ლუკას მოურა: მინდა ჩემი კვალი დავტოვო

AutoSharing Option
როდესაც გაირკვა, რომ "პარი სენ ჟერმენმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" აჯობა და ლუკას მოურა "სან პაულოსგან" 40 მილიონ ევროდ შეიძინა, საფრანგეთში მის გამოჩენას ყველა მოუთმენლად ელოდა.

რა თქმა უნდა, 20 წლის ფეხბურთელისგან ძალიან ბევრს ელიან, მაგრამ მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ლუკასი საკმაოდ მშვიდად არის და საკუთარ მომავალზე ტკბილეულობის მაღაზიაში მოხვედრილი ბავშვის ენთუზიაზმით საუბრობს. "პარი სენ ჟერმენის" ახალწვეულს ლიგა 1-ის ოფიციალური საიტი გაესაუბრა...

"მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ისეთ დიდ კლუბში თამაში, როგორიც "პარი სენ ჟერმენია", ყოველთვის მსურ
და. აქ მოხვედრა, ჩემი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად არის. ფეხბურთელებს უკვე დავუახლოვდი და ახლოს გავიცანი, რაშიც ბრაზილიელები ძალიან მეხმარებიან".

მზიანი სან პაულოს შემდეგ, სხვა ქვეყანაში და უცხო გარემოში მოხვედრა იოლი არ უნდა ყოფილიყო...

"ყველაზე რთული მაინც კლიმატურ პირობებთან შეგუებაა. ბრაზილიაში ასეთი ცივი ამინდები არასდროს არის, ამიტომ გარკვეულწილად თამაში გამიჭირდა. ცივ ამინდში სეირნობა პრობლემა არ არის, აი ფეხბურთის თამაში სულ სხვა რამ გახლავთ. სახლთან ახლოს ბრაზილიური რესტორანი აღმოვაჩინე და იქ ძალიან ხშირად, ლამის ყოველდღე დავდივარ, რადგან მშობლიური საკვები ძალიან მენატრება. თავიდან ვფიქრობდი, რომ ფრანგულ სამზარეულოს ვერ შევეგუებოდი, მაგრამ ნელ-ნელა ვეჩვევი და რაღაცეები უკვე მომწონს კიდეც".

პარიზში შესაძლოა ცივა, სამაგიეროდ 20 წლის ფეხბურთელს ძალიან თბილი დახვედრა მოუწყვეს, რამაც ლუკასი გააოცა:

"არასდროს დამავიწყდება ის დღე, როდესაც "პარკ დე პრენსზე" პირველად გამოვედი. ძალიან ემოციური და ამაღელვებელი მომენტი იყო. ნამდვილად არ ველოდი, რომ გულშემატკივრები ჩემი სახელის სკანდირებას დაიწყებდნენ. თითქოს ოცნება ამისრულდა და ზღაპარში მოვხვდი. გულშემატკივართა მხარდაჭერა ძალიან მეხმარება და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათ თავი შევაყვარო და ყველას დავუმტკიცო, რომ პსჟ არ შემცდარა, როდესაც მე შემიძინა".

ლუკასმა საკუთარი ტექნიკის და სისწრაფის ჩვენება უკვე მოასწრო, მაგრამ გარდა ამისა, რამდენიმე ეპიზოდში, ახალგაზრდა ბრაზილიელმა უკან დაიხია, დაცვას დაეხმარა და ზოგიერთ მომენტში მშვენიერი ვარდნაც შეასრულა. ბრაზილიელი ფეხბურთელისგან ასეთ ქმედებას, გავრცელებული სტერეოტიპების გამო, ცოტა თუ ელოდა.

"მე უბრალოდ ასე ვთამაშობ. "სან პაულოშიც" და ბრაზილიის ნაკრებშიც, როდესაც საჭიროა, უკანაც ვიხევ და დაცვას ვეხმარები. დანებება არ მჩვევია: თუ ბურთს დავკარგავ, ვიბრძვი იმისთვის რომ უკან დავიბრუნო. ყველა მოთამაშე ვალდებულია, რომ გუნდს დაეხმაროს. შესაძლოა, ის საოცარი ატმოსფერო, რომელიც გუნდში და სტადიონზეა დამატებით მოტივაციას მძენს. ყოველთვის ვცდილობ, რომ გუნდისთვის ბოლომდე დავიხარჯო".

"აიაჩოსთან" მშვენიერი დებიუტის შემდეგ, ლუკასმა "ბორდოსთან" შეხვედრაში, ზლატან იბრაჰიმოვიჩს საგოლე პასი გაუკეთა და შეხვედრის ერთადერთი გოლი გაატანინა.

"ჩემი პირველი საგოლე გადაცემა "ბორდოსთან" გაკაკეთე, თანაც გოლი იბრას გავატანინე, რომელიც საოცარი ფეხბურთელია – ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია".

ჯერჯერობით, კარლო ანჩელოტი, ახალწვეულს მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშებს, თუმცა დიდად არ ზღუდავს და ცენტრისკენ შეწევას არ უშლის. ლუკასის თქმით, მას ეს როლი ძალიან მოსწონს:

"ყველაზე უკეთ თავს მაშინ ვგრძნობ, როდესაც მარჯვენა ფლანგზე ვთამაშობ და ამავე დროს, ცენტრისკენ შეწევაც შემიძლია, იმისთვის რომ ბურთი ფორვარდებთან ან შეტევაში ჩართულ მცველებთან გავათამაშო. მარჯვენა ფლანგზე თამაშს უფრო მიჩვეული ვარ, მაგრამ თუ მწვრთნელი მოისურვებს რომ მარცხნივ, ან ცენტრში, ან თუნდაც ფორვარდის პოზიციაზე გამამწესოს, პრობლემა არ იქნება, უბრალოდ მარჯვნივ თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ".

იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ლუკასი ლიგა 1-ში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში, მაგრამ რეალურად, ადაპტაციის პროცესი არც ისე იოლი ყოფილა...

"აქ განსხვავებული მოედნებია. ხშირი წვიმის და მოკლედ შეჭრილი ბალახის გამო, ბურთი უფრო სწრაფად დაგორავს და ტემპიც უფრო მაღალია. ბრაზილიაში ცხელა, ბალახიც უფრო გრძელია და ამიტომ თამაშიც შედარებით ნელ ტემპში მიმდინარეობს. საფრანგეთში გაცილებით სწრაფად უნდა ვიფიქრო და არც ის დავივიწყო, რომ ჩემი პასი აქ უფრო ძლიერი გამოდის"

ისევ ლუკას მოურა: " ასეთ სიტუაციაში, შორიდან დარტყმა კარგი გამოსავალია, რადგან ბურთი უფრო სწრაფად მოძრაობს და ამის გამო მეკარეებსაც პრობლემები ექმნებათ. პირადად მე შორიდან ხშირად ვურტყამ და მიმაჩნია, რომ ეს კომპონენტი ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. შორეულ დარტყმებზე ბევრს ვმუშაობ, როგორც ვარჯიშის დროს, ასევე ვარჯიშების შემდეგაც. საერთოდ, ბევრს ვშრომობ, მუშაობა არ მეზარება და იმედი მაქვს, რომ მალე გოლების გატანასაც დავიწყებ".

სულ რამდენიმე დღეში, ლუკას მოურას ჩემპიონთა ლიგაში დებიუტი ელის. "პარი სენ ჟერმენი" "ვალენსიას" დაუპირისპირდება და 1/4 ფინალში გასვლას ეცდება...

"ჩემპიონთა ლიგაში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. მსოფლიოს მასშტაბით, ეს არის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, რომელსაც ბრაზილიაშიც ყველა თვალს ადევნებს. ჩემს დებიუტს მოუთმენლად ველი და იმედი მაქვს, რომ თავს კარგად წარმოვაჩენ".

ლუკას მოურამდე, "პარი სენ ჟერმენში" ბევრ ბრაზილიელ ვარსკვლავს უთამაშია. ახალგაზრდა ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ რაის, ლეონარდოს დრონალდინიოს გვერდით, კლუბის დიდების დარბაზში ისიც მოხვდება:

"როგორც უკვე ვთქვი, აქ ძალიან ბედნიერი ვარ. პსჟ დიდი კლუბია და აქ, წლების განმავლობაში, დიდებულ ბრაზილიელ ფეხბურთელებს უთამაშიათ. მეც მსურს, რომ მათ მსგავსად, კლუბის ისტორიაში ჩემი კვალი დავტოვო. მინდა, რომ ტიტულები მოვიგო და გულშემატკივარი გავახარო. როდესაც მოედანზე გავალ, თავს ბოლომდე გადავდებ და კლუბის წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ვიმედოვნებ, რომ სეზონის ბოლოს, ყველა ერთად ვიზეიმებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"პარი სენ ჟერმენმა" ლუკას მოურა წარადგინა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული