კარლო ანჩელოტის შეგირდებმა ბოლო პერიოდში რამოდენიმე შეხვედრა ჩააგდეს და ახლა სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზე არიან, თუმცა შუა კვირაში პსჟ-მ "პორტუ" დაამარცხა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ხასიათი ოდნავ გამოიკეთა.
"ევიანს" 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სტუმრების შანსები ძალიან მცირეა.
"პარი სენ ჟერმენს" მხოლოდ მარკო ვერატი არ ეყოლება, რომელიც დისკვალიფიცირებულია. ამ შეხვედრაში მოედანს შესაძლოა ტიაგო მოტა დაუბრუნდეს, რომელმაც ტრავმა მოირჩინა.
სტუმრებს ყველა
მეორე ადგილზე მყოფი "მარსელი" საკუთარ მოედანზე "ლორიანს" ხვდება. კრისტიან გურკუფის შეგირდებმა ბოლო პერიოდში აშკარად მოუკლეს - წინა ტურში "ტულუზთან" მოპოვებული გამარჯვება, "ლორიანისთვის" ბოლო 10 შეხვედრაში მხოლოდ მეორე იყო.
"მარსელმა" შუა კვირაში კვიპროსზე დიდი ანგარიშით წააგო, მაგრამ ელო ბოპს კუნძულზე რამოდენიმე მოყვარული ფეხბურთელი ჰყავდა წაყვანილი, ამიტომ ის მარცხი გასაკვირი ნამდვილად არ გახლდათ.
"ოლიმპიკი" ვალდებულია მოიგოს, მითუმეტეს რომ ამ ტურში მისი ორი კონკურენტი ერთმაენთს ხვდება და დიდი შანსია ქულები ორივემ დაკარგოს.
ტურის ცენტრალური შეხვედრა კი "ჟოფრუა გიშარზე" გაიმართება, სადაც "დერბი დუ რონის" ეგიდით, ერთმანეთს საფრანგეთის ორი რეკორდსმენი შეხვდება - ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ("სენტ ეტიენი - 10-გზის ჩემპიონი), ჩემპიონატის მიჯრით ყველაზე მეტჯერ მომგები გუნდის წინააღმდეგ ("ლიონი" საფრანგეთის ჩემპიონი ზედიზედ 7-ჯერ გახდა).
"სენტ ეტიენის" და "ლიონის" მატჩები ყოველთვის დაძაბულობით გამოირჩევა, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დაპირისპირებაა ფრანგულ ფეხბურთში.
მას შემდეგ, რაც "ლიონი" ზედიზედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, დერბის ფასმა კიდევ უფრო მოიმატა.
რამოდენიმე წლის წინ, "მწვანეების" პრეზიდენტმა ბერნარ კაიასომ "ლიონის" შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ეს გუნდი "სენტ ეტიენს" ვერასდროს მიუახლოვდებოდა, რადგან "მწვანეებს" 10 საჩემპიონი ტიტულის გარდა, ჩემპიონთა თასის ფინალშიც უთამაშიათ (1976 წელს), რაზეც ჟან მიშელ ოლამ უპასუხა: "ჩვენგან განსხვავებით, ისინი ჩემპიონთა ლიგის თამაშებს მხოლოდ "ფლეისტეიშენზე" თუ თამაშობენ".
ამ სეზონში კი ისეთი სიტუაციაა, რომ კრისტოფ გალტიეს გუნდს, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა რეალურად შეუძლია. "სენტ ეტიენი" მესამე ადგილზეა და ლიდერ "ლიონს" მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება.
სულ ამ გუნდებს ლიგა 1-ში 96-ჯერ უთამაშიათ და უპირატესობა ჯერჯერობით "მწვანეების" მხარეს არის - "სენტ ეტიენმა" 36 დერბი მოიგო, "ლიონმა" კი 30, თუმცა სიტყვა "ჯერჯერობით" შემთხვევით არ გვიხსენებია, რადგან ამ გუნდების ბოლო 24 მატჩიდან "მწვანეებმა" მხოლოდ ერთი მოიგეს (2010 წელს სტუმრად), "ლიონმა" კი ამ პერიოდში 14 გამარჯვება მოიპოვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საკუთარ მოედანზე "სენტ ეტიენმა" მოსისხლე მტერს ბოლოს 1994 წელს მოუგო (3:0) და იმის მერე უკვე 13 თამაშია ვერაფერს უხერხებს (6 ფრე და 7 წაგება), "ჟოფრუა გიშარზე" გამართული ბოლო ხუთი მატჩიდან ხუთივე "ლიონმა" მოიგო.
ორივე გუნდი ამ შეხვედრას სერიოზული დანაკლისის გარეშე ხვდება, ერთადერთი დეიან ლოვრენის თამაშია გამორიცხული, თუმცა მისი შემცვლელი რემი გარდს გუნდში მოეძებნება.
განსაკუთრებულად მტრული დახვედრა ელის ბაფეტიმბი გომისს, რომელიც 2003 წლიდან 2009 წლამდე სწორედ "სენტ ეტიენის" ღირსებას იცავდა და შემდეგ "ლიონში" გადავიდა.
"მწვანეების" ქომაგები დღემდე ვერ პატიობენ ამ საქციელს გომისს და ყოველ ჯერზე ისე ხვდებიან, როგორ თავის დროს ლუიშ ფიგუს ხვდებოდა კატალონიური პუბლიკა.
საფრანგეთი. ლიგა 1. XVI ტური
7 დეკემბერი
ტულუზი-ბასტია 0:0
8 დეკემბერი
პსჟ-ევიანი 20:00
ნანსი-ვალანსიენი 23:00
ტრუა-ნიცა 23:00
სოშო-ლილი 23:00
მონპელიე-აიაჩო 23:00
რენი-ბრესტი 23:00
9 დეკემბერი
რეიმსი-ბორდო 17:00
მარსელი-ლორიანი 20:00
სტ. ეტიენი-ლიონი 00:00
სატურნირო ცხრილი
შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა
ბომბარდირები:
13 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 10 - გომისი (ლიონი); 9 - ბენ იედერი (ტულუზი); 8 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 7 - გუფრანი (ბორდო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"