ლიგა 1. XXXI ტურის წინ: პარიზელთა ბრეტანული კომპლექსი

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" ნაომარი პსჟ ამ ტურში ხვდება "რენს", რომელსაც უკვე 6 მატჩია არ მოუგია და საკმაოდ ცუდ ფორმაშია.

ფრედერიკ ანტონეტის გუნდს რომენ ალესანდრინის ტრავმის შემდეგ გაუჭირდა - ახალგაზრდა ფეხბურთელი "ლილთან" მატჩში დაშავდა, რომელიც "რენმა" 0:2 წააგო. ამის შემდეგ გუნდმა კიდევ ხუთი მატჩი გამართა და მხოლოდ 2 ქულა აიღო (2 ფრე და 3 წაგება).

"პარი სენ ჟერმენს" რენში 2002 წლის იანვრის შემდეგ არ მოუგია. მაშინ, რონალდინიოს კარგი თამაშის წყალობით, პარიზელებმა 2:1 იმარჯვეს. იქიდან მოყოლებული, ბრეტანელების მოედანზე 10 თამაში გაიმართა და აქედან 7-ჯერ
"რენმა" იძალა, 3 მატჩი კი ფრედ დასრულდა. ამ პერიოდში, პსჟ-მ რენში მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა.

ბრეტანელებს იმედი აქვთ, რომ ამ სერიას გააგრძელებენ და ამ იმედს, პირველ რიგში, სტუმართა კალენდარი აძლევთ.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს კარლო ანჩელოტის გუნდი სათამაშოდ "ნოუ კამპზე" გავა, შესაბამისად "სტად დე ლა რუტ დე ლორიანზე" იტალიელი სპეციალისტი შერეულ შემადგენლობას გამოიყვანს და რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალებას მისცემს.

დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრეგორი ვან დერ ვილი, მამადუ სახო, ჟერემი მენეზი, კლემან შანტომი და კევინ გამეირო სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან.

"რენის" რიგებში საეჭვოა ალუ დიარას, კევინ ტეოფილ-კატერინის და ჟან ილ მაკუნის თამაში. ანტონეტის გუნდს ორ კვირაში ლიგის თასის ფინალი ელის ("სენტ ეტიენს" დაუპირისპირდება) და ბრეტანული კლუბიც ამ თამაშზე უფრო ფიქრობს, ვიდრე ლიგა 1-ის დარჩენილ ტურებზე.

პირველ წრეში, მიუხედვად იმისა, რომ უკვე 52-ე წუთისთვის "რენი" მოედანზე 9 კაცით იყო (არბიტრმა ბენუა კოსტილი და ჟან მაკუნი გააძევა), სტუმრებმა ერთბურთიანი უპირატესობა (2:1) შეინარჩუნეს და სახლში სამი ქულა წაიღეს.

პსჟ-ს "რენთან" თამაში არა მარტო სტუმრად, შინაც საკმაოდ უჭირს. ამას შემდეგ სტატისტიკა ადასტურებს: ამ გუნდების ბოლო 12 მატჩიდან პსჟ-მ მხოლოდ 1 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 8 წააგო. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, დღეს პარიზელები ფავორიტებად არ უნდა მივიჩნიოთ.

სენტ ეტიენს მოგება მოენატრა
ცოტა უცნაურია ასეთი რამის თქმა ისეთ გუნდზე, ვისაც 2013 წელს თამაში არ წაუგია, მაგრამ ფაქტია - "სენტ ეტიენმა" ბოლო სამი მატჩი ფრედ დაასრულა და ვერაფრით წამოეწია "ლიონს", ვინც ბოლო 4 მატჩი ვერ მოიგო.

ამ ტურში "მწვანეები" "ევიანს" მასპინძლობენ და 3-მატჩიანი მოუგებელი სერიის დასრულებას ეცდებიან.

კრისტოფ გალტიეს ბრანდაოს
იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომელმაც სადისციპლინო კომიტეტისგან 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. მაქს-ალენ გრადელის და ჟერემი კლემანის ტრავმები უკვე დიდი ხნის ამბავია, სამაგიეროდ მწყობრშია პიერ-ემერიკ ობამეიანი, ვინც საკუთარი გუნდის ქომაგებმა მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

გაბონელი ფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია - საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო 9 ტურში მის ანგარიშზე 9 გოლია, თანაც ობამეიანმა გატანა 8 შეხვედრაში შეძლო.

კარგ ფორმაშია "ევიანიც", რომელმაც ბოლოს 23 თებერვალს წააგო და ამის გამო გასავარდნი ზონა დატოვა. "ევიანს" 10 დღეში საფრანგეთის თასის 1/4 ფინალი ელის, სადაც შინ პსჟ-ს უნდა დაუპირისპირდეს და ნუ გაგვიკვირდება, თუ სტუმრები აქედანვე იმ შეხვედრაზე იფიქრებენ.

რუდი გარსიას ჩემპიონთა ლიგა სურს
საფრანგეთის თასის 1/4 ფინალშია გასული "ლორიანიც", რომელიც 16 აპრილს სტუმრად "სენტ ეტიენს" შეხვდება. ამ ტურში კი "ლორიანი" ლილს სტუმრობს და რუდი გარსიას შესანიშნავ ფორმაში მყოფ გუნდს ხვდება.

"ლილმა" ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო (ის ერთი მატჩიც "ევიანთან" წააგო), როს გამოც მე-5 ადგილზე გადავიდა და ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსი გაიჩინა.

"ძაღლები" არც თასზე თამაშობენ და არც ევროტურნირებზე, შესაბამისად მთლიანად ლიგა 1-ზე არიან კონცენტრირებულნი, თანაც მომდევნო ტურში "ლილი" ერთ-ერთ კონკურენტ "მარსელს" მასპინძლობს, ასე რომ მათი ბედი მათივე ხელშია.

ნიცას და ლიონს რთული გასვლები ელით
ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი კიდევ ერთი გუნდია "ნიცა", რომელმაც ბოლო 4 თამაშიდან 3 წააგო, ამ ტურში კი სტუმრად "ტულუზს" ეთამაშება.

ალენ კაზანოვას გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია და უკვე 6 ტურია არ წაუგია. შესაძლოა "ტულუზი" უმოტივაციოდ არის, მაგრამ "ნიცას" ძალიან რთული მატჩი ელის და სამი ქულის აღება ძალიან უნდა გაუჭირდეს.

რემი გარდის "ლიონი" კი "რეიმსს" ხვდება, რომელიც გასავარდნ ზონაში მყოფ "ბრესტს" მხოლოდ ორი ქულით უსწრებს.

"ლიონმა" ბოლო ორი თამაში წააგო და მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა. თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოვხდეს, რაც რემი გარდს ძვირად დაუჯდება - საეჭვოა, გუნდის ხელმძღვანელებმა ახალგაზრდა სპეციალისტს ზედიზედ მეორე სეზონის ჩაგდება აპატიონ.

შეგახსენებთ, რომ "ლიონი" შარშან მე-4 ადგილზე გავიდა.

სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი
ამ ტურში არის ერთი მატჩი, რომლის საბოლოო შედეგმაც შესაძლოა ერთი გუნდი ლიგა 2-ში დაქვეითებისკენ გაწიროს. ნანსიში ერთმანეთს ბოლო ორ ადგილზე მყოფი გუნდი ხვდება.

მართალია, "ტრუას" ზედიზედ სამი ტურია არ წაუგია, მაგრამ გუნდი მე-19 პოზიციიდან მე-20 ადგილზე დაეშვა, რადგან უფრო კარგ ფორმაშია "ნანსი", ვინც ბოლო 4 მატჩიდან 3 მოიგო (ის ერთი მატჩიც პსჟ-სთან წააგო, თანაც სტუმრად).

აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს თასის 1/4 ფინალშიც ხვდებიან, ოღონდ იმ შეხვედრის მასპინძელი "ტრუა" იქნება.

ლიგა 1-ში გამართული ბოლო 5 შეხვედრიდან "ნანსიმ" "ტრუას" 3 მოუგო, 2 კი ფრედ დასრულდა. აქედან ერთი ამ სეზონის პირველი წრის მატჩი იყო, რომელსაც "ნანსი" 3:1-ს იგებდა, მაგრამ ბოლო წუთებზე ორი გოლი გაუშვა და მხოლოდ ქულას დასჯერდა (3:3).

თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასეთ ლაღ და სანახაობრივ თამაშს არ უნდა ველოდოთ, რადგან სასწორზე პრაქტიკულად ყველაფერია შემოდებული.

ლიგა 1. XXXI ტური
მარსელი-ბორდო 1:0

6 აპრილი
რენი-პსჟ 19:00
ნანსი-ტრუა 22:00
სოშო-აიაჩო 22:00
მონპელიე-ვალანსიენი 22:00
ბასტია-ბრესტი 22:00
ტულუზი-ნიცა 22:00

7 აპრილი
სტ. ეტიენი-ევიანი 16:00
რეიმსი-ლიონი 19:00
ლილი-ლორიანი 23:00

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge
შენიშვნა: "აიაჩოს" - 2 ქულა

ბომბარდირები: 25 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 17 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 12 - ალიადიერი (ლორიანი), ცვიტანიჩი (ნიცა), გომისი (ლიონი); 10 - ალესანდრინი (რენი), ბენ ბასატი (ბრესტი/ტულუზი), ბრანდაო (სენტ ეტიენი), მოდესტი (ბასტია), პაიე (ლილი), ჟინიაკი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული