ლიგა 1. XXII ტურის წინ: ლიდერი ექსჩემპიონის წინააღმდეგ

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის 22-ე ტური კვირას, გამორჩეული მატჩით დასრულდება: პარიზში, "პარი სენ ჟერმენი" "ლილს" უმასპინძლებს.

მეტოქეთა ბანაკებში კარგი განწყობაა, რადგან ორივე გუნდმა საფრანგეთის თასის მერვედფინალის საგზური მოიპოვა. "პარი სენ ჟერმენმა", მძიმე ბრძოლაში, "ტულუზს" 3:1 სძლია, ხოლო "ლილმა", ამავე ანგარიშით, სტუმრად მეოთზე დივიზიონის "პლაბენეკს" მოუგო.

მასპინძლებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი უბრუნდება, რომელმაც თასის თამაში დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. ასევე დაბრუნდა ტიაგო მოტაც, ვინც ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა, სამაგიეროდ არ იქნება მეორე ტიაგო - ტიაგო სილვა ტრავმირებულია და გუნდს კიდევ მინიმუმ 10 დღე ვერ დაეხმარება.

სტუმრებს დანაკლისი
პრაქტიკულად არ აქვთ, აფრიკის თასზე წასულ სალომონ კალუს და რაიან მენდესს თუ არ ჩავთვლით. ამავე მიზეზით პსჟ-ს მომო სისოკო და სიაკა ტიენე არ ჰყავს, მაგრამ ამ ორი გუნდის რესურსის და სათადარიგო სკამის შედარება არ შეიძლება, შესაბამისად ორი ფეხბურთელის არყოფნა სტუმრებზე უფრო აისახება.

პარიზელებს ჩემპიონატში უკვე 6 მატჩია არ წაუგიათ (5 მოიგეს) და ლიგა 1-ის ლიდერები არიან. წარმატებული სერიის გაგრძელებას კარლო ანჩელოტის შეგირდები ამ ტურშიც აპირებენ, რაც ისტორიას თუ გადავხედავთ, რთული შესასრულებელი არ უნდა იყოს - "ლილმა" პარიზში ბოლოს 1996 წელს იმარჯვა, იქიდან მოყოლებული გამართულ 13 შეხვედრაში პსჟ-მ 7 მოიგო, 6 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

საინტერესოა, როდემდე გაგრძელდება "ნიცას" წარმატებული სვლა. კლოდ პუელის შეგირდებმა თასზე ცუდად ითამაშეს, "ნანსისთან" შეხვედრა ფრედ დაასრულეს, პენალტების სერიაში კი დამარცხდნენ.

სამაგიეროდ ჩემპიონატში ყველაფერი რიგზეა - "ნიცამ" ბოლო 11 მატჩიდან 8 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. განსხვავებულ სიტუაციაშია "ბორდო", რომელმაც მეტოქისგან განსხვავებით, თასზე კარგად ითამაშა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სამაგიეროდ ლიგა 1-ის ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.

სტუმრებს სერიოზული დანაკლისი აქვთ: შეიკ დიაბატე აფრიკის თასზეა, იოან გუფრანი კი "ნიუკასლში" გადავიდა. მასპინძლებს ამ მხრვი ყველაფერი იდეალურად აქვთ. შესანიშნვ ფორმაშია დარიო ცვიტანიჩი, რომელმაც წინა ტურში "ლილს" ვერ გაუტანა, მაგრამ მაინც საოცარი შედეგი აქვს: ბოლო 10 შეხვედრაში 9 გოლი.

ამ ტურის მესამე გამორჩეული მატჩი რენში გაიმართება, სადაც სტუმრად "მარსელი" ჩადის. ორივე გუნდი კარგ ფორმაშია: "მარსელმა" უკანასკნელი ხუთი მატჩიდან 4 მოიგო, "რენმა" კი ოთხიდან სამი. საერთოდ, სეზონის საშინლად დაწყების შემდეგ, ფრედერიკ ანტონეტის გუნდმა აშკარად მოუმატა - სულ "რენს" 11 გამარჯვება აქვს მოპოვებული, აქედან 10 მატჩი ბრეტონელებმა ბოლო 15 ტურში მოიგეს.

სტუმართა რიგებში შესაძლოა დებიუტი ჰქონდეს მოდო სუგუს, რომელიც "ოლიმპიკმა" "კლუჟიდან" შეიძინა. მოგეხსენებათ, "მარსელი" ლოიკ რემიმ დატოვა და 28 წლის სენეგალელი სწორედ მის შემცველელად იყიდეს. ფეხბურთელი წავიდა "რენიდანაც", თან რა ფეხბურთელი და თანაც სად... იან მვილა კარიერას ყაზანის "რუბინში" გააგრძელებს. რბილად რომ ვთქვათ, მოულოდნელი ტრანსფერია, რადგან მვილას პრემიერლიგის თითქმის ყველა წამყვანი გუნდი ეპატიჟებოდა.

ერთი-ორი სიტყვა "ნანსიზეც" უნდა ვთქვათ. ჩემპიონატის აუტსაიდერმა თასზე საკმაოდ კარგად ითამაშა და 2013 წლის დადგომის შემდეგ ორი ეტაპიც გაიარა. ახლა ეს გუნდი 1/8 ფინალში ითამაშებს, რაც უდავოდ დადებითი ფაქტია, მაგრამ "ნანსი" ჩემპიონატში კატასტროფულ მდგომარეობაშია - გუნდს უკვე 20 (!) ტურია არ მოუგია და მე-17 პოზიციზე მყოფ "ევიანს" 8 ქულით ჩამორჩება.
ბარემ გეტყვით, რომ საფრანგეთის თასის მერვედფინალის კენჭისყრა გაიმართა და გუნდები ასე დაწყვილდნენ:

"ლორიანი"-"ბრესტი"; პსჟ-"რუენი" ან "მარსელი"; "რაონ ლეტაპი"-"ბორდო"; "სოშო"-"ტრუა"; "ევიანი"-"ლე ავრი"; "ვენისო"-"ნანსი"; "სენტ ეტიენი"-"ლილი"; "ეპინალი"-"ლანსი".

შეხვედრები 26 და 27 თებერვალს გაიმართება. "რუენი"-"მარსელის" 1/16 ფინალური მატჩი 30 იანვრისთვის გადაიდო და გამარჯვების შემთხვევაში, "მარსელი" "პარი სენ ჟერმენს" შეხვდება. იმასაც გაგახსენებთ, რომ ეს გუნდები, ამ სეზონში ერთმანეთს ლიგის თასზეც შეხვდნენ, სადაც გამარჯვება პსჟ-ს დარჩა (2:0). ასევე გამორჩეულია "სენტ ეტიენის" და "ლილის" წყვილი. ლიგის თასზე ამ გუნდებმაც ითამაშეს, თანაც 1/2 ფინალში. შეხვედრა "მწვანეებმა" პენალტების სერიაში მოიგეს და 1982 წლის შემდეგ, პირველად გავიდნენ რომელიმე ტურნირის ფინალში.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXII ტური
25 იანვარი
ვალანსიენი-ლიონი 0:2

26 იანვარი
რენი-მარსელი 20:00
ნანსი-ლორიანი 23:00
ტრუა-ბრესტი 23:00
ევიანი-აიაჩო 23:00
მონპელიე-სოშო 23:00
რეიმსი-ტულუზი 23:00

27 იანვარი
სტ. ეტიენი-ბასტია 17:00
ნიცა-ბორდო 20:00
პსჟ-ლილი 00:00

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge
შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა

ბომბარდირები: 19 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 12 - ცვიტანიჩი (ნიცა); 11 - გომისი (ლიონი); 9 - ბენ იედერი (ტულუზი), მოდესტი (ბასტია); 8 - ობამეიანი (სენტ ეტიენი), ბენ ბასატი (ბრესტი), ფერე (რენი), ალესანდრინი (რენი), გუფრანი (ბორდო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიგა 1. XXI ტური: "ნიცას" ვეღარ აჩერებენ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული