საფრანგეთი. ლიგა 1. VII ტური: "მარსელი" ვალანსიენში შერცხვა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მთავარი სენსაცია ვალანსიენში, "სტად დუ ენოზე" დაფიქსირდა, სადაც მასპინძელმა ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი გაანადგურა.

"მარსელი" თავს 6 ტურის შემდეგ 6 მოგებით იწონებდა და ელი ბოპი იმედოვნებდა, რომ 7 ოქტომბერს "პარი სენ-ჟერმენთან" გასამართ მატჩს 100-პროცენტიანი შედეგით შეხვდებოდა, მაგრამ "ვალანსიენმა" "ოლიმპიკის" სანაქებო დაცვისგან (1 გაშვებული გოლი 6 შეხვედრაში) ქვა ქვაზე არ დატოვა.

მასპინძელთაგან ორი გოლი ანტუან ლე ტალეკმა გაიტანა, თითო-თითო კი გაელ დანიკმა და ფუედ კადირიმ, თუმცა ისინი მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდნენ და გარდა გოლებისა, აქტივში თითო საგოლე პასიც
ჩაიწერეს. 90-ე წუთზე ერთი გოლი ჯორდან აიუმ გაიტანა, თუმცა ენა ვერ მოგვიბრუნდება, რომ მას პრესტიჟის ვუწოდოთ.

აი, ასე მოულოდნელად დასრულდა "მარსელის" საოცარი სვლა და საინტერესოა, რამდენად შეძლებს გუნდი ამ შოკიდან გამოსვლას.

"ოლიმპიკის" მომავალმა მეტოქე "პარი სენ-ჟერმენმა" თავისი შეხვედრა საკმაოდ იოლად მოიგო. კარლო ანჩელოტის "სოშოსთან" მატჩისთვის ჟერემი მენეზი არ ჰყავდა და მის მაგივრად ძირითადში კევინ გამეირო დააყენა, რომელმაც მწვრთნელს იმედები გაუმართლა და მადლობა დუბლით გადაუხადა. გამეირომ გოლები პასტორეს და მაქსველის საგოლე პასებით, შესაბამისად, მე-11 და 33-ე წუთებზე გაიტანა.

პარიზელებს გატანა კიდევ შეეძლოთ, მაგრამ არ უმართლებდათ: კარგი შანსები ხელიდან ცვლილებაზე გამოსულმა გიომ ოარომ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაუშვეს. საბოლოოდ 2:0 და "პსჟ" ზედიზედ მეოთხე მოგების წყალობით, "მარსელს" უკვე მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

ისევ არ წააგო "ლორიანმა", რომელიც ბოლო წუთებზე ლონდონის "არსენალის" აღზრდილმა ჟილ სუნუმ იხსნა. "ევიანი" მე-8 წუთიდან მოყოლებული იგებდა, მაგრამ 86-ე წუთზე ორმა ყოფილმა "მეთოფემ" ჟერემი ალიადიემ და სუნუმ გაითამაშეს კომბინაცია, რომელსაც გოლი მოჰყვა.

შემდეგ ტურში კრისტოფ გურკუფის გუნდი "ლიონს" მასპინძლობს და თუ მერვე ტურის შემდეგაც დაუმარცხებელი იქნება, თამამად შეგვეძლება, "ლორიანს" ამ სეზონის უმთავრესი აღმოჩენა ვუწოდოთ.

როგორ იქნა, მოიგო მოქმედმა ჩემპიონმა "მონპელიემ" - იუნეს ბელჰანდას და სულეიმან კამარას გოლების წყალობით სტუმრად "ნანსი" დაამარცხა. კვლავ გამორჩეული იყო რემი კაბელია - 22 წლის ფეხბურთელმა საგოლე პასი მიითვალა და ძალიან აქტიური იყო. თუ ასე გააგრძელა, მალე კაბელიას საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებშიც ვიხილავთ.

ტურის ორი ყველაზე საინტერესო მატჩი დასაწყისში და ბოლოს გაიმართა. პარასკევს "რენმა" "ლილს" უმასპინძლა. ორივე გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო. განსაკუთრებით ეს "რენზე" ითქმის, რომელიც გასავარდნ ზონაში იყო. მასპინძლებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ორბურთიანი სხვაობით მოიგეს.

"ლილმა" უკვე ზედიზედ მეექვსე მატჩი ვერ მოიგო. თუ ამას ჩემპიონთა ლიგაში შინ "ბატესთან" მარცხსაც დავუმატებთ, აშკარად გამოჩნდება, რომ რუდი გარსიას გუნდი კრიზისშია და თუ ასე გაგრძელდა, მწვრთნელის მყარად დამაგრებული სკამიც მოირყევა.

30 სექტემბერს  კი "სტად ჟერლანზე" ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა: "ლიონმა" "ბორდოს" უმასპინძლა. ფავორიტად მასპინძლები მიიჩნეოდნენ, მაგრამ ბევრის გასაკვირად, გამარჯვება "ჟირონდელებს" დარჩათ. 65-ე წუთზე ანგარიში სტუმართა მარცხენა მცველმა ბენუა ტრამულინამ გახსნა, ხოლო 82-ე წუთზე შეიკ დიაბატემ საბოლოო წერტილი დასვა.

ფრანსის ჟიოს გუნდი ისევ დაუმარცხებელია, ხოლო ლიონის "ოლიმპიკმა" ხელიდან მარსელელ "თანაგუნდელებთან" მიახლოების საშუალება გაუშვა. ამ მარცხის გამო რემი გარდის გუნდი მესამე ადგილამდე დაქვეითდა.

საფრანგეთი. ლიგა 1. VII ტური.

რენი-ლილი 2:0
გოლები: 1:0 ფერე (64), 2:0 ალესანდრინი (75).

პსჟ-სოშო 2:0
გოლები: 1:0 გამეირო (11), 2:0 გამეირო (33).

აიაჩო-ბრესტი 1:0
გოლი: მოსტეფა (57).

ნანსი-მონპელიე 0:2
გოლები: 0:1 ბელჰანდა (67), 0:2 ს. კამარა (90).

ტრუა-ტულუზი 0:2
გოლები: 0:1 ბენ იედერი (65), 0:2 რივიერი (74).

ევიანი-ლორიანი 1:1
გოლები: 1:0 ხელიფა (8), 1:1 სუნუ (86).

ნიცა-ბასტია 2:2
გოლები: 1:0 ცვიტანიჩი (32), 1:1 როტენი (42), 2:1 სიველი (58), 2:2 მოდესტი (71).

ვალანსიენი-მარსელი 4:1
გოლები: 1:0 დანიკი (16), 2:0 ა. ლე ტალეკი (34), 3:0 კადირი (39), 4:0 ა. ლე ტალეკი (63), 4:1 ჯ. აიუ (90).

ლიონი-ბორდო 0:2
გოლები: 0:1 ტრემულინა (65), 0:2 დიაბატე (82).

სტ. ეტიენი-რეიმსი 0:0

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მარსელი 7 6 0 1 10-5 18
2. პსჟ 7 4 3 0 12-3 15
3. ლიონი 7 4 2 1 12-7 14
4. ლორიანი 7 3 4 0 13-8 13
5. ბორდო 7 3 4 0 9-5 13
6. ტულუზი 7 3 3 1 9-7 12
7. ვალანსიენი 7 3 2 2 11-6 11
8. რეიმსი 7 3 2 2 8-5 11
9. აიაჩო 7 3 2 2 6-7 9
10. ბრესტი 7 3 0 4 7-12 9
11. სტ. ეტიენი 7 2 2 3 10-6 8
12. ნიცა 7 1 5 1 10-9 8
13. მონპელიე 7 2 2 3 9-9 8
14. რენი 7 2 1 4 9-11 7
15. ლილი 7 1 4 2 8-10 7
16. ბასტია 7 2 1 4 9-18 7
17. სოშო 7 2 0 5 7-12 6
18. ევიანი 7 1 2 4 7-9 5
19. ნანსი 7 1 1 5 2-10 4
20. ტრუა 7 0 2 5 6-15 2
*აიაჩო - 2 ქულა

ბომბარდირები: 7 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 5 - ბენ იედერი (ტულუზი); 4 - ობამეიანი (სტ. ეტიენი), ა. ტრაორე (ლორიანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული