ლიგა 1. XXIII ტურის წინ: ელის იოლი გასეირნება ელის

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის 23-ე ტური ძალიან საინტერესო მატჩით დაიწყო: ტულუზში, ადგილობრივმა გუნდმა დევიდ ბექჰემით გაძლიერებულ "პარი სენ ჟერმენს" უმასპინძლა და სასტიკად დამარცხდა.

ჩემპიონატის სხვა ორი ლიდერი კი კვირას თამაშობს...

რემი გარდის "ლიონი" ამ ტურში "აიაჩოს" ხვდება, რომელიც იანვარში საკმაოდ მოძლიერდა. კორსიკელები საკუთარ მოედანზე გოლს პრაქტიკულად არ უშვებენ და ყველასთვის სერიოზულ მეტოქეს წარმოადგენენ.

როგორც ვთქვით, "აიაჩო" საკმაოდ მოძლიერდა, რადგან გუნდმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა. გუნდში მოვიდა დენის ოლიეჩი, რომელიც წლების განმავლობაში "ოსერის" ღირსებას იცავდა და ამ გუნდის ერთ-ერთი
ლიდერი იყო.

გარდა ამისა, კარიერას კორსიკაზე მატიო შალმე ("ბორდომ" გაანათხოვრა) და ყოფილი მარსელელი, როლანდ ზუბარი (ბოლოს "ვულვერჰემპტონში" იყო) გააგრძელებენ.

ასევე, გუნდს აფრიკის თასიდან მეჰდი მოსტეფა და შაჰირ ბელგაზუანი დაუბრუნდნენ, რომელთა ალჟირმაც ასპარეზობა უკვე დაასრულა.

"ლიონს" გასულ თვეში არავინ შეუძენია, სამაგიეროდ გუნდი ერთ-ერთმა ლიდერმა, მიშელ ბასტოსმა დატოვა, რომელიც 1,5-წლიანი იჯარით "შალკეში" გადავიდა. გუნდში დარჩა ჯიმი ბრიანი, მაგრამ მისი თამაში საეჭვოა, ისევე როგორც ლისანდრო ლოპესის ასპარეზობა, ვისაც მცირე ტრავმა აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ "აიაჩოს" სტუმრად წაქცევა ძალიან რთულია, "ლიონს" ბოლო წლებში ამის გაკეთება არ უჭირს - ბოლო 5 მატჩიდან "ოლიმპიკმა" 3 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა, ბოლოს კი კორსიკაზე 1973 წელს, 4:3 წააგო.

"მარსელი" საკუთარ მოედანზე უპირობო აუტსაიდერ "ნიცას" შეხვდება და სამ ქულას პრობლემის გარეშე აიღებს. წინა ტურში, ელი ბოპის გუნდმა "რენს" ვერ მოუგო და ორ ლიდერს უკვე 3 ქულით ჩამორჩება, შესაბამისად, "ოლიმპიკს" ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვს, მითუმეტეს "ნანსისთან", რომელიც ბოლო ადგილზეა და რომელსაც "მარსელმა" ბოლო 8 თამაში მოუგო.

ბოლოს "ნანსიმ" პროვანსელებთან 2008 წელს იმარჯვა, როდესაც "ველოდრომზე" 3:0 მოიგო. მაშინ ეს გუნდი გაცილებით ძლიერი გახლდათ, ბოლოს და ბოლოს, იმ შეხვედრაში დუბლი იუსუფ ჰაჯიმ შეასრულა, ასეთი დონის ფეხბურთელი კი დღევანდელ "ნანსის" ნამდვილად არ ჰყავს.

ელი ბოპის გუნდმა, ლოიკ რემის თუ არ ჩავთვლით, ყველა წამყვანი ფეხბურთელი შეინარჩუნა. გარდა ამისა, "ოლიმპიკის" რიგებში მოდუ სუგუ და ალექსის რომაო (ლორიანიდან) ჩაირიცხნენ. სუგუმ გოლის გატანა უკვე მოასწრო - სენეგალელმა თავი "რუენთან", სათასო შეხვედრაში გამოიჩინა.

საინტერესო უნდა გამოდგეს "ლორიანის" და "რენის" დაპირისპირება. ბრეტონელები მეოთხე პოზიციაზე არიან და დიდი სამეულის მთავარი კონკურენტებად მოიაზრებიან. შესანიშნავ ფორმაშია რომენ ალესანდრინი, რომელმაც ჩემპიონატის ბოლო 10 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, სულ კი მის ანგარიშზე 9 ბურთია. ასეთი კარგი ასპარეზობის გამო, 23 წლის ფეხბურთელი დიდიე დეშამმა ნაკრებშიც გამოიძახა.

"რენმა", მოგეხსენებათ, იან მვილა დაკარგა, რომელიც ყაზანის "რუბინში" გადავიდა. მის შემცვლელად, ფრედერიკ ანტონეტიმ ალუ დიარა ("ვესტ ჰემიდან") მიიყვანა, რომელიც "რენში" სეზონის ბოლომდე დარჩება.

"ლორიანმა" უკანასკნელ პერიოდში კი მოუკლო, მაგრამ შინ ეს გუნდი, ლიგის მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესოა, ამიტომ "რენს" ძალიან რთული მატჩი ელის, თუმცა თუ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკას გადავხედავთ, ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებაში საფუძვლიანი ეჭვი შეგვიძლია შევიტანოთ, რადგან ბოლო 6 მატჩიდან, რომელიც ლორიანში გაიმართა, მასპინძლებმა მხოლოდ 1 მოიგეს, 3-ჯერ კი გამარჯვება "რენს" დარჩა.

იოან გუფრანის წასვლით, გვარიანად დასუსტდა "ბორდო". მიუხედავად იმისა, რომ გიომ ჟიო მთელი იანვრის განმავლობაში, ფორვარდის შეძენის მნიშვნელობაზე საუბრობდა, სატრანსფერო ფანჯარა ისე დაიხურა, რომ ჟირონდელებმა არავინ იყიდეს.

ახლა ჟიოს განკარგულებაში შემდეგი ფორვარდები არიან: ანრი საივე (6 გოლი), დავიდ ბელიონი (0 გოლი) და მალელი შეიკ დიაბატე (2 გოლი), რომელიც ჯერ კიდევ აფრიკის თასზეა და სამხრეთ აფრიკასთან სათამაშოდ ემზადება.

ამ ტურში "ბორდო" "ვალანსიენს" ხვდება, რომელიც ბოლო პერიოდში ცუდ ფორმაშია და სტუმრადაც ცუდად თამაშობს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად საუკეთესო ბომბარდირის დაკარგვისა (გუფრანმა 8 გოლი გაიტანა), ამ მატჩის ფავორიტი მაინც "ბორდოა".

თუ ტრანსფერებზე და დანაკლისზე მიდგა საქმე, ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, "ბრესტმა" იზარალა, რომელმაც საუკეთესო ბომბარდირი, ედენ ბენ ბასატი, "ტულუზს" 1 მილიონ ევროდ დაუთმო.

ბენ ბასატი, ახალ გუნდში იასიმ ბენ იედერს შეუწყვილდება. გაამართლა თუ არა ამ დუეტმა პსჟ-სთან, თქვენ უკვე იცით, რაც შეეხება "ბრესტს" - ეს გუნდი, ამ ტურში "ნიცას" ხვდება, რომელმაც წინა შეხვედრა კი დათმო, მაგრამ მაინც კარგ პოზიციაზეა და ევროთასების საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

რაც მთავარია, ჯანმრთელია დარიო ცვიტანიჩი, რომელიც 12 გოლით, ბაფეტიმბი გომისთან ერთად, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მთავარი მდევარია.

ლიგა 1. XXIII ტური
1 თებერვალი
ტულუზი-პსჟ 0:4

2 თებერვალი
ლორიანი-რენი 20:00
სოშო-სტ. ეტიენი 23:00
ბორდო-ვალანსიენი 23:00
ლილი-ტრუა 23:00
ბასტია-ევიანი 23:00
ბრესტი-ნიცა 23:00

3 თებერვალი
აიაჩო-ლიონი 17:00
მონპელიე-რეიმსი 20:00
მარსელი-ნანსი 00:00

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge
შენიშვნ: "აიაჩოს" -2 ქულა

ბომბარდირები
: 20 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 12 - ცვიტანიჩი (ნიცა), გომისი (ლიონი); 9 - ალესანდრინი (რენი), ბენ ბასატი (ბრესტი/ტულუზი), ბენ იედერი (ტულუზი), მოდესტი (ბასტია), ობამეიანი (სენტ ეტიენი); 8 - ალიადიერი (ლორიანი), ფერე (რენი), გუფრანი (ბორდო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიგა 1. XXII ტური: ასეთებიც ხდება, "ნანსიმ" მოიგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული