 0 0 8-1 15
2. ლიონი 5 4 1 0 11-4 13
3. ლორიანი 5 3 2 0 11-6 11
4. პსჟ 5 2 3 0 6-3 9
5. ბორდო 5 2 3 0 5-3 9
6. ვალანსიენი 5 2 2 1 6-3 8
7. ტულუზი 5 2 2 1 5-5 8
8. სტ. ეტიენი 6 2 1 3 10-6 7
9. რეიმსი 5 2 1 2 6-5 7
10. ნიცა 5 1 3 1 7-6 6
11. ლილი 5 1 3 1 7-7 6
12. ბასტია 5 2 0 3 7-12 6
13. ბრესტი 5 2 0 3 5-10 6
14. მონპელიე 6 1 2 3 7-9 5
15. აიაჩო 5 2 1 2 3-5 5
16. ევიანი 5 1 1 3 6-7 4
17. ნანსი 5 1 1 3 2-6 4
18. რენი 5 1 0 4 5-9 3
19. სოშო 5 1 0 4 4-9 3
20. ტრუა 5 0 2 3 5-10 2
* აიაჩოს -2 ქულა
ბომბარდირები:
5 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 4 - ა. ტრაორე (ლორიანი); 3 - ობამეიანი (სტ. ეტიენი), ბარბოსა (ევიანი), ბენ იედერი (ტულუზი), მ. ბასტოი (ლიონი), ჟინიაკი (მარსელი), გომისი (ლიონი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"