საფრანგეთი. ლიგა 1. VI ტური: "მარსელის" ზედიზედ მეექვსე

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში მარსელის "ოლიმპიკმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ელი ბოპის გუნდი ლიგა 1-ში კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს.

პროვანსელთა მორიგი მეტოქე "ევიანი" იყო. მოლოდინის საპირისპიროდ, მასპინძლებს საკმაოდ გაუჭირდათ, "ევიანმა" მეტოქეს არაფერი დაუთმო და ქულასთან საკმაოდ ახლოს იყო. საბოლოოდ მატჩის ბედი 33-ე წუთზე, მორგან ამალფიტანოს მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.

შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა და სტუმრებს რეალური შანსებიც ჰქონდათ, მაგრამ სტივ მანდანდა შესანიშნავად თამაშობდა - "მარსელის" მეკარემ საკუთარი გუნდი რამოდენიმე ეპიზოდში აშკარა გოლს გადაარჩინა.

შეხვედრის ბოლოს, არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე, ამალფიტანოს
დუბლის გაფორმება შეეძლო, მაგრამ ბურთი კარს ასცდა.

"მარსელი" მომდევნო ტურში სტუმრად თამაშობს "ვალანსიენთან", მე-8 ტურში კი ფრანგული კლასიკო გაიმართება - "მარსელი"-"პარი სენ-ჟერმენი".

პარიზელები კორსიკაზე ჩავიდნენ და იქიდან 3 ქულით დაბრუნდნენ. ბევრი ამ შეხვედრაში ბრძოლას ელოდა, მაგრამ სტუმრებმა საკმაოდ მარტივად მოიგეს. მორიგი გოლები გაიტანა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომლის ანგარიშზეც უკვე 7 გოლია და შვედი ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად ლიდერობს.

თითო გოლი ჟერემი მენეზმა და ბლეზ მატუიდიმ გაიტანეს. საბოლოოდ 0:4 და "პსჟ" უკვე მესამე ადგილზეა.

"პირველმა გოლმა კარგი სამსახური გაგვიწია. გაშვებული ბურთის შემდეგ "ბასტია" გაიხსნა, წინ წამოვიდა და ჩვენ ამით კონტრშეტევებზე ვისარგებლეთ.

ახლა ჩვენთან ყველაფერი იდეალურად არის. ზლატანი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც ბევრი გოლი გააქვს და საგოლე პასებსაც არიგებს.

"მარსელთან" შეხვედრაზე ჯერ არ ვფიქრობთ, ჯერ "სოშოს" ვეთამაშებით, შემდეგ კი "პორტუს". როდესაც ეს მატჩები ჩაივლის, მხოლოდ შემდეგ დავიწყებთ კლასიკოზე ფიქრს",
- განაცხადა პრესკონფერენციაზე კარლო ანჩელოტიმ.

"მონპელიე" და "სენტ ეტიენი" ერთმანეთს პარასკევს დაუპირისპირდნენ და საბოლოოდ მშვიდობიანად დაშორდნენ. ანგარიში პირველი ტაიმის ბოლო წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანმა გახსნა, 70-ე წუთზე კი სულეიმან კამარამ გაათანაბრა.

ჩემპიონის კრიზისი გრძელდება - რენე ჟირარის გუნდი 6 ქულით მე-16 ადგილზეა.

აღსანიშნავი რამ მოხდა "ტულუზის" და "რენის" მატჩში. მასპინძლები 1:2-ს აგებდნენ, როდესაც არბიტრის მიერ დამატებულ წუთზე მეტოქის კარისკენ ჯარიმა დაინიშნა. "ტულუზის" 21 წლის მეკარე ალი აჰამადა შეტევაში წავიდა და ულამაზესი თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

აჰამადამ კარისკენ ზურგით მდგომმა შეძლო ბენუა კოსტილის კარის დალაშქვრა და რა თქმა უნდა, უზომოდ გაიხარა.

"წინათგრძნობა მქონდა, რომ გავიტანდი. როდესაც წინ წავედი, წარმოვიდგინე, რომ გავიტანე და გულშემატკივრებთან ერთად ვიზეიმე. საჯარიმოში არავინ მმეურვეობდა, ვისამმა (ბენ იედერი) იდეალურად ჩააწოდა და მეც ვაჯობე კოსტილს", - განუცხადა ჟურნალისტებს ბედნიერმა აჰამადამ.

ამ ტურის ცენტრალური მატჩი კი ლილში, "გრანდ სტად ლილ მეტროპოლზე" გაიმართა. ორივე გუნდს გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროებოდა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა, რაც არც ერთს აწყობდა და არც მეორეს.

შეხვედრის მე-7 წუთზე ნოლან რუმ ისარგებლა რაიან მენდესის გადაცემით და ანგარიში გახსნა. "ლილი" გატანილი გოლის შემდეგაც ფლობდა უპირატესობას, მაგრამ მეორე გოლის გატანა ვერ შეძლო, რის გამოც დაისაჯა. რემი გარდმა მინდორზე ფაბიან მონსონი შეუშვა, რომლისთვისაც ეს "ლიონის" რიგებში სადებიუტო მატჩი იყო.

"ნიცას" ყოფილმა ფეხბურთელმა სადებიუტო მატჩში საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში - მონსონის პასით თავი ლისანდრო ლოპესმა გამოიჩინა. არგენტინული კომბინაციის წყალობით, "ლიონმა" ქულა მოიპოვა და მეორე ადგილი შეინარჩუნა, თუმცა რემი გარდის "ოლიმპიკი" უკვე 4 ქულით ჩამორჩება მარსელის "ოლიმპიკს".

საფრანგეთი. ლიგა 1. VI ტური
მონპელიე-სენტ ეტიენი 1:1
გოლები: 0:1 ობამეიანი (45), 1:1 ს. კამარა (70).

ბასტია-პსჟ 0:4
გოლები: 0:1 მენეზი (6), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (40), 0:3 მატუიდი (72), 0:4 იბრაჰიმოვიჩი (90).

ლორიანი-ნიცა 1:1
გოლები: 0:1 მერიემი (40), 1:1 მონე-პაკე (89).

სოშო-ტრუა 3:1
გოლები: 1:0 რუდე (8), 1:1 ფოსურიე (34), 2:1 დუბაი (54), 3:1 ბაკამბუ (70).

ბრესტი-ვალანსიენი 2:1
გოლები: 0:1 დოსევი (11), 1:1 აიტე (62), 2:1 ბენ ბასატი (76-პენ.).

რეიმსი-ნანსი 2:0
გოლები: 1:0 კურტე (7), 2:0 დიეგო (61-პენ.).

ტულუზი-რენი 2:2
გოლები: 0:1 პიტროიპა (10), 1:1 ბენ იედერი (24), 1:2 ერდინჩი (65), 2:2 აჰამადა (90).

ბორდო-აიაჩო 2:2
გოლები: 1:0 ენრიკე (54), 1:1 ფატი (64), 2:1 გუფრანი (78), 2:2 ბელგაზუანი (90)

მარსელი-ევიანი 1:0
გოლი: 1:0 ამალფიტანო (33).

ლილი-ლიონი 1:1
გოლები: 1:0 რუ (7), 1:1 ლისანდრო ლოპესი (80).

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მარსელი 6 6 0 0 9-1 18
2. ლიონი 6 4 2 0 12-5 14
3. პსჟ 6 3 3 0 10-3 12
4. ლორიანი 6 3 3 0 12-7 12
5. რეიმსი 6 3 1 2 8-5 10
6. ბორდო 6 2 4 0 7-5 10
7. ტულუზი 6 2 3 1 7-7 9
8. ბრესტი 6 3 0 3 7-11 9
9. ვალანსიენი 6 2 2 2 7-5 8
10. სენტ ეტიენი 6 2 1 3 10-6 7
11. ნიცა 6 1 4 1 8-7 7
12. ლილი 6 1 4 1 8-8 7
13. აიაჩო 6 2 2 2 5-7 6
14. სოშო 6 2 0 4 7-10 6
15. ბასტია 6 2 0 4 7-16 6
16. მონპელიე 6 1 2 3 7-9 6
17. ევიანი 6 1 1 4 6-8 4
18. რენი 6 1 1 4 7-11 4
19. ნანსი 6 1 1 4 2-8 4
20. ტრუა 6 0 2 4 6-13 2
* აიაჩოს -2 ქულა

ბომბარდირები:
7 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 4 - ა. ტრაორე (ლორიანი), ობამეიანი (სტ. ეტიენი), ბენ იედერი (ტულუზი); 3 - ბარბოსა (ევიანი), მ. ბასტოი (ლიონი), ჟინიაკი (მარსელი), გომისი (ლიონი), დუბაი (სოშო), პიტროიპა (რენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული